მადრიდის “რეალი” წინასასეზონო მზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. გუშინ კასტილიელთა კაპიტანმა იკერ კასილასმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომლის მსვლელობისას სახელოვან მეკარეს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს.
- “რეალი” ახალი სეზონისთვის გამალებით მზადებას შეუდგა. რა მიზანს ისახავთ მომდევნო საფეხბურთო წელს?
- მადრიდის “რეალის” მიზანი ყოველწლიურად ერთი და იგივეა და გადასაჭრელ ამოცანას არც ამჯერად შევცვლით. კვლავინდებურად შევეცდებით პრიმერა დივიზიონის მოგებას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგაში გასამარჯვებლად. ბოლოხანს ერთი ნაბიჯის გადადგმა გვაკლდებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალამდე, ამჯერად გადამწყვეტ მატჩამდე გაღწევას და მის მოგებას ვგეგმავთ.
- გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვეთ, ამის მიუხედავად ბევრს მაინც “ბარსელონა” მიაჩნია პლანეტის უძლიერეს კლუბად...
- გულშემატკივრებს განსხვავებული გემოვნება და შეფასების კრიტერიუმები აქვთ. “რეალს” რაც შეეხება, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და ვფიქრობ, წინა სეზონში “ბარსელონას” არაფრით ჩამოუვარდებოდით. კატალონელებთან ჭიდილში ლა ლიგა მოვიგეთ, ხოლო რომელია ჩვენ შორის პლანეტის საუკეთესო გუნდი, ყოველმა ქომაგმა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს. პირადად მე ნებისმიერი გულშემატკივრის თვალსაზრისს პატივს ვცემ.
- როგორ გგონიათ, დღევანდელი შემადგენლობით “რეალს” ყველა ფრონტზე წარმატებით გამოსვლა ძალუძს?
- ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ძალიან დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ცხადია, ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის, საშინაო პირველობისა და თასის დაუფლება ურთულესი ამბავია, მაგრამ საამისოდ არაფერს დავიშურებთ. რაც მეტად მნიშვნელოვანია, გრძელი სეზონის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს შემადგენლობის ვარირების საშუალება მიეცემა და ვფიქრობ, ფეხბურთელებიც დამრიგებელს იმედს გავუმართლებთ.
- პრესაში აქა იქ იწერება, რომ “რეალს” მაღალი კლასის უკანახაზელის დამატება მართებს...
- ეს ჩემი საკომენტარო და მითუმეტეს, გადასაწყვეტი საქმე არაა. რამოსი, ალბიოლი, ვარანი, არბელოა... “რეალს” მაღალი კლასის მცველები ნამდვილად არ აკლია. ლასანა დიარასაც მშვენივრად შეუძლია მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულება.
- მას შემდეგ რაც მადრიდის “რეალში” მოვიდა სამუშაოდ, ჟოზე მოურინიო შეიცვალა?
- ასე არ მგონია. ყოველ შემთხვევაში პორტუგალიელს ცვლილებას ვერ პიროვნული და ვერც პროფესიული ასპექტით ვამჩნევ. სეუUჟოზე არ შეცვლილა, მან “რეალი” რადიკალურად შეცვალა. მოურინიომ მოთამაშეებს საკუთარი ძალისადმი რწმენა განუმტკიცა. ამან ბიჭებს მეტოქისადმი შიშის და რიდის ფაქტორი დააძლევინა. პორტუგალიელი ტელეეკრანიდან სხვაგვარად ჩანს, ყოველდღიურ ურთიერთობაში იგი მგრძნობიარე და თბილი ადამიანია.
- “რეალის” და “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “ფურია როხაში” ერთობლივი გამოსვლით ბოლო წლებში ფენომენალურ თამაშსა და შედეგებს მიაღწიეთ. ამ ფაქტმა თქვენი საბოლოო დამეგობრება გამოიწვია?
- სანაკრებო და საკლუბო ინტერესების გამიჯვნა მოვახერხეთ. გასულ სეზონში ზედიზედ 4 “ელ კლასიკო” ჩავატარეთ, რომლებმაც მეტად დრამატულად ჩაიარა. სწორედ ამ მატჩების შემდეგ ჩვენ შორის განხეთქილებას საბოლოოდ დავუსვით წერტილი. “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მძაფრი დაპირისპირება კვლავაც გაგრძელდება, სელეკსიონში გამოსვლისას კი ერთი ინტერესი და მიზანი გვაქვს.
- ბოლოს ლუკა მოდრიჩზეც გკითხავთ. როგორ თვლით, ხორვატი მადრიდში გაამართლებს?
- მე ვიცნობ ლუკას. იგი კარგი ბიჭი და ფეხბურთელია. ევროპირველობაზე მის წინააღმდეგ მომიწია თამაში და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. თუკი მოურინიო თვლის, რომ მოდრიჩი “რეალს” სწირდება, მას სათანადოდ აათამაშებს. ლუკასთან დაკავშირებით, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გოჩა კაჭარავა