საქართველოს და პოლონეთის ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ, მეტოქეთა ბანაკში სრულიად განსხვავებული ემოციები სჭარბობდა. ეს თამაშის შემდგომ კომენტარებშიც შეინიშნებოდა. დირკ ბაუერმანმა მარცხი საკუთარი შეგირდების უსუსურობით ახსნა და ქართველთა კარგ თამაშზე ბევრი არაფერი დასცდენია. თავის მხრივ, იგორ კოკოშკოვმა ქართველ კალათბურთელებს გასული წარმატების რაც შეიძლება მალე დავიწყების და სრულად ხორვატებთან თამაშზე გადართვისკენ მოუწოდა. და ერთიც. შეხვედრის შემდგომ ყველამ აღნიშნა, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს მხოლოდ 22 ქულა ჩააგდებინეს...
იგორ კოკოშკოვი: “გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით და თამაშს უდიდესი პასუხისმგებლობით მივუდექით. პოლონეთთან დაახლოებით 1 თვის წინ ვითამაშეთ და მარცხი განვიცადეთ. იმ მატჩიდან სწორი დასკვნების გამოტანა იყო საჭირო, რაც მოხერხდა კიდეც. ფაჩულიას და შენგელიას არყოფნაში შერმადინზე დიდი პასუხისმგებლობა იყო და ვფიქრობ, მან კარგად ითამაშა. დაცვაშიც კარგად გაისარჯა და შეტევაშიც აქტიური იუო. ცხადია, კარგი სტარტი სასიხარულოა, თუმცა, ხორვატებთან მძიმე მატჩი გველის და ახლა, სრულად იმ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას არყოფნაში, გარკვეული შიში არსებობდა, რომ მეტოქის “მაღლებთან” თამაში გაგვიჭირდებოდა. თუმცა, დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, რისი შედეგიც პოლონელთა მიერ საწყის ტაიმში ჩაგდებული მხოლოდ 22 ქულა იყო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშით კარგად გამოჩნდა, რომ დიდი სამუშაო გვაქვს გაწეული. კარგია, რომ გუნდში ახალი კალათბურთელები გამოჩნდნენ და ისინი ნელ-ნელა თავის დამკვიდრებას ახერხებენ. გასულ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ნაკრებს გამოცდილებაც გააჩნია და ესეც ჩვენი პლიუსია. თუმცა, ეს პირველი მატჩი იყო და ყველაფერი წინაა. როგორც ჩვენმა მწვრთნელმა აღნიშნა, მთავარი თამაში სწორედ ხორვატიასთანაა”.
გიორგი ცინცაძე: “მათ, ვისაც ჩვენი წარმატების არ სჯეროდა, ვაჩვენეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონატისთვის კარგი მოსამზადებელი ციკლი გავიარეთ, ამდენად, შედეგი კანონზომიერი იყო. ჩვენს ასეთ თამაშს ალბათ პოლონელებიც არ ელოდნენ. ასეთი დიდი სხვაობა გარკვეულწილად ამის დამსახურებაც იყო. არადა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვაჯობეთ”.
დირკ ბაუერმანი: “რაც მოხდა ნამდვილად არ ველოდით, თუმცა, ასეთი რამ ხდება – ზოგჯერ ყველა კალათბურთელი კარგად ირჯება, ზოგჯერ კი არავის არაფერი გამოსდის. ქართველები შეტევებს ძალიან იოლად ასრულებდნენ და ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა, ჩვენ კი არაფერი გამოგვდიოდა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება”.
პრჟემისლავ ზამოისკი: “მატჩის წაგების მიზეზი საშინლად ჩატარებული პირველი ტაიმი გახდა. ჩვენს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა, შედეგად მხოლოდ 22 ქულა ჩავაგდეთ. საქართველოს ნაკრები დიდი სხვაობით დაწინაურდა და ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იყო. ახლა, საჭიროა ეს მატჩი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ და მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადოთ”.
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma