ფუტსალის უეფას თასის 1/2-ფინალში თბილისის “იბერია სტარის” მეტოქემ, მოსკოვის “დინამომ” რუსეთის თასი მეშვიდედ მოიგო.
“ტიუმენთან” პირველი მატჩის 1:3 წაგების შემდეგ, ფაუსტინო პერესის შეგირდებმა შინ მეტოქე 6:0 დაამარცხეს.
განვლილ მატჩში “დინამომ” შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, რადგან გუნდს ტრავმების გამო მცველები სერგეი სერგეევი და ალქესანდრ რახიმოვი, თავდამსხმელები ვლადისლავ შაიახმეტოვი, სირილო და დიეგინიო აკლდნენ. “ტიუმენთან” დუბლი ნანდომ და ფერნანდინიომ შეასრულეს, ხოლო თითო გოლი პულამ და გუსტავომ გაიტანეს. მანამდე “დინამომ” რუსეთის თასი 2003, 2004, 2008, 2009, 2010 და 2011 წლებშიც მოიპოვა.
“მსურს, ჩემს გუნდს მივულოცო. ერთად უდიდესი შრომა გავწიეთ, განსაკუთრებით ტიუმენში ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენთვის არცთუ კარგად წარიმართა. სტუმრად გოლები არასაკმარისად გავიტანეთ, მაგრამ საბოლოოდ დადებითი შედეგი ვაჩვენეთ. მადლობა ბიჭებს და ასევე მეტოქესაც. წაგების მიუხედავად, “ტიუმენმა” საუცხოოდ ითამაშა”, - იუწყება ფაუსტინო პერესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.