კალათბურთი

22:47 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “რომ არა ტომიჩის და დრაგიჩის სროლები, ბევრი რამ შეიცვლებოდა”

“თამაშებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელები იგებენ და მწვრთნელი ვინ იქნება, მეორეხარისხოვანია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი ვეღარ გაიმეორა და მე-2 ჯგუფურ ეტაპს მიღმა დარჩა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა, რომელიც სლოვენიურ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე წარსდგა, მხოლოდ პოლონეთს აჯობა, ხორვატიასთან, მასპინძელ სლოვენიასთან, ჩეხეთთან და ესპანეთთან კი მარცხი განიცადა. ცხადია, გასული შეჯიბრის შესახებ ყველაზე საინტერესო სწორედ ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრი გახლდათ, რომელსაც ეროვნული გუნდის ცელიედან აბარგებამდე გავესაუბრეთ. 

- საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. გუნდმა ხუთიდან ერთადერთ შეხვედრაში იმარჯვა და მე-2 ეტაპზე ვერ გააღწია. საერთო ჯამში, გუნდის ასპარეზობას რა შეფასებას მისცემდით?

- თავადაც ნახავდით, რომ მთლიანად ტურნირი ძალიან მძიმედ წარიმართა და ბევრი ენერგია წაიღო. თუკი კონკრეტულად მატჩებს ავიღებთ, პოლონეთთან ჩინებული სტარტი გვქონდა და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ. სამწუხაროდ, შემდეგ 2 იდენტური შეხვედრა იყო ხორვატიასთან და სლოვენიასთან, რომელთაც შედეგიც ერთნაირი ჰქონდათ. არადა, ხორვატიასთან თამაშისას ანტე ტომიჩს რომ ბოლო წამებზე არ ჩაეგდო, სლოვენიასთან კი ზორან დრაგიჩს ასევე რთული ტყორცნა არ გამოეყენებინა, შესაძლოა, ჩვენთვის ტურნირი სულ სხვაგვარად წარმართულიყო.

- შემდეგ იყო ჩეხეთთან და ესპანეთთან მატჩები, რომლებშიც საქართველოს ნაკრები სოლიდური ანგარიშებით დამარცხდა...

- ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. სლოვენიასთან მატჩი დღის ბოლოს იყო და ბიჭებს ძალების აღსადგენად ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. თამაშის გამო გვიან დაძინებაც მოუხდათ და მეტოქეს სისწრაფეში ვერ აჰყვნენ. აშკარად სჩანდა, რომ ბიჭებს ფეხები არ ემორჩილებოდათ. სამწამიან ზონაშიც ვერ ვიყოჩაღეთ და ერთბაშად 60 ქულა მივიღეთ. რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას, აქ პრინციპში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მოქმედ ევროპის ჩემპიონს და მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს ვეთამაშებოდით და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

- ტურნირის ბოლო მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია მანუჩარ მარკოიშვილს. მისი საქმე როგორაა?

- მარკოიშვილი მებრძოლი კალათბურთელია და საჭირო რომ ყოფილიყო, იგი მოედანზე აუცილებლად გავიდოდა. უბრალოდ, ესპანეთთან შეხვედრა ფაქტობრივად არაფერს წყვეტდა, ამდენად, ვარჩიეთ მისი ჯანმრთელობით აღარ გაგვერისკა. მოგეხსენებათ, თურქულ “გალათასარაიში” “მანუს” მთელი სეზონი წინ აქვს და ჯობია, მომავალი თამაშებისთვის წყნარად მოემზადოს. ამასთან, მარკოიშვილის დასვენებით შანსი სხვა კალათბურთელებს მიეცათ. მოედანზე დიდი დრო გაატარეს ბესო ლეჟავამ, დუდა სანაძემ... ვფიქრობ, ნაკრებში კარგი ახალგაზრდა კალათბურთელები მოდიან და ქართველ გულშემატკივარს მათი იმედი უნდა ჰქონდეს.

- საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და მაშინ უფრო წარმატებული შედეგი ჰქონდა. თუკი სლოვენიურ ევრობასკეტს შევადარებთ, საქართველოს ნაკრებისთვის რა სხვაობა შეინიშნებოდა?

- მთავარი სწორედ ის გახლავთ, რომ ამჯერად საჭირო რაოდენობის თამაშები ვერ მოვიგეთ და მე-2 რაუნდს მიღმა დავრჩით. თუმცა, მაშინ სრული შემადგენლობა გვყავდა, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელიაც გვეხმარებოდნენ და ეს, საქმეს გვიადვილებდა. მათ არყოფნაში თამაშში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგვიხდა და უკვე მოსამზადებელ ციკლში გამოჩნდა, რომ ნაკრებს მაღალ დონეზე ასპარეზობა ახალი რეალობების გათვალისწინებითაც შეეძლო. იგივე ისრაელთან, სერბეთთან, საფრანგეთთან თუ ლიტვასთან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. საერთო ჯამში, ცუდად არც ევრობასკეტზე წარმოვჩენილვართ. უბრალოდ, ჩემი აზრით, ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, რის დასტურადაც დაფიქსირებული შედეგები გამოდგება.

- საქართველოს ნაკრების ამერიკელ ახალწვეულ რიკი ჰიკმანზეც ვთქვათ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი ბიჭებთან ბოლომდე არ იყო შეთამაშებული, არადა გუნდისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.

- ამ აზრს ნაწილობრივ ვეთანხმები. რიკი მოსამზადებელ ციკლში მოგვიანებით შემოგვიერთდა და ცხადია, ამან გარკვეული სირთულეები გამოიწვია. ჰიკმანს ნამდვილად მეტი შეუძლია და მისი იმედი მაქვს. სამომავლოდ, როდესაც რიკი ქართველ კალათბურთელებს უფრო კარგად შეერწყმება, მისგან გაცილებით მეტ სარგებელს უნდა ველოდეთ.

- საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის განმავლობაში ზონურ დაცვას ხშირად მიმართავდა. ამან როგორი შედეგი გამოიღო?

- ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც როდესაც მთელი ტურნირის განმავლობაში ძირითადი ტვირთი 5-6 კალათბურთელზე გადადის, პერსონალური დაცვის თამაში ძალიან ძნელია. ეს კიდევ უფრო გადაგვღლიდა. აღნიშნულმა გარკვეულ პერიოდებში შედეგი მოგვცა, ზოგ ეპიზოდში კი ძალიან გაგვიჭირდა. მოკლედ, დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს.

- ამისთვის, ჯერ ის უნდა გაირკვეს, საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებთ თუ არა. როგორც ვიცით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა გეწურებათ...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ჩინებული კალათბურთელების კრებულია და წარმატებას სწორედ ისინი აღწევენ. ბიჭები იმდენად კარგად უგებენ ერთმანეთს, რომ ვინ იქნება მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი თუ სხვა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს და კონტრაქტი რომც აღარ გავაგრძელო, აღნიშნულში არაფერი შეიცვლება. ისე კი, თუკი შემოთავაზება იქნა, ცხადია, დავფიქრდები და ალბათ, შეთანხმება არ გაგვიჭირდება. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან მადლიერი ვარ იმ ქომაგების, რომლებიც ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად სლოვენიაში ჩამოვიდნენ და ჟურნალისტების, რომლებიც საქართველოს ნაკრების თამაშებს აშუქებდნენ.

 

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.182129