როდესაც იაია ტურე “ბარსელონაში” გადავიდა, მას მოიხსენიებდნენ, როგორც კოლო ტურეს უმცროს ძმას. იგი მართლაც იყო უფროსი ძმის ჩრდილქვეშ მოქცეული, მაგრამ დამაჯერებელი თამაშის წყალობით, მალევე მოახერხა ფეხბურთში საკუთარი სახელით დამკვიდრება. ამჟამად იაია ბურთს “ბარსელონაში” და კოტ დ’ივუარის ნაკრებში აგორებს. ეროვნულ გუნდს იგი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაშიც დაეხმარა. ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში იაიამ ისაუბრა სპილოს ძვლის კუნძულელთა წარმატების საიდუმლოზე.
- ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, შეგვიძლია კოტ დ’ივუარისთვის წარმატებად ჩავთვალოთ. რამდენად მნიშვნელოვნად ითვლება ეს მიღწევა უშუალოდ თქვენს სამშობლოში?
- ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის ეს რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მთელი აფრიკისთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ვართ პირველი აფრიკული თაობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ კონტინენტზე ითამაშებს. მოხარულნი ვართ, რომ ამ ზეიმის მონაწილენი გავხდებით. ვერ გეტყვით რამდენად შორს მოვახერხებთ წასვლას, მაგრამ ის ვიცი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და ბევრი რამ გავაუმჯობესეთ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომებს არ დავუშვებთ, მაგრამ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ძველი შეცდომები არ გავიმეოროთ.
- საკვალიფიკაციო ეტაპი კოტ დ’ივუარმა შესანიშნავად გაიარა და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- საკვალიფიკაციო ეტაპი იოლი არასდროსაა, რადგან ყველა გუნდს სურს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. წარმატებას იმის ხარზჯე ვაღწევდით, რომ ყოველ შეხვედრაში მაქსიმალურად ვიხარჯებოდით. მაგალითად, ბურკინა ფასოს ჰყავს მებრძოლი, მალავის კი არაპროგნოზირებადი გუნდი. აფრიკის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში იოლი არაა, განსაკუთრებით ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც დიდი მანძილის დაფარვა უწევთ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსასვლელად.
- კოტ დ’ივუარს 2010 წლის ჩემპიონატის ფავორიტებს შორის მიიჩნევენ როგორ ფიქრობთ, ძალგიძთ იმედების გამართლება?
- (იცინის) ხალხი თვლის, რომ აფრიკის კონტინენტზე საუკეთესო გუნდი გვყავს და ეს ჩვენზე ზეწოლას აძლიერებს. რა თქმა უნდა გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ, მაგრამ პირველობა ჩვენი მიზანია. მაგრამ ჩვენ გვმართებს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირება. მედიამ შესაძლოა ფავორიტად შეგრაცხოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო. ვიცით, რომ დასახული მიზნის მიღწევა შეგვიძლია. 2006-ში ჟინი და მონდომება არ გვაკლდა, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. გარდა ამისა, ძალზე რთულ ჯგუფში მოვხვდით.
- გარდა კოტ დ’ივუარისა, რომელ აფრიკულ ნაკრებს გამოყოფთ?
- რა თქმა უნდა, განას. ეს ძალზე ძლიერი გუნდია და ვთვლი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არაერთს გააოცებს. ასევე გამოვყოფ კამერუნს, რომელსაც ისტორიულად ყოველ¬თვის ძლიერი გუნდი ჰყავს.
- შეძლებენ აფრიკული გუნდები მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლას?
- აფრიკულმა გუნდებმა იციან, თუ რა ელით მათ წინ. მათ დიდი პერსპექტივები აქვთ. ჩვენი კონტინენტის წარმომადგენლები საკმარისად მომწიფდნენ იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უბრალოდ ამ ტურნირის შესავსებად არ მიდიოდნენ. თუ აფრიკული გუნდების თამაშს შეხედავთ, მიხვდებით, რომ ევროპელებისგან მათ ბევრი რამ აღარ განასხვავებთ. ეს ფაქტი კი გათამაშებას უფრო საინტერესოს გახდის.
- რამდენად დიდი გავლენა იქონია კოლო ტურემ თქვენს კარიერაზე?
- როდესაც “ბარსელონაში” გადმოვედი, მან მითხრა, რომ წინ რთული საქმე მელოდა, მაგრამ გამამხნევა და თავდაუზოგავი მუშაობისკენ მომიწოდა. იგი ძალზე დისციპლინირებული ადამიანია, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. თავის კარიერაში კოლომ ბევრს მიაღწია და დიდ პატივისცემას იმსახურებს. მის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ.
- ”ბარსელონაში” დაახლოებით 2 წელია რაც თამაშობთ. როგორ შეაფასებდით “კამპ ნოუზე” გატარებულ ამ პერიოდს?
- როდესაც პირველად შედიხარ “ბარსელონას” გასახდელში, აღე-ლვებული და ცოტათი შეშინებული ხარ. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არ ვღელავდი. მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შენს თავს ეუბნები, რომ აქ საქმის საკეთებლად ხარ მოსული. პირადად ჩემთვის ახალ კლუბთან შეგუება თავიდანვე ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მალევე გავაანალიზე, რომ უნდა შევჩვეოდი კლუბს და ქალაქს.
- თვლი, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხარ?
- არა, ბოლომდე არა. უკეთ თამაშიც შემიძლია. ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი უპირველესი საზრუნავი იყო “ბარსელონას” პირველ გუნდში ფეხის მოკიდება. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპაში თავიდან საქმეები არცთუ კარგად მისდიოდა, მაგრამ ახალ ადგილსამყოფელთან ადაპტაციის შემდეგ მათ გაბრწყინება მოახერხეს.
- დავუბრუნდეთ სანაკრებო ფეხბურთს. რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა დიდიე დროგბა კოტ დ’ივუარისთვის?
- დროგბა ჩვენი გუნდის ლიდერია. მას თავისი თავი ნაკრებისთვის აქვს მიძღვნილი და თანაგუნდელები მისგან ბევრს ვსწავლობთ. იგი ბევრს არ ლაპარაკობს, უბრალოდ შედის მოედანზე და თავის საქმეს აკეთებს. ნაკრებში თამაშის დროს ინდივიდუალურ მიღწევებს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენთვის უმთავრესი გუნდის წარმატებაა.
- სამხრეთ აფრიკაში რამდენჯერმე ყოფილხართ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ ქვეყანაზე?
- ეს არის ძალზე ლამაზი და აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. მათი ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ. ვფიქრობ სამხრეთ აფრიკაში კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. როგორც აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი, სამხრეთ აფრიკას ბოლომდე ვუჭერ მხარს.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა