ინტერვიუები

15:17 | 23.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: “ჩვენი მიზანია ფრანგები დავამარცხოთ, მერე კი ვნახოთ...”

ის მხოლოდ 31 წლისაა, მაგრამ ესპანელებისთვის უკვე კერპია. საუბარია იკერ კასილიასზე, ესპანეთის ნაკრების კაპიტანზე, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი (134) მატჩი ჩაუტარებია. ევრო 2008-ისა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული, დღესაც საკვანძო ფიგურად რჩება “ფურია როხაში”, რაც მან ხორვატებთან ბოლო მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა ივან რაკიტიჩს ფანტასტიკური ბურთი აუღო. ფრანგებთან მეოთხედფინალური მატჩის წინ, “რეალის” მეკარე უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტს ესაუბრა.
- ის ფაქტი, რომ ესპანელებს ფრანგებისთვის ოფიციალურ მატჩებში არასოდეს მოუგიათ, ბევრის აზრით, არაფერს ნიშნავს. მართლა ასეა?
- არ არის საჭირო სტატისტიკაში ჩაღრმავება. ასეთი რაღაცები წუთში შეიძლება შეიცვალოს. მართალია, ესპანელებს ფრანგები ოფიციალურ შეხვედრაში არასოდეს დაუმარცხებიათ, მაგრამ შაბათს ამაზე არ ვიფიქრებთ. ჩვენი საზრუნავი იქნება, როგორ გავიდეთ ნახევარფინალში.
- ხორვატებთან დაპირისპირება ერთობ რთული გამოდგა თქვენთვის. რას ფიქრობთ ესპანელთა პერსპექტივებზე?
- მეოთხედფინალში გასვლით საკუთარი თავისა კიდევ ერთხელ ვირწმუნეთ. უახლოეს მატჩებში ჩვენი პრინციპი იქნება “ყველაფერი ან არაფერი.” კარგად ვითამაშეთ იტალიასთან თუ ცუდად ხორვატიასთან, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ადამიანებს ემახსოვრებათ, რომელ რაუნდამდე მივედით. ახლა ჩვენი მიზანია საფრანგეთი დავამარცხოთ, მერე კი ვნახოთ.
- ესპანური პრესისგან მხარდაჭერას ისევ გრძნობთ?
- თამასა ჩვენ თვითონ ავწიეთ ძალიან მაღლა. ვროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, ამიტომ ხალხი ისევ იმავეს ითხოვს. მაგრამ ეს ძალიან ძნელია. სხვა ეროვნული გუნდებიც ცვლიან შემადგენლობებს, ახლდებიან. საბედნიეროდ, მგონია, რომ კიდევ კარგა ხანს შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს.
- რა არის თქვენთვის ეროვნული ნაკრები?
- პასუხისმგებლობა, სიამაყე, სიამოვნება, ბედნიერება, თავდაჯერება, პატივისცემა წინამორბედთა მიმართ, სურვილი ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო. მოკლედ, ეპითეტებს ვერ ამოწურავ.


მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა

0.124899