მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა ინტერვიუ მისცა La Sexta-ს და ჟურნალისტთან დიალოგისას დაადასტურა, რომ კასტილიელთა პორტუგალიელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი არ აქვს. კასილასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის უმთავრესი კლუბის ინტერესია და ვარჯიშებზე კიდევ უფრო მეტი ინტენსივობითა და მონდომებით იშრომებს.
- როგორ შეაფასებთ თქვენ ირგვლივ ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს?
- ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში ჩავარდნილი აღმოვჩნდი, მაგრამ გუნდის ინტერესი ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მსურს. კონკრეტულ მატჩზე რომელი ფეხბურთელი გავა სათამაშოდ ეს მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. გასულ კვირას მომხდარი ჩემ კარიერასა და მითუმეტეს ცხოვრებაში არაფერს შეცვლის. მზად ვარ ანტონიო ადანთან ჯანსაღი კონკურენციის და დაე “რეალის” კარში ჩვენ შორის საუკეთესო მეკარე ჩადგეს. ის, რომ “მალაგასთან” მატჩის დროს შემადგენლობაში არ დამაყენეს, ჩემთვის ტრაგედია სულაც არაა. უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ ანდალუსიელებისთვის მოგვეგო და “ბარსელონასა” და “ატლეტიკოსთან” ქულათა სხვაობა შეგვემცირებინა. სამწუხაროა, ასე რომ არ მოხდა და ქულათა დეფიცითი კიდევ უფრო გაიზარდა.
- ჟოზე მოურინიოსთან საუბარი თუ გქონდათ?
- არა. მალაგელებთან დაპირისპირების შემდეგ პორტუგალიელ დამრიგებელს არაფერი უთქვამს. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მოურინიო ძირითადში სულ მე მაყენებდა და მაშინაც არაფერს ამბობდა. მთავარ მწვრთნელთან საქმიანი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს. საშობაო ზეიმამდე ერთმანეთს ბედნიერი სადღესასწაულო დღეები ვუსურვეთ. თანაგუნდელთა მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობ. ზუსტად ასევეა საქმე ადანის შემთხვევაშიც. სადღეისოდ “რეალს” არ ულხინს, ამიტომაც ერთიანობის შენარჩუნება მინიკრიზისიდან თავის დაღწევისათვის აუცილეელი პირობაა.
- პრიმერა დივიზიონში “ბლანკოსისთვის” შექმნილ ვითარებას რა შეფასებას მისცემთ?
- ლა ლიგაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკან. “მალაგასთან” 3 ქულის დაკარგვამ დამადარდიანა და არა იმან, 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე რომ გავატარე.
- 2013 წელს როგორი განწყობით ხვდებით?
- წვრთნისას დიდი შრომა მომიწევს. მთავარ მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისე კი, მოურინიოს საქმით უნდა დავანახო და არა სიტყვით, “რეალის” ძირითადი მეკარეობა რომ მეკუთვნის. ადანის კი გვერდით დავუდგები და მისი ყოველი წარმატება ძალიან გამახარებს.
გოჩა კაჭარავა