ინტერვიუები

9:57 | 20.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი: "მეცინება, როცა ამბობენ, "ბარსა" ჩემპიონიაო"

ესპანური პრიმერა დივიზიონის ფინიშამდე 5 ტურია დარჩენილი და გასული უქმეების შემდეგ, პირველობისთვის ბრძოლამ დაძაბული ხასიათი მიიღო. “ელ კლასიკომ” თითქოს ყველაფერი გაარკვია, მაგრამ ბარსელონურ დერბიში 2 ქულის დაკარგვამ და “რეალის” მიერ “ვალენსიას” დამარცხებამ, პეპ გვარდიოლას გუნდის სალიდერო პოზიცია შეარყია, კასტილიელ გულშემატკივრებს კი, ბოლო ტურის შემდეგ, თავიანთი საყვარელი გუნდის პირველ საფეხურზე დამკვიდრების იმედი გაუმძაფრა. AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, “რეალის” მეკარე იკერ კასილასი ზემოთქმულს ადასტურებს და ჩემპიონატის დამაინტრიგებელ დამაგვირგვინებელ აკორდსაც გვპირდება.
- გულახდილად გვიპასუხეთ, ჩემპიონობის იმედი გაქვთ, თუ წლევანდელი ლა ლიგის გამარჯვებულის საკითხი გადაწყვეტილი გგონიათ?
- პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, ჩვენსა და “ბარსელონას” შორის კი, ქულათა სხვაობა გასულ უიკ-ენდზე მინიმუმამდე დავიყვანეთ. ამ დროს, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა თავში აზრად, გვარდიოლას გუნდი ჩემპიონად გამოაცხადოს! მეცინება, როდესაც ამბობენ, კატალონიელებს პირველობა თითქმის მოპოვებული აქვთო. ამაზე, ხელაღებით, “ელ კლასიკოს” შემდეგ ამბობდნენ, მას შემდეგ კი, სატურნირო ვითარება ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვალა. კონკურენტმა ბარსელონურ დერბიში 2 ქულა დაკარგა, ჩვენ კი “ვალენსიას” დამაჯერებლად ვძლიეთ. პირველობის მოპოვების რეალური შანსი გვაქვს. გადახედეთ დარჩენილ საასპარეზო გრაფიკს – “ბარსელონას”, ჩვენთან შედარებით, უფრო რთული კალენდარი აქვს. მის ყოველ მეტოქეს ქულები ძალიან სჭირდება. “რეალს” რაც შეეხება, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მოთამაშეები წვრთნებისას თავს არ ვზოგავთ. ამიტომაც, მთავარი ბრძოლაა წინაა.
- ბევრი დარწმუნებული იყო, რომ “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ, “რეალი” საბოლოოდ დაყრიდა ფარ-ხმალს. ამგვარი რამ შარშან უკვე მოხდა, როცა “ბარსელონასთან” 2:6 წააგეთ...
- მაშინ განსხვავებული სიტუაცია გახლდათ. კატალონიელებთან მარცხის შემდეგ, 4 ტურიღა იყო დარჩენილი და “ბარსას” 7 ქულით ჩამოვრჩით. მხოლოდ სასწაული თუ გვიხსნიდა, რომლის ჩვენც კი არ გვჯეროდა და შეიძლება ითქვას, კაპიტულაცია გამოვაცხადეთ. არადა, “ელ კლასიკომდე”, მიჯრით 11 შეხვედრა გვქონდა მოგებული და კამპ ნოუელები რომ დაგვემარცხებინა... წაგებამ ფსიქოლო¬გიურად გაგვტეხა. მიმდინარე სეზონში კი, საჩემპიონო ბრძოლა არათუ არ დასრულებულა, თავიდან დაწყებულადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. “რეალი” ყოველმხრივ შეეცდება 15 ქულის აღებას, იმედია, “ბარსას” ფეხი დაუცდება და...
- მიუხედავად იმისა, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ქულათა სხვაობა მინიმუმამდეა დასული, სპეციალისტების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, კატალონიელთა თამაში უფრო მიმზიდველად და სოლიდურად გამოიყურება...
- საკამათო თემაა. გადახედეთ სატურნირო ცხრილს. მარტო დაგროვებულ ქულებს არ ვგულისხმობ. გატანილ გოლთა გრაფაში, უშუალო მიწინააღმდეგესთან შედარებით, 7-ით მეტი გვიწერია. “ელ კლასიკო” მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ მისი წაგება, ჩემპიონობაზე ხაზის გადასმას არ უდრის. ვიმეორებ, “რეალი” ბოლომდე იბრძოლებს.
- ბოლო მატჩებში, მინდორზე უკმაყოფილო სახით გადიხართ საასპარეზოდ. რატომ?
- უკეთესი იქნება, თუკი, უკმაყოფილოს ნაცვლად, გაღიზიანებულს ვიტყვით. ბუნებით, გამარჯვებულის ფსიქოლოგია მაქვს, ყოველთვის მოგებას ვესწრაფვი და საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშისას ორად გაყოფილი გუნდის წაგების შემთხვევაშიც კი ვცოფდები. სახის გამომეტყველებას რაც შეეხება, ეს, უკვე ჩემი პირადი საქმეა, როგორი გრიმასით გავალ მინდორზე, მთავარია, ჩემი მოვალეობა კარგად შევასრულო და “რეალის” კარი საიმედოდ დავიცვა.
- ამ თემის წამოჭრა ცოტათი გვეუხერხულება. “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებზე, აქა-იქ გაისმის, იკერი წლეულს უარესად თამაშობსო...
- ამაში არც გასაკვირია არაფერი და თქვენი კითხვაც უხერხული არ მგონია. როდესაც ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ასპარეზობ, ცხადია, შენგან მეტსაც ითხოვენ, ხოლო როცა პლანეტის წლის საუკეთესო მეკარის ტიტულს მოგანიჭებენ, გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნი ხდება და სხვებთან შედარებით, ერთი თავით მაღლა დგომას ელის. ეს მშვენივრად მესმის და ყოველმხრივ ვცდილობ სათანადო დონის შენარჩუნებას. კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი, ჩემი სამეკარეო პლუსები, რომლებიც, ერთი მატჩის ჩაგდების შემთხვევაში, არსად დაიკარგებიან.
- სადღეისოდ, როგორ ფორმაში ხართ?
- ფენომენალურ კონდიციას მივაღწიე. რასაკვირველია, მომატების რეზერვი ყოველთვის არსებობს და აქეთკენაც მივისწრაფვი. როგორც “ფურია როხას” ყოფილი დამრიგებელი ლუის არაგონესი იტყოდა ხოლმე, ჩემი სინდისი სუფთაა და ღამღამობითაც მშვიდად მძინავს.
- ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ ვიქტორ ვალდესის ნაკრებში გამოძახების აუცილებლობაზე. ეს, ამას წინათ, იოჰან კრუიფმაც დაადასტურა...
- ამ კითხვით ნაკრების დამრიგებლებს უნდა მიმართოთ. მე რომ ვალდესის სასარგებლოდ არჩევანი გავაკეთო, სხვების მიმართ პატიოსანი მიდგომა არ მექნება. ესპანელებს ბევრი კარგი გოლკიპერი გვყავს. არ მსურს რომელიმე საგანგებოდ გამოვყო.
- მას შემდეგ, რაც “რეალის” მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე არაა, ყველა დამრიგებელს აკრიტიკებთ. გამონაკლისი, მხოლოდ მანუელ პელეგრინია...
- არ მესმის, რატომ უნდა ვაკრიტიკო პელეგრინი, როცა ის გულწრფელი, სამართლიანი და პატიოსანი ადამიანია, მუდამ სამუშაო პროცესშია ჩართული და შესანიშნავი სამწვრთნელო მეთოდები აქვს.
- “ალმერიასთან” გატანილი გოლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს უხამსი ჟესტი უჩვენა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ კი განაცხადა, პორტუგალიელს ემოციის მოთოკვისკენ მოუწოდებს. თქვენ რას იტყოდით?
- რონალდუს, პრაქტიკულად ყველა საგარეო მატჩის მსვლელობისას, ტრიბუნებიდან გამაღიზიანებელი სიტყვებით მიმართავენ. პორტუგალიელი ნერვებს არასდროს ჰყვება ხოლმე, “ალმერიასთან” კი წყობილებიდან გამოვიდა. მის მიერ ნაჩვენებ ჟესტს უხამსად არ მოვიხსენიებდი. ერთსაც ვიტყოდი – კრიშტიანუ “მტრულ გარემოცვაში” უკეთ თამაშობს ხოლმე. ასე რომ, რაც უფრო ცუდად მოექცევა მას “რეალის” მეტოქის გულშემატკივარი, მით უარესი მათი გუნდისთვის.
- გაზეთებმა ისიც დაწერეს, “ელ კლასიკომდე” 24 საათით ადრე, რონალდუმ თავის სახლში სტუმრები მიიწვია და პრინციპული მატჩის წინ, სათანადო სერიოზულობა არ გამოიჩინაო. ადასტურებთ ამ ინფორმაციის სისწორეს?
- არ მსურს ამ თემაზე საუბარი. სპეციალისტებისა და ჟურნალისტების საქმე ჩვენი თამაშის გარჩევაა და თუკი, ასპარეზობისას რაიმე ხარვეზს გვიპოვნიან, თამამად შეუძლიათ მიგვითითონ და გაგვაკრიტიკონ. ეს დაგვეხმარება კიდეც. მაგრამ, როდესაც ჩვენს პირად ცხოვრებაში აფათურებენ ხელს, კატეგორიულად მიუღებელია.
- ჩვენი გაზეთის მეშვეობით, რას ეტყოდით “რეალის” ერთგულ გულშემატკივრებს?
- მათ “რეალის” მონდომებულ, ლამაზ თამაშს ვპირდები. გარანტიას ვერ მივცემ, რომ ხუთივე დარჩენილ მატჩს აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ ეჭვი ნუ ექნებათ, პრიმერა დივიზიონის ფინიშამდე დარჩენილ უკლებლივ ყველა შეხვედრაში, 3 ქულის ასაღებად არაფერს რომ არ დავიშურებთ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.065245