იაია ტურე “ბარსელონას” იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც ამჟამად ტრავმის მოშუშებაზე უწევთ ზრუნვა. მიუხედავად მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხისა, კოტ დ’ივუარელი დარწმუნებულია, რომ მისი კლუბისთვის მიმდინარე სეზონი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა.
- როგორ მიდის თქვენი გამოჯანმრთელების პროცესი?
- ვარჯიში უკვე დავიწყე და იმედი მაქვს, “რასინგის” წინააღმდეგ თამაშს მოვახერხებ.
- აფრიკის თასის შემდეგ, როგორ გრძნობდით თავს “ხეტაფესთან” გამართულ მატჩში?
- კარგად. ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო ის დრო, რომელსაც მწვრთნელი სათამაშოდ მაძლევს, რადგან მომწონს “ბარსელონას” მაისურით თამაში, ჩვენი გულშემატკივრები და “კამპ ნოუ”.
- მაგრამ მიმდინარე სეზონში გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო გეძლევათ.
- დიახ, ეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაა და მიჭირს, მაგრამ ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია და უნდა ველოდო ჩემს შანსს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “კალდერონზე” განცდილი მარცხის მიუხედავად, ლიდერობა შევინარჩუნეთ.
- გვარდიოლა გესაუბრათ გუნდში თქვენს ახალ როლზე?
- დიახ. ეს ჯერ კიდევ აფრიკის თასზე ჩემს გამგზავრებამდე მოხდა.
- რა გითხრათ მან?
- მითხრა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს. ვთვლი, რომ მწვრთნელმა იცის რას აკეთებს. მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩის წინ თავი მშვიდად უნდა ვიგრძნო. მოედანზე ერთდროულად მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია გასვლა და ამ წესს პატივი უნდა ვცეთ.
- როგორ შეეგუეთ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას მას შემდეგ, რაც გუნდში, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი ფეხბურთელი იყავით?
- გამიჭირდა, მაგრამ ვცემ რა პატივს თანაგუნდელებს, ეს სიახლე უნდა მივიღო. პროფესიონალი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენო შანსი, რომელიც მომეცემა.
- შაბათს “ბარსელონა” ხვდება “რასინგს”, რომლის რიგებშიც 19 წლის ბიჭი თამაშობს. რას ფიქრობს სერხიო კანალესზე?
- რამდენჯერმე ვნახე მისი თამაში. იგი ახალგაზრდა, მაგრამ დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. მიუხედავად გუნდში არსებული ტრავმიანობისა, “რასინგს” მაინც შეუძლია ჩვენთვის პრობლემების შექმნა.
- კოტ დ’ივუარს ჰყავს არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი. მაგალითად დიდიე დროგბა, ან თქვენი ძმა კოლო ტურე. მაგრამ 6 ტიტულის მოგება მაინც თქვენ მოახერხეთ. ხართ სპილოს ძვლის კუნძულებზე ახალი კერპი?
- წარმატებული საკლუბო წლის შემდეგ, კვლავ დამასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩემს სამშობლოში უყურებენ “ბარსელონას” ყველა შეხვედრას, მათ მოსწონთ ჩვენი თამაში. ასეთი პოპულარობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
- თქვენს ძმას თქვენი, ალბათ, ცოტათი შურს...
- 6 ტიტულის მოგება და ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, ყველას სურს. იგი გახარებულია ჩემი წარმატებებით. მან იცის, რომ ასეთ შედეგებამდე მისვლა ჩემთვის იოლი არ ყოფილა და რასაც მივაღწიე, ყველაფერი პირადად ჩემი დამსახურებაა.
- რაც შეეხება თქვენს კარიერას – სანამ “ბარსელონაში” გადმოხვიდოდით, არცერთ კლუბში გაჩერებულხართ სამ წელზე მეტი. რატომ?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მომწონს “ბარსელონა”, “კამპ ნოუ” და ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც მიწევს თამაში. მსურს, განვაგრძო სწავლა და პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობა. კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა ოცნებას ჰგავს. ასეთი წუთებით მომავალშიც მინდა სიამოვნება მივიღო.
