მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, იკერ კასილიასი, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გასული წლის საუკეთესო მეკარედ აღიარა. “სამეფო კლუბის” მორიგი ვარჯიშის შემდე,გ კასილიასმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, ამ აღიარებაზეც ისაუბრა.
- გუნდის ლაზარეთში უკვე იგუაინიც იმყოფება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრავმები თქვენი გუნდის მუდმივი პრობლემაა...
- ასე ჩანს. ფეხბურთელის კარიერაში ყველაზე ცუდი რამ ტრავმაა. ყველანი გაკვირვებულნი ვართ, რადგან არც კი ვიცოდით, თუ იგუაინს ამ ტიპის ტრავმა ჰქონდა. მაგრამ სეზონი გრძელია და ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, რადგან ფეხბურთელებს საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ. ლაზარეთში ჯერ პეპე აღმოჩნდა, შემდეგ ვან დერ ვაარტი, ახლა კი იგუაინიც. ჩვენთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს გადამწყვეტი მატჩების წინ ვკარგავთ.
- როგორი გრძნობაა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გასახელებენ?
- ამ აღიარების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გასული სეზონი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ პერსონალურ დონეზე კარგი სეზონი ჩავატარე. საუკეთესოს წოდების შესანარჩუნებლად მუშაობას კვლავ განვაგრძობ. პირველობის მოპოვება ადვილი არაა, მაგრამ მის შენარჩუნებაზე ადვილი არის. ეს აღიარება დიდი პასუხისმგებლობაა და მზად ვარ მის მისაღებად. ბედნიერი ადამიანი ვარ.
- IFFHS-მ 2009 წლის საუკეთესო გამთამაშებლად ხავი ერნანდესი დაასახელა...
- მან ეს დაიმსახურა. ხავის ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი, იგი ჩემი მეგობარია. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ეს დასაფასებელია. ვთვლი, რომ პერსონალური აღიარებისთვის სათანადო დრო იყო. ხავი შესანიშნავი ფეხბურთელი და კიდევ უფრო უკეთესი ადამიანია. მოხარული ვარ მისი წარმატების გამო.
- მიუხედავად პეპეს არყოფნისა, “რეალის” დაცვა მაინც მაღალ დონეზე თამაშობს.
- რამოდენიმე თვის წინ ჩვენი მისამართით დიდი რაოდენობით კრიტიკა ისმოდა. საქმეები თავიდანვე კარგად არ მიდიოდა, რადგან არც ისე ადვილია ახალი გუნდის შექმნა. მაგრამ დაშვებული შეცდომებიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ და თამაშს მოვუმატეთ. გუნდი კვლავაც უშვებს შეცდომებს და მათი გამოსწორება გვმართებს. უფრო და უფრო მეტის მისაღწევად თავდაუზოგავად ვმუშაობთ. რაც უფრო კარად ითამაშებს ჩვენი დაცვა, გოლის გატანის მეტი შანსი მოგვეცემა და ასე მნიშვნელოვან ქულებს ავიღებთ.
- თვლით, რომ გუნდი საკმარისად ძლიერია ორ ფრონტზე საბრძოლველად?
- ჩვენ უფრო და უფრო უკეთ ვთამაშობთ და ესპანეთის ჩემპიონატში კონკურენციას ვუწევთ “ბარსელონას”, მაგრამ არც ჩვენს უკან მყოფი გუნდები გვავიწყდება. საბრძოლველად მზად ვართ. გასულ სეზონში გამარჯვებული “ბარსელონა” გამოვიდა და ამ გუნდს კვლავაც ძალუძს პირველობისთვის ბრძოლა.
- ”სან მამესზე” არამეგობრულ დახვედრას ხომ არ ელით?
- ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ არა მისი არამეგობრულობის გამო. გულშემატკივრები უბრალოდ მხარს უჭერენ თავიანთ საყვარელ კლუბს. ეს ნორმალურია, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი თამაშების დროს. ამ სტადიონზე თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს. გულშემატკივრები ემოციურები იქნებიან, მაგრამ მთავარი მოედანზე მყოფი 22 ფეხბურთელია.
- იმედი გაქვთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს გათამაშებას სათავეში ჩაუდგებით?
- ჩვენც და “ბარსელონასაც” რთული მატჩები გველის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ შედარებით არახელსაყრელ სიტუაციაში ვიმყოფებით, რადგან გასვლაზე გვიწევს თამაში. მაგრამ “სევილიას” შეუძლია ხალხის გაოცება, რაც მან ესპანეთის თასზე უკვე გააკეთა. ჩვენ კი გვმართებს საკუთარი თამაშის მოგებაზე ფიქრი და შემდეგ ვნახოთ, თუ რას იზამს ლიდერი.
- ბენზემამ ისაუბრა გუნდში მის ყოფაზე. რა კომენტარს გაუკეთებთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას?
- ქარიმი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. მისი საქციელი ნორმალურია. იგი ხედავს, რომ ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და ამავდროულად გუნდისთვის დახმარების გაწევა სურს. ასეთი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. ჩვენს რიგებში არაერთი ფეხბურთელი ირიცხება.
- ”რეალის” შემადგენლობა უფრო სოლიდურია, ვიდრე წინა წლებში...
- რამოდენიმე კვირით იგუაინი გამოგვაკლდა, მაგრამ გვყავს ბენზემა, რაული... ჩვენი შემადგენლობა დანაკლისის ანაზღაურების საშუალებას გვაძლევს.
- ესპანეთის ჩემპიონატის მოგება უფრო ადვილია, თუ ჩემპიონთა ლიგის?
- შიდა ჩემპიონატი შენგან სტაბილურობას ითხოვს. ლა ლიგაში უფრო მეტი მატჩის ჩატარება გვიწევს და დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსიც არსებობს. მაგრამ ასე არაა ჩემპიონთა ლიგაზე.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა