ინტერვიუები

16:07 | 30.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი: “მოურინიოს უსამართლოდ აკრიტიკებენ”

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა იკერ კასილასმა, ახალი ხელთათმანების პრეზენტაციაზე დრო ჟურნალისტებისთვისაც გამონახა და “ატლეტიკოსთან” გასამართ მომავალ დერბიზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ მადრიდული დერბი უნდა გახდეს გარდამტეხი და “რეალმა” როგორც “ატლეტიკოსთან”, ასევე “ბარსელონასთან” სატურნირო ცხრილში ჩამორჩენის შემცირება უნდა დაიწყოს. მან გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ გახშირებულ კრიტიკაზეც ისაუბრა და ის უსამართლოდ მიიჩნია, ხოლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობის დიდი წილი საკუთარ თავს და თანაგუნდელებს დააკისრა.
- როგორი განწყობით ხვდებით მადრიდულ დერბის?
- ეს დერბი დიდად განსხვავებული იქნება წინა წლებისაგან, რადგან ახლა “ატლეტიკო” ძალიან ძლიერია. და მაინც, ჩვენი მიზანია, რომ მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში მათთან ჩამორჩენა 5 ქულა იყოს.
- “ატლეტიკო” ამ თამაშს საუკეთესო ფორმაში ხვდება...
- ისინი მართლაც საუცხოოდ თამაშობენ. სიმეონეს მიწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო, მან გუნდში ახალი იდეები მიიტანა. ბრწყინვალე თამაში გველის ძლიერ მოწინააღმდეგესთან. იმედია, გამარჯვებას მოვახერხებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისათვის.
- იმის გათვალიწინებით, რომ “ბარსელონას” 11 ქულით ჩამორჩებით ეს დერბი არაფერს ნიშნავს თუ პირიქით, ორმაგი მნიშვნელობისაა?
- ჩვენ არა მხოლოდ “ბარსელონაზე”, არამედ “ატლეტიკოზეც” ვფიქრობთ. ჩვენ მათთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი. ასეთ თამაშებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო წლებია დერბიში მარცხი არ გვიგემია, მაგრამ ახლა ფრეც არ გვაძლევს ხელს. ყველა შედეგი, გარდა გამარჯვებისა, უარყოფითად ჩაითვლება.
- გუნდისათვის არცთუ იოლ პერიოდში თქვენი, როგორც კაპიტნის ამოცანა რაა?
- სიმშვიდე და საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ. ახლა ჩვენი მიზანი პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მაგრამ უკვე შევასრულეთ გუნდის წინაშე მდგარი ამოცანა და შემდეგ ეტაპზე გავედით არცთუ იოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან. ახლა მხოლოდ ლა ლიგაზე და ლიდერთან ჩამორჩენაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება შაბათის თამაშს, მინდა მწვრთნელს თანადგომა გამოვუცხადო. იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დამნაშავეები ფეხბურთელები ვართ და მათ შორის მეც - გოლების გაშვების ეპიზოდებში შემეძლო უკეთ მეთამაშა.
- “ალკოიანოსთან” სათასო მატჩისას ტრიბუნიდან სტვენა ისმოდა, ეს მოურინიოს მისამართით კეთდებოდა?
- ამ საკითხს ფილოსოფიურად უნდა მივუდგეთ. სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან, სტვენის ნაცვლად ჩემპიონის მისამართით ქების სიტყვები ისმოდა. ფეხბურთში მახსოვრობა ძალიან ხანმოკლეა. რამდენიმე თვის უკან რეკორდები დავამყარეთ დაგროვილი ქულებით და გატანილი გოლებით. აუციელებლია, ეს გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ ისიც, რომ გათვლა ხანგრძლივ პერიოდზე კეთდება. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც ზრდას განაგრძობს. ჩვენ უკვე მოვიგეთ პრიმერადივიზიონი, თასი და სუპერთასი, მაგრამ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და უფრო შორს წასვლას ვგეგმავთ.
- გასახდელში როგორი ატმოსფეროა?
- საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გვიდგას. კარგად გვესმის, რომ გულშემატკივრები გულდაწყვეტილები არიან. ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია და ეს მომავალი დერბიდან უნდა დავიწყოთ.
- და მაინც, თქვენი აზრით, რატომ უსტვენენ მოურინიოს?
- ალბათ, მაყურებელი ელოდა, რომ “რეალი” უფრო მაღლა იქნებოდა და უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა. სირთულეები შეგვექმნა და არ მსურს ვისაუბრო მსაჯებზე, ტრავმებზე და იღბალზე... ჩვენ მაინც უფრო მაღლა უნდა ვყოფილიყავით “ბარსელონასთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად. მაყურებელი მომთხოვნია ფეხბურთელების მიმართ და ეს კარგია. ჩვენ ყველას ერთად გვსურს, რომ “რეალს” ის ადგილი ეკავოს, რომელსაც იმსახურებს.
- შესაძლოა დერბი გარდამტეხი აღმოჩნდეს?
- დიახ. ეს ემოციური და ნანატრი თამაში იქნება. გუნდები მომავალ თამაშს საუკეთესო ფორმაში ხვდებიან და ჩვენთვის მას სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვალდებული ვართ მოვიგოთ და მერე მომენტს დაველოდოთ. ყველა ის შეცდომა უნდა გამოვსოწოროთ, რომლებიც განვლილ ოთხ თვეში დავუშვით და სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მოვიგოთ.
- მოურინიოს უსამართლოდ აკრიტიკებენ?
- დიახ, ბევრი არასამართლიანია მწვრთნელის მიმართ. მიზეზებზე უკვე ვისაუბრე. ის მოვიდა განახლებულ, ახალგაზრდულ გუნდში და “რეალის” წარმატებებში ლომის წილი სწორედ მოურინიოს მიუძღვის. უბრალოდ, მას, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტს, სხვებზე მეტს სთხოვენ.
- იქნებ მწვრთნელს კლუბიდან თანადგომა არ ყოფნის?
- არ ვიცნობ კლუბის სხვა სფეროებს და მხოლოდ ჩვენს გუნდზე შემიძლია საუბარი, რომლის მიზანიც საერთო ინტერესების დაცვაა. ჩვენი მიზანია, რომ უფრო ძლიერად ვითამაშოთ და სეზონის ბოლოს გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი მივცეთ.
- გამოდის, რომ გუნდი მოურინიოს მხარში უდგას?
- რა თქმა უნდა! ეს ის მწვრთნელია, რომელმაც ბევრი რამ შეგვმატა. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდული გუნდი, მეტოქე კი - უძლიერესი “ბარსელონა”. ორ წელიწადში პოზიციები გათანაბრდა.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.116123