გუშინ “ციურიხთან” გამართულ მატჩში მონაწილეობის მიღებით იკერ კასილიასი გახდა მე-15 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა თასზე 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია. მადრიდული კლუბის ისტორიაში კი უკვე ლეგენდარული მეკარე მესამე ადგილზეა, ჩამორჩება რა რაულს (129 თამაში) და რობერტო კარლოსს (128). თავისი პოზიციის წარმომადგენლებიდან კასილიასს მხოლოდ ოლივერ კანი უსწრებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 107 მატჩი აქვს ჩატარებული. “ციურიხთან” თამაშამდე მადრიდული Aშ-სთვის მიცემულ ინტერვიუში “რეალის” და ესპანეთის ნაკრების პირველი კიპერი საუბრობს როგორც თავის განვლილ კარიერაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე.
- 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე...
- საკმაოდ ბევრია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში მიწევს თამაში. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირია.
- არის იგი თქვენი საყვარელი ტურნირი?
- დიახ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გადამწყვეტ შეხვედრებს. ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება ყოველთვის უფრო საინტერესოა.
- ბოლო წლების განმავლობაში ასეთ შეხვედრებში არცთუ ხშირად ღებულობდით მონაწილეობას.
- დიახ, ეს ასეა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ უსიამოვნო ტრადიციას წერტილს მიმდინარე სეზონში დავუსვამთ და 22 მაისს ლიგის ფინალში “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე ვითამაშებთ. უკვე ხუთი წელია, რაც “რეალი” ლიგაზე საუკეთესოთა შორის მოხვედრას ვერ ახერხებს. კლუბში დაბრუნებულმა ფლორენტინომ შექმნა ძლიერი კოლექტივი, რომლითაც შეგვიძლია უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაზე ვიფიქროთ.
- რა ემოციებთან ასოცირდება თქვენთვის ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი?
- ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. განსაკუთრებით ეს ითქმის ევ-როპულ გრანდებთან გამართულ შეხვედრებზე. “მილანთან” მატჩის წინ ტან¬ზე მბურძგლავდა. ეს შესანიშნავი დაპირისპირება იყო.
- 100 თამაში, ორი ფინალი, ორი თასი...
- არცთუ ცუდი შედეგია. ამას გარდა, არაერთხელ მითამაშია ნახევარფინალებში და მეოთხედფინალებში, რომლებშიც “რეალი” საბოლოოდ და¬მარცხდა. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს მიერ ნათამაშებ ორივე ფინალში გუნდმა გაიმარჯვა. იმედი მაქვს, მესამე ფინალსაც ვითამაშებ და მოვიგებ.
- პარიზში გამართული ფინალის დროს მხოლოდ 18 წლის იყავით...
- მატჩის შემდეგ, სასტუმროში ვფიქრობდი, თუ რამხელა წარმატებას მივაღწიე ერთი წლის განმავლობაში. ცოტა ხნის წინათ, ტერსერას გუნდების წინააღმდეგ მიწევდა თამაში, სეზონის ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე.
- თქვენი პირველი ფინალი, "ვალენსიას” წინააღმდეგ, იოლი გამოდგა გუნდისთვის?
- ძალიან გაგვიმართლა, რომ ტურნირზე ფავორიტებად არ ვითვლებოდით. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ გათამაშებიდან “მანჩესტერს” და “ბაიერნს” გამოვაგდებდით. ყველა ფიქრობდა, რომ ფინალამდე შემთხვევითობის წყალობით მივედით. გადამწყვეტ მატჩში კი მეტოქე ჩვენზე მეტად ნერვიულობდა.
- გლაზგოში გამართული ფინალი კი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეთ, მაგრამ ამან ხელი ვერ შეგიშალათ ქცეულიყავით მატჩის გმირად...
- იმ დღეს იღბალი ჩემს მხარეს იყო. ხუთი წუთის განმავლობაში რამდენიმე ძალზე რთული დარტყმის მო¬გერიება ან სწორედ იღბლის, ანაც სწო¬რი პოზიციის შერჩევის წყალობით მოვახერხე.
- ჩვენ ასევე გვახსოვს “ოლდ ტრაფორდზე” თქვენი ბრწყინვალე თამაში...
- როგორც ამბობდნენ, 2000 წელს კარგად ვთამაშობდი. ის მატჩი “რეალმა” 3:2 მოიგო. ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა, მაგრამ მე 2 და 4 ბურთის გაშვება არ მიყვარს. არ დამავიწყდება ორი ნახევარფინალი. ერთხელ “ბერნაბეუზე” “ბაიერნთან” წავაგეთ ელბერის მიერ გატანილი გოლით, ერთხელ კი ფინალს მიღმა “იუვენტუსმა” დაგვტოვა. მაშინ ფიგუმ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.
- ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი “ოლიმპიაკოსთან” გამართულ მატჩში გქონდათ.
- ამ შეხვედრიდან ცოტა რამ მახსოვს. ჩემი ნამდვილი დებიუტი “სან მამესზე” შედგა. აი ის იყო ნამდვილი თამაში.
- რომელი თავდამსხმელი იყო თქვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე?
- უდავოდ ელბერი და ვან ნისტელროი. ამჟამად ასეთი აღარავინაა მანამ, სანამ 1/8-ფინალში არ გავალთ.
- რომელ სტადიონთან გაკავშირებთ ყველაზე ცუდი მოგონებები?
- `დელე ალპისთან”. იმ მარცხს ვერასდროს დავივიწყებ. ყველაზე მეტად მომწონს “სან სიროზე” თამაში, რადგან იგი ძალიან ჰგავს “ბერნაბეუს”. მეორე ადგილზე დავაყენებ “ალიანც არენას”. ასევე მომეწონა “ჩელსის” სტადიონზე და “არსენალის” ახალ არენაზე თამაში.
- რა აზრის ხართ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე?
- ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. აღმოსავლეთ ევროპის კლუბები კარგად მომზადებულნი აღმოჩნდნენ. თამაშებზე გავლენა კლიმატმაც იქონია. შესაძლოა, ერთმა შეცდომამ ნებისმიერი გუნდი გათამაშების მიღმა დატოვოს.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებას?
- მწვრთნელს ვეთანხმები იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე გასვლა. ფლეიოფში მეორე მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ფინალამდე გვსურს მისვლა, ნებისმიერი ბარიერის დაძლევა უნდა შეგვეძლოს.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა