გულშემატკივრის სვეტი

11:18 | 9.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

იამაიკური სოფელი

სპორტში ყველა თაობას თავისი ლეგენდა ჰყავს და ალბათ მომავალშიც ეყოლებათ. ლეგენდების გარეშე არც ერთი სახეობა არ არსებობს და სწორედ გამორჩეული ხალხის გამო გვიყვარდება სახეობაცა და კონკრეტული კლუბი ან ნაკრები. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს თაობის სპორტული ლეგენდები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან და ოკეანის გაღმა-გამოღმა შობილი სწორედ ეს ორი ბიჭი ქმნის სპორტში მოდასა და ამინდს. თუმცა, თავს უფლებას ვაძლევ და ვიტყვი, რომ ეს ასე არაა. თაობის გმირად ჯერჯერობით ერთადერთი კაცი – იამაიკელი მორბენალი, უსაინ ბოლტი მესახება. უსაინი ის კაცია, რომელიც დღემდე აგრძელებს ჩვენს გაოცებას და მიმდინარე ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დროსაც, თუკი ვინმემ გათამაშებას ხიბლი, სილამაზე და ინტრიგა შესძინა, სწორედ ეს დიდებული შავი კაცი იყო. სპორტისა და კონკრეტულად მძლეოსნობის ამბებში ჩაუხედავი ადამიანებისთვის შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს ფრაზა: ”ახალი ოლიმპური რეკორდი”. მით უმეტეს იმ სახეობაში, სადაც კონკურენცია ყოველთვის განუზომლად დიდი იყო და ახალი რეკორდები პანტა-პუნტით მყარდებოდა. მაგრამ ჩვენ ალბათ გვესმის დამსახურება უსაინ ბოლტისა, რომელმაც 2012 წლის ოლიმპიადაზე ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.  
2008 წლის პეკინის ოლიმპიადა ქართველი სპორტსმენებისათვის მთლიანობაში საკმაოდ წარმატებული იყო. ამის მიუხედავად, ქართველებს წინა ოლიმპიადა განსაკუთრებით ნათელ ფერებში ნამდვილად არ გვახსენდება. ამის მიზეზი რასაკვირველია ოთხი წლის წინანდელი აგვისტოს ომი და ის უბედურებები იყო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ტელევიზორში ოლიმპიადის მიმდინარეობას მხოლოდ მაშინ თუ აქცევდა ყურადღებას, როდესაც ქართველი სპორტსმენები გამოდიოდნენ. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ბევრს სურვილი და ნერვები არ ჰქონდა მძლეოსნობის ტურნირებისათვის ეყურებინა და უსაინ ბოლტის დიდებულებით დამტკბარიყო. ბოლტმა პეკინში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და რეკორდი-რეკორდზე დაამყარა. მაშინ ერთმა ამერიკელმა კომენტატორმა მოსწრებულად იხუმრა: ”უსაინ ბოლტს რომ ვუყურებ, ასე მგონია, საერთოდ დაკარგა აზრი შეერთებულ შტატებში მძლეოსნობაში ფულის ჩადებამ, რადგან ამ კაცის გამსწრებს მაინც ვერასოდეს გავზრდითო”. ამერიკელი სპორტული კომენტატორის ეს სიტყვები რა თქმა უნდა მხოლოდ ხუმრობა იყო და ამერიკელები ის ხალხი არ არიან, უბრძოლველად (მით უმეტეს სპორტში) ფარ-ხმალი დაყარონ და მით უმეტეს არ დააფინანსონ ის სახეობები, რომლებშიც ტრადიციულად წარმატებულები იყვნენ. უბრალოდ უნდა გავუგოთ ამ ამერიკელსაც, რომელმაც ყველაზე მარტივად დაინახა განსხვავება უსაინ ბოლტსა და სხვა დანარჩენ მორბენალებს შორის.
 ახლა ერთი სახალისო იამაიკური ისტორიაც... უსაინ ბოლტი სხვა ფერადკანიანების მსგავსად,  ზოგადად მხიარული და კომუნიკაბალური კაცია. ჟურნალისტებთანაც ხშირად ისეთ ამბებს ყვება, გაზეთის პირველ გვერდებზე რომ უნდა გაიტანონ. ერთხელ უსაინ ბოლტმა სრული სერიოზულობით მოჰყვა, რომ ერთ პატარა იამაიკურ სოფელში, სადაც ბოლტი დაიბადა, ძველი ტრადიციისამებრ წელიწადში ერთხელ მზის დღესასწაულზე (თურმე არსებობს ასეთი დღესასწაული იამაიკაში) მთელი სოფელი, ქალიც, კაციცა და ბავშვიც ერთგვარ სალაღობო გარბენას აწყობენ. პირველ ადგილზე გასულს კი სოფლის უხუცესი, თეთრ თხას ჩუქნის. ჰოდა, უსაინ ბოლტი ირწმუნება, რომ ამ გარბენებში დღემდე იღებს მონაწილეობას და მესამე ადგილზე წინ არასოდეს გასულა. რამდენად რეალურია ეს ამბავი – თავად განსაჯეთ. უსაინ ბოლტი კი ირწმუნება, სიმართლეს ვამბობ და ჩემი სოფლის სალაღობო გარბენაში პირველ ადგილზე ვერა და ვერ გავედიო. სამი ოლიმპიური ოქროს მფლობელისა და დღეს ფინანსურად უკვე საკმაოდ შეძლებული სპორტსმენისათვის თეთრი თხის მოგება ბევრს არაფერს რომ არ ნიშნავს – ფაქტია. ისიც შეიძლება, რომ ბოლტი სპეციალურად არ იმარჯვებს მისი სოფლის ”ტურნირში”,  და უნდა სხვები გაახაროს – უსაინ ბოლტი მყავს უკან მოტოვებულიო. მაგრამ, ეს ასეც რომ იყოს, ხომ გონებაში წარმოგიდგენიათ ის ადგილი, სადაც პატარა უსაინი დაიბადა და იზრდებოდა. უსაინ ბოლტი ციდან ნამდილად არ ჩამოვარდნილა და იმ გარემოს ნაწილი იყო, რაც მის სოფელში სუფევდა. ხოლო სადაც მთელი სოფელი სირბილში ერთმანეთს ეჯიბრება, სწორედ იქ შეიძლება დიდი ჩემპიონი გაიზარდოს და არა იქ, სადაც მშობლებს უხირო შვილები ძალით დაჰყავთ სპორტზე. ერთი ეგეთი სოფელი არც ჩვენ გვაწყენდა, მაგრამ სადაა...

ლევან სეფისკვერაძე

0.117561