კაცი ვერ ჩამოთვლის იმ საშინელებებს, რაც წელს იაპონიას დაატყდა თავს. ამ კუნძულოვან ქვეყანას მიწისძვრამ, ცუნამიმ და ატომურმა პრობლემებმა ერთად შეუტია და ამას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ იაპონელები რისი იაპონელები იქნებოდნენ, გაჭირვებას რომ დაებეჩავებინა და ცხოვრებაზე ხელი ჩაექნიათ... ამის დასტურია ის, რომ იაპონელი ბიზნესმენების ჯგუფმა, იაპონიის ქალაქ კობესთან ახლოს, შუაზღვაში მორიგი ხელოვნური კუნძულის შექმნა გადაწყვიტეს. ამ ხელოვნურ კუნძულზე ახალი სპორტული კომპლექსების განთავსებაა დაგეგმილი.
იაპონელებს ხელოვნური კუნძულების აშენების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ამ ქვეყანაში ორი აეროპორტი სწორედ ხელოვნურ კუნძულზეა აგებული. ამას გარდა, ამგვარი ხერხით შექმნილი პატარ-პატარა კუნძულები სხვა დანიშნულებებითაც (საწყობები, ავტოსადგომები, ქარხნები და სხვა) გამოიყენება. ხელოვნური კუნძულები გარკვეულწილად პრობლემატური რამ გახლავთ. ზღვის წყალი ასეთ კუნძულს პერიოდულად აცლის მიწის ქვედა ფენებს და კუნძულის ზედა ნაწილი მალიმალ განახლებას თუნდაც იმიტომ საჭიროებს, რომ ზედაპირი წყალმა არ დაფაროს, მაგრამ ეს მაინც ვერ აფრთხობს იაპონელ ბიზნესმენებს, მშენებლებსა და არქიტექტორებს.
დაპროექტებული სპორტული კომპლექსი, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე უნდა განთავსდეს, 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე იქნება აშენებული და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოემსახურება. კუნძულზე განთავსებული იქნება სტადიონები, საწვრთნელი დარბაზები, ღია ტიპის სავარჯიშო მოედნები, კაფეები და ორი ავტოსადგომი. კუნძულის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და მისი საბოლოოდ დასრულება დაახლოებით 2 წელიწადში უნდა მოხერხდეს.