ერთი კვირის წინ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ჩემპიონ “ზესტაფონის” დიდი ანგარიშით დამარცხებაში, დიდი წვლილი “ნეფთჩის” მაკედონიელ ლიდერს, იგორ მიტრესკის მიუძღვის, რომელსაც თავის დროზე, არაერთი ევროპული კლუბის მაისური მოურგია. მაკედონიელი პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ თარლან ახმედოვთან ერთად მოვიდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასთან ცალკე ინტერვიუ ჩავწერეთ.
- იგორ, რას იტყვით მომავალ თამაშზე და როგორ შეაფასებდით მეტოქეთა შანსებს?
- 3:0 გამარჯვება კარგია, მაგრამ გასვლის გარანტიას არ იძლევა. ჩვენ ვიცით “ზესტაფონის” ძალა და რეალურად ვაფასებთ. წინ ახალი თამაშია და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. ამიტომაც, მობილიზება გვმართებს თავიდანვე.
- როგორ შეფასებთ აზერბაიჯანის და საქართველოს ჩემპიონატებს?
- უკვე თითქმის ორი წელია აზერბაიჯანში ვთამაშობ და ვგრძნობ იმ პროგრესს, რომელიც ამ ქვეყანაშია. დარწმუნებული ვარ, 3-4 წელიწადში, აზერბაიჯანის ჩემპიონატი უკრაინის ჩემპიონატის დონეზე აიწევს. ამისთვის ყველაფერი კეთდება, ინვესტიციები მრავლად იდება ფეხბურთში, რაც განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მასზე მსჯელობა გამიჭირდება, მაგრამ თქვენი ჩემპიონი მართლა მოგვეწონა. იმ შედეგის შემდეგ, ბაქოში შეიძლება ბევრს გადამეტებულად მოეჩვენოს ეს შეფასება, მაგრამ გუნდი ერთი თამაშით ვერ შეფასდება.
- თქვენ არაერთ სახელოვან ფეხბურთელთან გითამაშიათ, ვის გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
- მოსკოვის “სპარტაკში” თამაშისას, ყველაზე შტამბეჭდავი იგორ ტიტოვის თამაში გახლდათ, რომელიც საუცხოო ტექნიკის გარდა, მაღალი ინტელექტის მატარებელი ფეხბურთელი იყო. მაკედონიის ნაკრებში ყველაზე გამორჩეული, პანდევი გახლდათ. ამ ფეხბურთელმა, “ინტერთან” ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
- ბაქოს “ნეფთჩიში” გადმოსვლა, თქვენს კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს?
- რატომღაც, ძალიან ბევრს ასე ჰგონია, მე კი, ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ფეხბურთში მთავარი შედეგია, მე კი ორჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონი გავხდი, რაც სხვა ტიტულებზე ნაკლებად, ნაღდად არ მიმაჩნია. მართალია, “სპარტაკში”, ან კიდევ “კოტბუსში” გამოსვლისას, შეიძლება უფრო მაღალ დონეზე მიხდებოდა თამაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ძალიან მალე ნახავთ აზერბაიჯანის ჩემპიონატის და გუნდების პროგრესირებას ევროპულ ტურნირებზე.
- თქვენ უკვე 33 წლის ხართ, სადამდე აპირებთ თამაშს?
- ჯერჯერობით, თამაში გამომდის და თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ. როდესაც მივხვდები, რომ აღარ შემიძლია, მაშინ დავანებებ ფეხბურთს თავს. ახლი კი - ჩემს საყვარელ საქმე ვაკეთებ და მოედანზე თავს ზედმეტად ნამდვილად არ ვთვლი.
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან