ინგლისური Daily Mail წერს: მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ბექჰემის საფეხბურთო კარიერა დასასრულს უახლოვდება, მისი შემოსავალი არ იკლებს. მაგალითად, შარშან, 37 წლის ბექზი ცნობილ ბრენდებს “Armani”, “adidas”, “Samsung” და “Diet Coke”-ს აპიარებდა და ამით, დღეში საშუალოდ 36 ათასი გირვანქა რჩებოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა სპონსორული შეთანხმებებით, წლის განმავლობაში 13 მილიონი გირვანქა იშოვა. მიმომხილველები ამბობენ, რომ 2012 წლის ლონდინის ოლიმპიადის საორგანოზაციო კომიტიტეტში საქმიანობის გამო ის სარეკლამო კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. ერთი, რაზეც დევიდს გული წყდება, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში მისი გამოუძახებლობა იყო. გაზეთი აღნიშნავს, რომ ბექჰემს კომპანია Footwork Productions-ის მეშვეობით უხდიან. სწორედ ეს კომპანია მართავს მის საქმიანობასა და სარეკლამო გამოსახულების უფლებებს. 2011 წელს კომპანიამ 15,2 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა, საიდანაც 13,3 მილიონი ბექზისა იყო. ასევე ბექჰემი “ლოს ანჯელეს გელექსიში” წლიურად 2,5 მილიონ გირვანქას იღებს.
გაზეთის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ დევიდი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არ არის. მისი მეუღლე, Spice girls-ის ყოფილი სოლისტი – ვიქტორია პოში სამოდელო ბიზნესში წარმატებულად მუშაობს, თავისი ხაზი აქვს, რომელიც ერთობ პოპულარულია ევროპაში. მისი პროდუქციით სარგებლობენ, მაგალითად – შერილ კოული და ქეით უინსლეტი.
ბექჰემები ასევე მილიონებს შოულობენ ექსკლუზიური სუნამოებისა და ტანსაცმლის ხაზის – H&M-ის მეშვეობით. ასევე ბექზმა სოლიდური თანხა მოაგროვა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2012 წელი ბექჰემებისთვის გაცილებით შემოსავლიანი იქნება. ასე რომ, დევიდს მშვიდად შეუძლია თავის “გალაქსიში” ბურთი აგოროს და ოჯახის ნათელ მომავალში დარწმუნებული იყოს.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა