წუხელ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, “პარი სენ ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის (3:1), 70-ე წუთზე პარიზელთა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უცებ ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ექიმების ჩარევის მიუხედავად, შეხვედრა ვერ გააგრძელა, ის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ შეცვალა.
L’equipe-ს ცნობით, პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ელ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ზლატანი “რამდენიმე კვირას ვერ ითამაშებს.” როდის დაუბრუნდება შვედი მინდორს, ჯერ უცნობია. საფუძვლიან გამოკვლევას მას დღეს ჩაუტარებენ. თუმცა, უკვე ნაღდია - “ჩელსისთან” საპასუხო მატჩში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის 8 შეხვედრაში “იბრამ” 10 გოლი გაიტანა.