ძიუდო

18:06 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაპონურ-მონღოლური სტარტი

მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში ძიუდოისტთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – გრან პრი დაიწყო. სამდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. აქედან ორი კაცებში, სამიც – ქალებში. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი მხოლოდ კაცებში ჰყავდა. ისიც, მარტო ერთ წონით კატეგორიაში - 66 კილოგრამში. კიმონო ტრისტან ფეიქრიშვილმა და თორნიკე თათარაშვილმა მოირგეს და გრან პრის ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

ფეიქრიშვილმა ტურნირი ჰონგკონგელი ლაპ ფუნგ ლამის ორწუთნახევარში ძლევით გახსნა, მაგრამ მერვედფინალში სუფთადვე წააგო იაპონელ შო ტატეიამასთან. არადა გადამწყვეტ ილეთამდე ვაზარით იყო წინ.

თათარაშვილი მონღოლურ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – პირველსავე წრეში ჩინელ დუანბინ მასთან იპონით დამარცხდა.

66 კილოგრამის პოდიუმზე მხოლოდ იაპონელი და მონღოლი ძიუდოისტები ავიდნენ. ჩემპიონი ტომოფუმი ტაკაიო გახდა, რომელმაც ფინალში ტუმურხულეგ დავაადორჟს აჯობა. მესამე საპრიზო ადგილები კი ფეიქრიშვილის მომგებმა ტატეიამამ და ალტანსუხ დოვდონმა დაიკავეს.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში ოქროს მედალს მასპინძელი ბოლდბაატარ განბატი დაეუფლა. გადამწყვეტი გამარჯვება მან ბრაზილიელ ერიო ტაკაბატაკესთან მოიპოვა. ბრინჯაოები კი იაპონელებს: რიო კავაბატასა და ტორუ შიშიმეს ერგოთ.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით საქმეში ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ) ჩაერთვებიან.

რეხვიაშვილი და ტატალაშვილი წილისყრამ სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა და მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. გრან პრის ორივე მეორე წრით - მერვედფინალით გახსნის. რეხვიაშვილი პორტუგალიელი ანდრე ალვეშისა და სამხრეთკორეელი ვონ გი იანგის წყვილიდან გასულს დაეჭიდება, ხოლო ტატალაშვილი – თურქ ჰასან ვანლიოღლუსა და ჩინელ ინჟირიგალა საის შორის უძლიერესს.

კენჭისყრისას არც საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებულ წევრს გაუმართლა – სტამს პირველ მეტოქედ იაპონელი რუი ტაკაჰაში ერგო. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ კელიტა ზუპანჩიჩსა და მონღოლ ხულან ბატბაატარს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

ულან ბატორის გრან პრის დასკვნით დღეს – 6 ივლისს ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან მედლებისთვის ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაებმებიან.

 

ძიუდო

გრან პრი

ულან-ბატორი

4 ივლისი

 

კაცები

 

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

3 რიო კავაბატა (იაპონია)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

 

66 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)

3 შო ტატეიამა (იაპონია)

 

ქალები

 

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

2 ბო კიეონგ იონგი (სამხრეთ კორეა)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი)

3 შუგენ ვუ (ჩინეთი)

 

52 კგ

1 ინგნან მა (ჩინეთი)

2 მარენ კრაე (გერმანია)

3 ცოლმონ ადიიასამბუ (მონღოლეთი)

3 ბუნდმას მუნხბაატარი (მონღოლეთი)

 

57 კგ

1 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)

2 მაკიკო ოტომო (იაპონია)

3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)

3 ტინა ზელტნერი (ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118623