საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ დილას იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. “კლაიპედა არენაზე” იგორ კოკოშკოვის გუნდი ადგილობრივი დროით 11 საათზე გამოცხადდა და საათნახევრის განმავლობაში არაერთ კომპონენტში ივარჯიშა.
კოკოშკოვის გუნდი სრული შემადგენლობით იმყოფებოდა მოედანზე და ექიმების განცხადებით, ტრავმაც არავის აწუხებს. მოთამაშეებმა ფარშიც ბლომად ესროლეს, კომბინაციებზეც იმუშავეს და სხვადასხვა დეტალებიც დახვეწეს. ვარჯიშში აქტიურად იყო ჩაბმული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვი, რომელიც მოედანზე მოთამაშეებს თითოეულ დეტალს უხსნიდა, თუმცა კალათბურთელებს განმარტებები არ სჭირდებოდათ – ყველა კარგად იგებდა იმას, თუ რა მომენტში როგორ მოქცეულიყო. ეს იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, რაც ნაკრებმა გასულ მოსამზადებელ პერიოდში გასწია.
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ოფიციალური იყო და მისი დასკვნითი ნაწილი ნებისმიერი ჟურნალისტვისთვის ღია გახლდათ. ვარჯიშის შემდეგ სლოვენიელი, ბელგიელი, რუსი და ქართველი ჟურნალისტებიც მოვიდნენ და კალათბურთელებს გაესაუბრნენ. ბელგიელები თორნიკე შენგელიას შემოეხვივნენ და თუ რა გამოკითხეს, თორნიკემ დარბაზიდან სასტუმროს გზაზე ჩვენს ვებგვერდს მოუყვა:
“ბელგიელებმა მკითხეს, აქსელ ერველი რომ დაგვემტვრა, ამან როგორ იმოქმედა თქვენს ნაკრებზეო. ვუპასუხე, ეგ ამბავი ბელგიელებისთვისაა ცუდი, თორე ჩვენ ისეთივე მონდომებით უნდა ვითამაშოთ, როგორითაც ერველის ყოფნის დროს უნდა გვეთამაშა-თქო. შემდეგ ბელგიელებმა მითხრეს, ჩვენს ჩემპიონატში რომ თამაშობ, ეს ალბათ ცუდი მომენტია შენთვის, რადგან ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას კარგად ეყოლები შესწავლილიო. იციან, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვეცდები და რა გამომივა, მოედანზე გამოჩნდება-მეთქი“.
სლოვენიელები ვლადიმერ ბოისას შემოეხვივნენ და სლოვენიურად დაუწყეს საუბარი. რუსეთის ტელეკომპანია “ოერტეს“ ჟურნალისტი კი ჩვენი ნაკრების გენერალურ მენეჯერ მერაბ რატიშვილს გამოელაპარკა და რუსეთთან მატჩის მნიშვნელობა შეაფასებინა. ჩვენმა მენეჯერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მეტოქე მეტოქეა და ყველასთან მაქსიმალური მობილიზებით ითამაშებს.
აი, რა განწყობით ხვდებიან ჩვენი ნაკრების წევრები ხვალინდელ მატჩს:
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: “ამ მატჩს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მისთვის ვემზადებოდით და აი, ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გავმართავთ. განწყობა საბრძოლოა. კარგი შეკრება გავიარეთ და ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ვართ მომზადებულები. შარშან ბელგიასთან არ გაგვიმართლა, ორივე შეხვედრა წავაგეთ და ვფიქრობ, ეს დამატებით სტიმულს გვაძლევს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მოვინდომოთ. ბელგიელებს დიდი ძალა დააკლდათ ალექს ერველის სახით, რომელიც გუნდის ლიდერი იყო და ჩვენთან ვერ ითამაშებს“.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგ დაცვას ვითამაშებთ. ასევე რამდენად სტაბილურები ვიქნებით შეტევაში. დაცვაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად წარმატებით ესვრიან ბელგიელები სამქულიანებს. მათი თამაში შორ სროლებზე და შემდეგ სამწამიანში თამაშზეა აწყობილი. თუკი მონდომებით ვითამაშებთ დაცვაში, ვფიქრობ, საწადელს მივაღწევთ“.
“თუ მონდომებით, ჭკვიანურად და გუნდურად ვითამაშებთ, ბელგიას დავამარცხებთ“ – ეს განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა, სანამ ჩვენი ნაკრების დილის ვარჯიშის შემდეგ თავის თანაშემწეებთან თათბირს შეუდგებოდა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია და ბელგიასთან მატჩს სიფრთხილით ხვდება...
– ეთანხმებით აზრს, რომ ბელგიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფურ ეტაპზე?
– ვეთანხმები, ოღონდ იმ გაგებით არა, როგორითაც კითხვა დამისვით. ჩვენი ნაკრებისთვის ყოველი მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ამ მომენტისთვის მომავალი მატჩი ბელგიასთან გვაქვს და იგია მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეხვედრა იქნება, შემდეგ სლოვენიასთან და ასე შემდეგ. ჩვენ საკმაოდ დიდ ტურნირში ჩავებით და აქ თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
– რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სადღეისო ფორმით?
– საქართველოს ნაკრებმა გაიარა მომზადების ყველა ფაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის. ჩვენი ნაკრები მომზადებულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ვფიქრობ, რაც შეკრება დავიწყეთ, ჩვენი ნაკრები ახლა მზადყოფნის მწვერვალზე იმყოფება. ყველამ ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია.
– ბელგიასთან მატჩში რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი?
– ის, რომ გუნდურად ვითამაშოთ. ჩვენს ბიჭებს გააჩნიათ როგორც მონდომება, ისე ჭკუა, არც შემართება აკლიათ. მთავარია, გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.
– სამქულიანებზე რას იტყვით?
– შორი სროლები არის ბელგიელთა ძირითადი იარაღი და ჩვენ მათ შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუირისპიროთ. კარგი მსროლელები გვყავს ჩვენს, თუმცა, ვფიქრობ, დაცვაში გუნდური თამაშის წყალობით შესაძლებელი იქნება ბელგიელთა შეჩერება.
– რას იტვით იმაზე, რომ ბელგიელებს აქსელ ერველი დააკლდათ?
– ერველი გუნდის მოტორი იყო. შესაძლოა, ის არ იყო გამორჩეულად კარგი მსროლელი, ან დამცველი, მაგრამ ბევრ ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რაც ბელგიელებს ჰაერივით ჭირდებოდათ. ის ძალიან საჭირო მოთამაშეა ბელგიისთვის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დიდიე მბენგას შემატება ბელგიელებს არ გააძლიერებთ. ისედაც და ასედაც საბრძოლი გვაქვს.
– რას ფიქრობთ, ვის მხარეზეა უპირატესობა?
– უპირატესობა იმის მხარეზეა, რომელი გუნდიც ბოლომდე დაიხარჯება. საქართველოს ნაკრები რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ამის არაერთი მიზეზი აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ესაა ისტორიული მომენტი ქართული კალათბურთის არსებობის მანძილზე. ევროპის ჩემპიონატზე ვართ და გვერდში ამდენი ადამიანი გვიდგას. რამდენადაც ვიცი, ჩვენს გუნდს გამხნევება არ მოაკლდება, და ვფიქრობ, ნაკრებიც შეძლებს ყველა გულშემატკივარს გული გაუხაროს.