ჩინეთის ქალაქ ტაიჟოუში სტარტი აიღო მატჩმა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა, 2500) და მსოფლიოს ექსჩემპიონი, ქალთა გრან-პრის 2011-12 წლების სერიის გამარჯვებული იიფან ჰოუ (2609) ეპაექრებიან.
დაპირისპირებაში უკვე 4 ტური მიილია და ჩინელი მოჭადრაკე აშკარად უკეთ გამოიყურება. მან შავებით ორივე პარტია მოიგო, თეთრებით კი ორივე შემთხვევაში ყაიმი დააფიქსირა და უკვე სოლიდური სხვაობით – 3:1 დაწინაურდა. მე-5 პარტია 17 სექტემბერს შედგება და თეთრი ფიგურებით ისევ ჰოუ ითამაშებს.
ცნობისთვის, საჩემპიონო მატჩი 10 კლასიკური პარტიისგან შედგება, დამატებითი ტაი-ბრეიქი კი ასეთია: 4 პარტია 25+10; თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, ბლიცმატჩი ორი პარტია 5+3; არმაგედონი 5/4-ზე +3 დაწყებული მე-60 სვლიდან. ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად შავები ცხადდებიან.
ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონ ანა უშენინას სეკუნდანტები ცნობილი მოჭადრაკეები ალექსანდრ ხალიფმანი და ანტონ კორობოვი არიან, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი ანას ვერაფრით შველიან.