იკერ კასილასი ერთადერთი მეკარეა, რომელიც IFFHS-ის ვერსიით ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა პლანეტის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელთაგან მხოლოდ მას აქვს მოგებული 100 სანაკრებო მატჩი. მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა ტელეარხ Antena 3-ის გადაცემაში მიიღო მინაწილეობა, “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის პერსპექტივა გამორიცხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, მადრიდში თავს ბრწყინვალედ რომ გრძნობს.
- ბოლო დროს ახალი იმპულსით განახლდა ხმა თქვენი “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის თაობაზე. რამდენად საფუძვლიანია ჟურნალისტთა ვარაუდი?
- ოდესღაც მადრიდის “რეალიდან” მეც წავალ, ოღონდ ეს უახლოესი სეზონების პერსპექტივა ნამდვილად არაა. 38 წლის როცა გავხდები, ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნება გამიჭირდება და მეც წასვლაზე დავფიქრდები. ჯერჯერობით საკუთარი საფეხბურთო ბედით კმაყოფილი ვარ, “ბლანკოსის” წევრობა და მისი რიგების დაცვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რა იქნება 5-6 წლის შემდეგ, სადღეისოდ გადაწყვეტილი არ მაქვს.
- “არსენალისა” და “მანჩესტერ სიტის” მხრიდან თქვენი პერსონით დაინტერესებას უარყოფთ?
- ბევრი არსებული სიტუაციით სპეკულირებას ახდენს და სხვადასხვა ჭორის გავრცელებითაა დაკავებული. ლამის ყოველდღიურად რაღაც ახალ ამბავს ვიგებ ჩემ ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ დაბეჯითებით მსურს განვაცხადო – მადრიდის “რეალის” წევრი გახლავართ და მეტსაც გეტყვით, “ბლანკოსი” მთელი ჩემი ცხოვრების კლუბია. ამჟამად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავეხმარო გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგებაში, პრიმერაზე დივიზიონის საჩემპიონო წოდებისა და “სამეფო თასის” კიდევ ერთხელ დაუფლებაში.
- თქვენი წარმატებული და ხანგრძლივი სამეკარეო კარიერა უპირველესად რისი დამსახურებაა?
- საკუთარი თავისადმი მეტად მომთხოვნი ვარ. ყოველწლიურად ახალ-ახალი სიმაღლეების დალაშქვრას ვგეგმავ და ვცდილობ, მუდმივად ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. სხვაგვარად მადრიდის “რეალში” არათუ დიდი ხნით ვერ მოიკიდებ ფეხს, ვერცკი მოხვდები.
- მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრაზე რას გვეტყვით?
- მუნდიალი ყოველთვის ურთულესი ტურნირია და არც ბრაზილიაში ჩასატარებელი პირველობა იქნება გამონაკლისი. ახლა ბევრს საუბრობენ, თითქოს კენჭისყრისას სამართლიანობის პრინციპი დარღვეული იყო. ვფიქრობ, უსაფუძვლო საუბარია – ამბიციურ ნაკრებს პირისპირ შეყრა არცერთ გუნდთან არ უნდა აშინებდეს.
- როგორ გგონიათ, ბრაზილიის სტადიონებზე “ფურია როხას” ძირითადი მეკარე იქნებით?
- სადღეისოდ ამაზე საუბარი ნაადრევია, მუნდიალის სტარტამდე ხომ საკმარისზე მეტი დროა დარჩენილი. მთავარია, კლუბში მონდომებით ვივარჯიშო. ჩემი სანაკრებო კარიერა “რეალში” გამოსვლაზეა დამოკიდებული.
- ... მაგრამ “რეალში” მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იცავთ გუნდის კარს. ეს ნაკრებში შემაფერხებელ მომენტად ხომ არ გექცევად?
- კონკურენციისთვის ყოველთვის მზად ვარ. მომწონს გამოწვევა და მუდმივად იმის დამტკიცება, ჩემთვის კარის დაცვის მინდობა სწორი გადაწყვეტილება რომ გამოდგება. მეტად მონდომებული ვვარჯიშობ და ყოველ მატჩზე ისეთი განწყობით გავდივარ მინდორზე, თითქოს უკანასკნელ შეხვედრას ვატარებდე.