ფეხბურთი

13:35 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი: “რეალისთვის” შეუძლებელი არაფერია”

 მადრიდის “რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა ახალი ხელთათმანების და ბუცების პრეზენტაცია მოაწყო, რომლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

 - როგორი განწყობა დაგეუფლათ დორტმუნდში პირველი ნახევარფინალის 1:4 წაგების შემდეგ?

- ცხადია, გაწბილებული დავრჩი. გუნდმა ცუდად ითამაშა, მე კი გულნატკენი და დათრგუნული გახლდით. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გახვალ და ამ ეტაპის პირველ შეხვედრას გამანადგურებელი ანგარიშით წააგებ, რბილად რომ ვთქვათ, სასიხარულო არაფერია. თუმცა, დროთა განმავლობაში სასოწარკვეთა იმ იმედმა შემიცვალა, რომ “რეალი” განმეორებით მატჩს გაცილებით უკეთ ჩაატარებს და სრულფასოვანი რევანშის აღებასაც მოახერხებს. როგორც არასდროს, გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია და “რეალი” უფრო რთული სიტუაციებიდანაც დამძვრალა. სტაჟიანი ქომაგები ჩემ სიტყვებს დაადასტურებენ. ვიმედოვნებ, ჩვენი მხარდამჭერების “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებს შეავსებენ და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად დაგვიჭერენ მხარს.

- მოდით პირველ მატჩს დავუბრუნდეთ. დორტმუნდში დაფიქსირებულმა შედეგმა გაგაკვირვათ?

- საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში ვიყავით, მაგრამ “ბორუსიამ”  ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. იურგენ კლოპის გუნდმა მებრძოლის და გამარჯვებულის ხასიათი გამოავლინა. მეტოქეს დიდი უპირატესობა ჰქონდა და დამსახურებულადაც მოიგო. ანგარიში ჩვენთვის გამანადგურებელია, მაგრამ მწამს, სამშაბათს ბოლომდე დავიხარჯებით და საუკეთესო თვისებებს სრულად გამოვავლენთ.

- როგორც გუნდის კაპიტანი, რას ეტყოდით “რეალის” გულშემატკივრებს?

- ძალიან კარგად მესმის ჩვენი ქომაგების, რომლებიც დორტმუნდში მარცხის შემდეგ საძინებელ ოთახში მეტად ცუდ გუნება-განწყობაზე “გავუშვით”. მათ ვპირდები, რომ შანსის ამოწურვამდე ბოლომდე ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი თანაგუნდელები სამშაბათს ბოლომდე დაიხარჯებიან.

- თავად ბიჭებს ფინალში გასვლისა სჯერათ?

- შანსი ნამდვილად გვაქვს. მოტივაცია მეტად დიდია და გულშემატკივრებთან ერთად სასწაულის მოხდენას შევეცდებით.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?

- ვფიქრობ, კარგ მზადყოფნაში ვარ. წარმოუდგენლად ბევრს ვვარჯიშობ და ეს უკვალოდ არასდროს ჩაივლის. თუმცა, ახლა უმთავრესია, გუნდი იყოს სათანადოდ მზად. რაც შეეხება დიეგო ლოპესს, მას ყველა პატივს სცემს და საიმედო მეკარედ აღიარებს. მის დასახასითებლად მეც მხოლოდ საქებარ და თბილ სიტყვებს გეტყოდით.

- თუკი ჟოზე მოურინიო გუნდში დარჩა, თქვენ წახვალთ?

- სადღეისოდ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ამჟამად თავში სულ სხვა რამ მიტრიალებს. უმთავრესი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნეხევარფინალია, დანარჩენი საკითხები ჯერჯერობით არ მაღელვებს.

- ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საჯაროდ მხარი დაგიჭირათ. “ფურია როხას” დამრიგებელმა ლეგენდა გიწოდათ.

- არაფერს დავიშურებ საიმისოდ, რათა სენიორ ვისენტეს იმედი გავამართლო.

- გუნდის ქომაგები ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილასის მომხრეებად დაიყვნენ.

- მადრიდის “რეალი” კასილასზე გაცილებით მაღლა დგას. მთავარი ისაა, რაც ხდება, გუნდისთვის სასიკეთო გამოდგეს. პირადად ჩემთვის პირველ პლანზე გუნდის წარმატებაა.

- მინდორზე დაბრუნების იმედი გაქვთ?

- სწორედ ამისთვის ვღვრი დიდძალ ოფლს წვრთნის დროს. საკუთარი კონდიციით კმაყოფილი ვარ. ტრავმირებული ხელი კარგა ხანია აღარ მაწუხებს და შანსს ველი. ძალიან მომენატრა თამაში.

- როგორ გგონიათ, მოურინიო შანსს მოგცემთ?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ წუთს კარში ჩასადგომად მზად ვარ. ისე ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოა, მათ შორის დიეგო ლოპესისთვისაც.

- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ფინალში მორიგი “ელ კლასიკო” გველოდა. ეს ხელიშემშლელი ფაქტორი ხომ არ გამოდგა?

- მწამს, სამშაბათს მოვიგებთ და ფინალში გავალთ. ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ნაკლებად მაღელვებს.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ მოურინიო ინტერვიუებში ცივად მოგიხსენიებთ?

- ვიტყოდი, რომ პორტუგალიელი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პროფესიულ ასპექტში ჩვენ ცუდი დამოკიდებულება არ გვაქვს, პირადი ურთიერთობა კი არ გაგვაჩნია.

- და ბოლოს, როგორ მატჩს ელით სამშაბათს?

- დორტმუნდელები მეტად კონცენტრირებულ და სწრაფ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ ინდივიდუალურად ჩვენ ვჯობნით. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, პირველი ტაიმი 2:0 მოგვეგო. 

0.106924