ჭადრაკი

2:10 | 2.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ სენსაციურად გალიდერდა

გიბრალტარის უძლიერესი საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ, ლიდერობა ხელთ ქალთა შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა იიფან ჰოუმ (2605) იგდო. აზიელმა ქალბატონმა, რომელიც რეიტინგით ტურნირზე მხოლოდ 25-ე გახლავთ, ამჯერად, შავი ფიგურებით სახელოვანი ალექსეი შიროვი (ლატვია, 2710) დაამარცხა და სენსაციურად დაწინაურდა.
ჰოუმ 9 ტურში თავი 7.5 ქულას მოუყარა და მდევართა ხუთეულს 0.5 ქულით უსწრებს. ცნობილია ისიც, რომ დასკვნით ტურში, ჩინელი თეთრებით, დამატებითი მაჩვენებლებით, მე-3 ადგილზე მყოფ აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს (2747) ეთამაშება, რომელსაც გიბრალტარში მე-2 განთესვა გააჩნია.
უდავოდ წარმატებული უნდა ვუწოდოთ ქართველი ნანა ძაგნიძის (2535) თამაშსაც, რომელიც რეიტინგით 41-ე გახლდათ, თუმცა, ამ დროისთვის 6.0 ქულის მოგროვება მოახერხა და მე-18 ადგილზე იმყოფება. გასულ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ფრანგ ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს (2699) დაუპირისპირდა და 77-ე სვლაზე საპატიო ყაიმი გააფორმა. ბოლო ტურში ნანა თეთრებით სომეხ გაბრიელ სარგსიანს (2683) ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარში ძაგნიძის გარდა, კიდევ ოთხი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 61. სალომე მელია (2398) – 5.5; 77. ლელა ჯავახიშვილი (2454) – 5.0; 106. ნინო ხურციძე (2444) – 4.5; 174. შალვა კაკულია (2133) – 4.0
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდიდან (155 ათასი გირვანქა) თანხები ასე გადანაწილდება: I ადგილი – 20 ათასი გირვანქა, II – 12 ათასი, III – 10 ათასი, IV – 8 ათასი, V – 5 ათასი, VI – 3 500, VII – 3 ათასი, VIII – 2 500, IX – 2 ათასი, X – 1 000, XI – 1000, XII – 1000. ქალთა შორის გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი შესაბამისად, 7 და 5 ათასით დაჯილდოვდებიან.

0.1221