- რა ოცნება გაქვთ დარჩენილი, როგორც “ბარსელონას” ფეხბურთელს?
- ჩემი უპირველესი ოცნებაა “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მოგება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ესპანეთის ჩემპიონატიც, მაგრამ “ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებულია.
- არის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში განსაკუთრებით მოტივირებული?
- დიახ, ესპანეთის თასიდან გამოვარდნა რთულად გადავიტანეთ, მაგრამ უნდა განვაგრძოთ წინსვლა, რადგან 2 ტიტული გვაქვს მოსაგები.
- რას გეუბნებათ სიტყვა “ვილიარატო”?
- არაფერს. როდესაც ხარ ლიდერი და კარგად თამაშობ, თავის მართლება არაფერზე გიწევს. არ მაღელვებს რას გააკეთებენ მსაჯები. ვიცით, რომ წინა სეზონის შედეგების გამეორება არარეალურია, რადგან მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული შემართებით თამაშობენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევძლოთ დავივიწყოთ მსაჯები და განვაგრძოთ მუშაობა.
- როგორ ფიქრობთ, “რეალში” შურთ “ბარსელონასი”?
- პირადად ჩემთვის, “ბარსელონა”-“რეალის” დაპირისპირება საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი აღემატება “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ჩელსის”, ან “მილანის” და “ინტერის” დაპირისპირებებს. ამიტომ, როდესაც ერთი გუნდი მეორეს სჯობს, ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს მე არ მაღელვებს, რადგან “ბარსელონა” განაგრძობს შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენებას.
- რას გვეტყვით “რეალზე”?
- ეს საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. მადრიდელებმა დიდებული ფეხბურთელები დაიმატეს, რითიც მდგომარეობა გაგვირთულეს, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა სეზონში, “ბერნაბეუზე” ამჯერადაც მოვიგებთ.
- დავუბრუნდეთ პირადად თქვენს სიტუაციას. როდესაც არ გეძლევათ იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც გსურთ, მაშინვე გამოჩნდება თქვენი აგენტი დმიტრი სელიუკი და უკმაყოფილებას გამოთქვამს. გაქვთ ხოლმე მასთან ამ თემაზე საუბარი?
- დიახ (იცინის). დმიტრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში, იგი ყოველთვის მეხმარებოდა. იგი უკმაყოფილოა, როდესაც ვერ ვთამაშობ და ეს ნორმალურია. მაგრამ ბოლო დროს იგი უკმაყოფილებას ნაკლებად გამოხატავს. მე მას ვუთხარი, რომ მოცდაა საჭირო, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდის მოგებების გაგრძელება და ის, რომ “ბარსამ” განაგრძოს ორივე ტურნირის მოსაგებად ბრძოლა.
- აფრიკის ერთა თასის დაწყებამდე, თქვენ და თქვენმა ძმამ “ევროსპორტს” ინტერვიუ მიეცით. მაშინ თქვენ განაცხადეთ, რომ ოდესმე ითამაშებდით ინგლისში. როდის გეგმავთ ამას? არაერთხელ გაიმეორეთ, რომ სიამოვნებით თამაშობთ “ბარსელონაში”.
- შესაძლოა, ოდესმე ასეც მოხდეს, რადგან უკრაინაში გადასვლამდე 2 თვის განმავლობაში ძმასთან ერთად “არსენალში” ვვარჯიშობდი და თავს ინგლისში ძალზე კარგად ვგრძნობდი. მინდა, კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო, მაგრამ ვუყურებ რა კლუბის კანტერას, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთხელაც, წასვლას არ მომთხოვენ.
- ანუ, მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” რჩებით?
- დიახ. მომავალშიც მსურს ხავისთან, ინიესტასთან და დანარჩენებთან ერთად თამაში. “ბარსელონაში”, ყველაზე ცოტა, კიდევ ერთი წლით დავრჩები.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა