ფეხბურთი

18:44 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარის” მეტოქეს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა

ფუტსალში უეფას თასის ფინალურ ეტაპზე “იბერია სტარსის” ერთ-ერთ მეტოქეს ალმატის “ქაირათს” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა და ბრაზილიელი მარკაოს მაგივრად, გუნდს მისი თანამემამულე კაკაუ უხელმძღვანელებს.
12 დღის წინ, “ქაირათი” ბრაზილიელმა სპეციალისტმა ჟოაო ბარბოზამ დატოვა, რომელმაც სამუშაოდ რუსულ “სიბირიაკს” მიაშურა. მის მაგივრად ალმატელთა თავკაცად მარკაო დაინიშნა, რომლის დებიუტიც ყაზახეთის ჩემპიონატში წარუმატებელი აღმოჩნდა. მარკაო თავის პოსტზე სულ 2 კვირა იმუშავა და იგი 41 წლის რიკარდო კამარა სობრალმა შეცვალა, რომელიც უფრო კაკაუს სახელით არის ცნობილი. მარკაო კი, მისი თანაშემწე გახდა.
კაკაუ “ქაირათში” 5 წელიწადი თამაშობდა, მანამდე სხვადასხვა ბრაზილიური კლუბების, ესპანური “კასტელიონისა” და რუსული “სპარტაკის” ღირსებას იცავდა. მისი ბოლო კლუბი ჩეხური “ჰრუდიმი” იყო. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, კაკაუ სათავეში სწორედ ამ კლუბს ჩაუდგა. სხვათა შორის, მან 2012 წელს, ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის ფუტსალისტთა ეროვნულ ნაკრებს უხელმაძღვანელა.
“ქაირათის” შემადგენლობაში მოთამაშის რანგში ბევრი წელი გავატარე. მის რიგებში უეფას თასის ბრინჯაოს მედალი მოვიგე და ყაზახეთის ჩემპიონი არაერთხელ გავხდი. დღეს, მშობლიურ კლუბში მწვრთნელის რანგში ვბრუნდები. უეფას თასის მომავალი ტურნირი ჩემთვის კარგი გამოცდა იქნება. ამჟამად, “ქაირათში” გამოცდილი მოთამაშეები არიან შეკრებილი, რომელთაც ჩემზე მეტის მიღწევა შეუძლიათ” – განაცხადა კაკაუმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში. 


ლაშა თაბაგარი






0.12625