როგორც ,,მსოფლიო სპორტის” მკითხველებს მოეხსენებათ, ,,გურიას“ ტრანსფერების მენეჯერის, ბექა კვიციანის მოწვევით ლანჩხუთში იმყოფება მოსკოვის ,,დინამოს“ პრესატაშე იგორ ერშოვი. რუსეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა დღეს დილით ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი დაათვალიერა, ხოლო შუადღის პირველ საათზე სტადიონის პრესცენტრში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მოწვეულ ჟურნალისტელებთან ერთად ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი და კლუბის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პრენსკონფერენციაზე იგორ ერშოვმა ვრცლად ისაუბრა საქართველოზე. გაიხსენა შარშან ზაფხულს მოსკოვის ,,დინამოელთა“ გამართული ამხანაგური შეხვედრა თბილისელ თანაკლუბელებთან და აღნიშნა, რომ ისეთი სტუმართმოყვარეობა, როგორიც საქართველოში იციან, სხვა არცერთ ქვეყანაში არ მინახავსო.
მოსკოველმა სტუმარმა ასევე აღნიშნა იმ უპრეცედენტო ფაქტის შესახებ, რომელიც ლანჩხუთლებმა მოახდინეს და სსრკ-ს საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე პატარა ქალაქით საკავშირო ჩემტიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზეს.
პრენსკონფერენციის ბოლოს ერშოვმა თავისი ვიზიტის მიზანზეც გვესაუბრა: ,,როდესაც ლანჩხუთელთა მოწვევა მივიღე ერთ წუთსაც არ დავფიქრებულვარ გადაწყვეტილება ისე მივიღე. მოხარული ვარ, რომ ამ დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქში ვიმყოფები. ჩემი სტუმრობის მიზანი კლუბების ძირითად შემადგენლობებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვაა. ასევე ვგეგმავთ ვეტერან ფეხბურთელთა თამაშს, როგორც ლანჩხუთში, ასევე მოსკოვში. გეგმაში გვაქვს ასაკობრივი ტურნირის ჩატარება, რომელშიც ლანჩხუთის სპორტული სკოლის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ეს მოლაპარაკების წინასწარი ეტაპია. იმედი მაქვს სათანადო მონდომებისა და ხელშეწყობის პირობებში ყველაფერი გადაწყდება, რაც ორივე საფეხბურთო კლუბის ინტერესებს სასიკეთოდ წაადგება“.
შეხვედრის ბოლოს ლანჩხუთელთა კლუბის მედია ოფიცერმა ლევან გიორგაძემ მოწვეულ სტუმარს შეახსენა, რომ ,,გურია“ სსრკ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს შორის იმ იშვიათ გამონაკლის მიეკუთვნება, რომელთანაც მოსკოვის ,,დინამოელებს“ დადებითი ბალანსი არ გააჩნიათ, და მოსკოველთა მიერ ლანჩხუთში წაგებული (1:2) თამაში შეახსენა.
ამაზე იგორ ეშოვმა უპასუხა, რომ ,,დინამოელთა“ ძველ გვარდიელებს ეს თამაში დღემდე ახსოვთ, თუმცა წაგებული თამაშის გახსენება არავის სიამოვნებს.
პრესკონფერენციის ბოლოს ერშოვი სამომავლო თანამშრომლობას დაგვპირდა, კეთილი სურვილებით დაგვემშვიდობა და სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის მოსანახულებლად გაეშურა.
ვახტანგ დათიაშვილი ლანჩხუთიდან
ავტორის ფოტოები