ფეხბურთი

2:50 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაკადაბრა რონალდუსთან უძლური აღმოჩნდა, საფრანგეთი მაინც გავიდა

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრს დაკარგავს. ეს სოლნაში გამართულ შეხვედრაშიც დამტკიცდა, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ბრაზილიაში გამგზავრებას კრიშტიანუ რონალდუ უფრო იმსახურებდა. თანამედროვე ფეხბურთის ამ 2 ბრწყინვალე წარმომადგენლის ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიში 4:2 დაფიქსირდა, რონალდუს სასარგებლოდ. იგივე ანგარიშით სძლია პორტუგალიამ შვედეთს.

შვედეთში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში, კრიშტიანუ რონალდუს გოლის გატანის არაერთი შანსი მიეცა, მაგრამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა პორტუგალიელმა ისაკსონის დამწუხრება მე-2 ტაიმისთვის გადადო.

შესვენების შემდეგ, რონალდუ საქმეს მალევე შეუდგა. 50-ე წუთზე, მოუტინიოს გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა და შვედეთი ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო – ჰამრენის გუნდს, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, 3 გოლის გატანა სჭირდებოდა.

68-ე წუთამდე, სიტუაცია არ შეცვლილა – შვედებს კვლავ 3 ბურთი ესაჭიროებოდათ. ძირითადი დროის ამოწურვამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, კელსტრომმა კუთხური მოაწოდა, ზლატანმა თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა. 4 წუთში, იბრამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში უკვე 2 მატჩის ჯამშიც გათანაბრდა. თუმცა, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ.

შეტევაში დიდი ძალებით წასული შვედეთი რონალდუმ მალე დასაჯა. 77-ე წუთზე, მან ალმეიდას გადაცემა გამოიყენა. კიდევ ორ წუთში, კრშიტიანუმ მოუტინიოს მორიგი კარგი გადაცემით იხეირა და ეროვნულ გუნდში მე-2 ჰეთ თრიქი გაიფორმა, ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით (47) რეკორდსმენ პაულეტას გაუტოლდა და რაც მთავარია, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

თუ იორდანიამ ურუგვაისთან სასწაული არ მოახდინა და ხუთბურთიანი ჩამორჩენა არ აღმოფხვრა, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის წინა გათამაშებების რვავე გამარჯვებული ითამაშებს. ამის ალბათობა მცირე იყო იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთს, პირველი თამაშის შემდეგ, უკრაინასთან ორბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა. თუმცა, პარიზში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა სტუმრები აშკარად დაჯაბნეს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს.

ფრანგებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, როდესაც რიბერის დარტყმულს საკომ შედეგიანად დაამატა.

30-ე წუთზე, არბიტრმა ბენზემას წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მან ფრანგ თავდამსხმელს ვალი 4 წუთში დაუბრუნა. მე-2 გოლის დროს, როდესაც ვალბუენამ მისი მისამართით გადაცემა გააკეთა, ბენზემა აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

თამაში შესვენების შემდეგ ახალი განახლებული იყო, როდესაც უკრაინა რთულ სიტუაცია ჩავარდა – ხაჩერიდიმ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. საფრანგეთს ფსიქოლოგიური უპირატესობა ისედაც ჰქონდა, რასაც რიცხობრივიც დაემატა და შედეგად, დეშამის გუნდმა მე-3 გოლიც გაიტანა. ეს 72-ე წუთზე მოხდა, როდესაც პოგბას არცთუ კარგ დარტყმას გუსევმა მიმართულება უიღბლოდ შეუცვალა.

უგოლო პირველი თამაშის შემდეგ, ისლანდიას ხორვატიამ კაცნაკლულმა სძლია. ნიკო კოვაჩის გუნდის თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა, 27-ე წუთზე პერიშიჩის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო 11 წუთში, უხეშად თამაშის გამო, პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

მე-2 ტიამი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ჩართულმა სრნამ კოვაჩიჩის გარღვევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და ორმატჩიანი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველ თამაშში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა საბერძნეთმა, რომელმაც რუმინეთში 1:1 ითამაშა. ვიქტორ პიტურჩას გუნდის კარში გოლი კვლავ კოსტას მიტროღლუმ გაიტანა, რომელმაც 23-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა. შეხვედრის მე-2 გოლიც ბერძენმა ფეხბრთელმა გაიტანა, მაგრამ საკუთარ კარში და ძალიან ეფექტურიც. 55-ე წუთზე, იმის ნაცვლად, რომ ბურთი მოეგერიებინა, ტოროსიდისმა, საჯარიმოს წინა ხაზიდან, საკუთარ მეკარეს აუღებელი დაურტყა.

ამრიგად, ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ცამეტივე გუნდის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: ბელგია, იტალია, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, რუსეთი, ბოსნია, ინგლისი, ესპანეთი, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი და საფრანგეთი. მათ აზიიდან იაპონია, ავსტრალია ირანი და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ ამერიკიდან კოსტა რიკა, აშშ და ჰონდურასი, სამხრეთ ამერიკიდან არგენტინა, კოლუმბია, ჩილე და ეკვადორი, აფრიკიდან ნიგერია, კოტ დ’ივუარი, კამერუნი, განა და ალჟირი, ხოლო მასპინძლის სტატუსით ბრაზილია შეუერთდება. შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ ორ ადგილს მექსიკა და ურუგვაი შეავსებენ. ფლეი ოფის პირველ მატჩში, პირველმა მათგანმა ახალ ზელანდიას 5:1 სძლია, ხოლო ურუგვაიმ იორდანია 5:0 გაანადგურა.

 

რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 (0:1) (პირველი მატჩი 1:3)

გოლები: 0:1 მიტროღლუ (23), 1:1 ტოროსიდისი (55, ს.კ.).

 

ხორვატია-ისლანდია 2:0 (1:0) (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (27), 2:0 სრნა (47).

გაძევება: მანჯუკიჩი 38 (ხორვატია).

 

შვედეთი-პორტუგალია 2:3 (0:0) (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 0:1 რონალდუ (50), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (68), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (72), 2:2 რონალდუ (77), 2:3 რონალდუ (79).

 

საფრანგეთი-უკრაინა 3:0 (2:0) (პირველი მატჩი 0:2)

გოლები: 1:0 საკო (22), 2:0 ბენზემა (34), 3:0 გუსევი (72, ს.კ.).

გაძევება: ხაჩერიდი 47 (უკრაინა).

0.378087