ინტერვიუები

14:24 | 1.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “გულს ემღერება”

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ ჯგუფურ შეხვედრაში ბელგია უშანსოდ დაამარცხა, იგორ კოკოშკოვისა და მისი გუნდის მიმართ უცხოელი ჟურნალისტების ინტერესი ერთიორად გაიზარდა. განსაკუთრებით რუსები გააქტიურდნენ, რაც ბუნებრივიცაა. დღეს ხომ საქართველო სწორედ რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს. გთავაზობთ ქართული გუნდის სერბი თავკაცის ინტერვიუს, რომელიც გამოცემა “სპორტ ექსპრესმა” გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების მიერ ბელგიის წინააღმდეგ ნაჩვენებმა თამაშმა ყველას სასიამოვნო შთაბეჭდილება დაუტოვა. ქართულ შემადგენლობაში არაერთი ბრწყინვალე მოთამაშეა. რამდენიმე მათგანს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და წამყვან ევროპულ კლუბებში გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოს ნაკრების წარმატება ამ კალათბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამყარებული. მიზეზი ეფექტურ გუნდურ თამაშში უნდა ვეძიოთ. ამ ყველაფრის შემოქმედი კი სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვია. მწვრთნელობა მან 24 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ავტოავარიამ იძულებული გახადა, სპორტსმენობისთვის თავი მიენებებინა. იქამდე საკმაოდ კარგი კალათბურთელი იყო, მაგრამ ახალ ამპლუაში გაცილებით მეტს მიაღწია. მაგალითად, გახდა პირველი არაამერიკელი სპეციალისტი, რომელიც NBA-ის კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. იმუშავა “კლიპერსსა” და “დეტროიტში” (გამოჩენილი ლარი ბრაუნის მხარდამხარ) და “ფინიქსში”. საქართველოს ნაკრები სამი წლის წინ ჩაიბარა და როგორც ვხედავთ, მოასწრო შეექმნა სიმპათიური გუნდი, რომელსაც ძალუძს, მინიმუმ ნერვები დააწყვიტოს რუსებს. კოკოშკოვს თავისი სახელიანი კოლეგების: დუშან ივკოვიჩის, ან ბოჟიდარ მალკოვიჩის მსგავს პოპულარობამდე ჯერ ბევრი უკლია. საქართველო-ბელგიის მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის წამყვანმა იგი ვერც კი იცნო და ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოაცხადა. იგორ კოკოშკოვი ამ შეცდომას ღიმილით შეხვდა. იუმორის გრძნობა არც “სპორტ ექსპრესთან” საუბრისას დაუკარგავს.
- ეს-ესაა ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვეთ. ამის მიუხედავად, საკმაოდ მოწყენილი ჩანხართ...
- მაკვირვებთ. მართლა არ მეტყობა სიხარული? გულახდილად გეტყვით, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი რანგის ტურნირზე პირველად ვითამაშეთ და ამ შეხვედრას პირადად ჩემთვის და მთელი საქართველოსთვისაც უდიდესი ფასი ჰქონდა. ძალიან კარგია, რომ შევძელით, ხალხისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო შესანიშნავი მხარდაჭერისთვის. შეიძლება ემოციას ისე ღიად ვერ გადმოვცემ, როგორც ჩემი გუნდის სხვა წევრები, მაგრამ დამიჯერეთ, გული მღერის.
- თქვენგან გავლილ სამწვრთნელო გზას ჩვეულებრივს ვერ დავარქმევთ. რატომ გადაწყვიტეთ კარიერის მაინც და მაინც ამერიკაში აწყობა?
- ჩემი ცოლივით ხართ. ისიც სულ ამ კითხვას მისვამს. ხუმრობა იქეთ იყოს და, ყოველთვის პროგრესირებას ვცდილობ. თუმცა ევროპასა და ამერიკას შორის სამწვრთნელო პროფესიაში პრინციპული განსხვავება არ არსებობს. დიახ, ახლა ამერიკის მოქალაქეობა მაქვს და დროის უმეტეს ნაწილს ამერიკაში ვატარებ, მაგრამ მთავარი ის კი არაა, სად ხარ, მთავარია სადაც არ უნდა იყო, შენი საქმე პროფესიონალურად აკეთო. ხოლო ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა საქართველოშიც ვმუშაობ, სავსებით ლოგიკურია. ამ ქვეყნის ნაკრების გაძღოლა ჩემთვის საუკეთესო გზაა, ისევ შევეხო ევროპულ კალათბურთს.
- როგორი რეაქცია გქონდათ თქვენ და თქვენს მეუღლეს, როცა საქართველოს ნაკრებში მუშაობის შემოთავაზება მიიღეთ?
- ჩემი მეუღლე ამერიკელია. როდესაც ჩემგან სიტყვა Georgia გაიგონა, თქვა: “ბრწყინვალეა! ატლანტა ულამაზესი ქალაქია”. შემდეგ ავუხსენი, რომ სხვა ქვეყანას ვგულისხმობდი. Georgia -ს, რომელიც ამერიკიდან ძალიან შორსაა და ამიტომ, როდესაც საქართველოში ვმუშაობ, ჩემი ცოლი შინ რჩება. რა თქმა უნდა, ძნელია ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ ეს მწვრთნელის ბედია. აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, საქართველოს ძალიან კარგი საკალათბურთო ტრადიციები აქვს. კალათბურთის ფედერაციაში კი გამორჩეული და გასაოცარი ხალხი მუშაობს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა უშუალოდ კალათბურთის გარდა არაფერზე არ გვიწევდეს ფიქრი.
- თქვენ NBA-ის ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელის, ლარი ბრაუნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდით. რა მოგცათ ამ სპეციალისტთან თანამშრომლობამ?
- ბრაუნი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია, ვისაც კი როდესმე შევხვედრივარ. ზოგიერთ საკალათბურთო ასპექტში ის უბრალოდ გენიოსია. და რაც მთავარია, თავისი საქმის ნამდვილი ფანატი. მასთან მუშაობით გრანდიოზული გამოცდილება მივიღე.
- იყო თუ არა ბელგიის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი საუკეთესო თქვენი საქართველოში მუშაობის განმავლობაში? აქვე ერთი შეკითხვაც, დაგვისახელეთ კომპონენტი, რომელშიც თქვენს გუნდს კიდევ უფრო მომატება შეუძლია?
- ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესში ცუდი თამაშებიც საკმაოდ იყო. ჩემი ამოცანა იყო, გუნდი ტურნირამდე საუკეთესო ფორმით მიმეყვანა. მიხარია, რომ ეს მოხერხდა. მაგრამ სტარტამდე სანერვიულო მაინც არ გვაკლდა. პირველყოვლისა ის, რომ კონცენტრაცია ერთი წამითაც არ დაგვეკარგა.
- ჩემი აზრით, ამ გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეუფასებელია...
- მადლობთ, მაგრამ გამარჯვება მოთამაშეებმა მოიპოვეს. მწვრთნელი თამაშს თვითონ ვერ მოიგებს, თუმცა შეიძლება წააგოს. ეს მართლა ასეა.
- რას ფიქრობთ რუსეთის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩზე?
- ამ დაპირისპირებაში აუტსაიდერებად ვჩანვართ. რუსეთის ნაკრების მწვრთნელი თავის უშუალო საქმიანობასთან ერთად მენეჯერიც უნდა იყოს. მას ხომ შემადგენლობის შერჩევისას ძალიან დიდი არჩევანი აქვს. საქართველო კი პატარა ქვეყანაა და ძლიერი კალათბურთელების რაოდენობაც ნაკლებია. იმისთვის, რომ რუსეთისა და სლოვენიის კალიბრის ნაკრებებს ტოლსწორად ვებრძოლოთ, ყველა მოთამაშემ ასი პროცენტით უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
- და მაინც, რა შეიძლება გახდეს რუსეთთან თამაშისას საკვანძო მომენტი?
- აი, განსხვავება ევროპისა და NBA-ის კალათბურთებს შორის. ამერიკაში თითოეულ მატჩს აქვს გარკვეული საკვანძო წერტილები. თუ მოახერხებ და მათ აღმოაჩენ, დადებით შედეგსაც მიიღებ. ევროპაში კი კალათბურთი უფრო გუნდური თამაშია. წარმატებას ძირითადად მხოლოდ მაშინ აღწევ, როცა ყველა შენი მოთამაშე ასრულებს მიცემულ დავალებას. თამაში არ იყოფა კონკრეტულ დაპირისპირებებად. ბელგიის ძლევის შემდეგ პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ჩვენთვის. ისევ ისეთი დებიუტანტები ვართ, როგორებიც იქამდე ვიყავით. თითოეულ სათამაშო ეპიზოდში ისევ მთელი სული და გული უნდა ჩავაქსოვოთ. ის, რომ აუტსაიდერები ვართ, ჩვენი უპირატესობაა. ესე იგი ჩვენი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ზედმეტი ტვირთი არ გვაწევს. საქართველოს ნაკრების წინაშე მიმდინარე ტურნირზე კონკრეტული ამოცანა არ დევს. უბრალოდ, ყველა თამაშზე უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ.
- საქართველოს ნაკრების წინა ხაზი შთამბეჭდავად გამოიყურება, იგივეს ვიტყვი რუსეთის შემტევ ხაზზეც...
- თავადაც ნახეთ ბელგიასთან თამაში. საიდუმლო არაა, ვცდილობთ, გამართული კალათბურთი ვითამაშოთ. ბევრჯერ შევქმენით ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენი მოთამაშე ფარქვეშ მეტოქისგან უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა. იმედია, ეს სამომავლოდაც გამოგვივა. მათ შორის, რუსეთთან თამაშშიც. თუმცა თქვენი ნაკრების მაღალი კალათბურთელები დაცვაში გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან. განსაკუთრებით კირილენკო.
- რუსეთის ნაკრების დამრიგებელ დევიდ ბლატს თუ იცნობთ?
- ერთხელ გადავეყარეთ ერთმანეთს, ზაფხულის ლიგის ერთ-ერთი ტურნირისას, ლას-ვეგასში. მის მიღწევებს გაცილებით უკეთესად ვიცნობ, ვიდრე თავად ბლატს. იგი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ამასთან, ძალიან პერსპექტიულიც და არ გამიკვირდება, როდესმე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბიც რომ ჩაიბაროს. რუსეთს გაუმართლა, რომ ასეთი თავკაცი ჰყავს. ევროპის 2007 წლის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება პირველყოვლისა დევიდ ბლატის დამსახურებაა.

0.12114