ინტერვიუები

17:20 | 24.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონს “ლომების” სჯერა

როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრები ევრო 2012-მდე ერთი თვით ადრე ჩაიბარა. ბევრი პესიმიზმით უყურებდა ბრიტანელთა აწმყოს, მაგრამ ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ და ახლა საბოლოო წარმატების დიდი იმედი აქვთ. იტალიასთან მეოთხედფინალური მატჩის წინ 64 წლის ჰოჯსონმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- დაგვისახელეთ იტალიის ნაკრების ძლიერი მხარეები.
- ტრადიციულად, იტალიელებს ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ჰყავთ ხოლმე. ბევრი ტექნიკური მოთამაშე მოეპოვებათ, რომლებიც “შენობით” არიან ბურთთან. დახვეწილ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ. სახიფათო თავდამსხმელები ჰყავთ, დაცვაში კი შეუვალი არიან. ამასთან, მათ კარს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი იცავს. ამიტომ, იტალია ღირსეული მოწინააღმდეგეა. მეორე მხრივ, ჩვენც გვყავს უმაღლესი კლასის ოსტატები, რომლებისაც, ალბათ, იტალიელებს ცოტა შეეშინდებათ.
- ევრო 2012-ზე ჩინებულად ირჯება სტივენ ჯერარდი. კაპიტნის სამკავურმა იმოქმედა მასზე დადებითად?
- სამკლავური მას იმიტომ მივეცი, რომ კაპიტნობის ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატად მივიჩნევდი. უბრალოდ, მსურდა, ისე ეთამაშა, როგორც სტივენ ჯერარდს შეუძლია. მიხარია, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა, მისი კაპიტნობა ყველას მოსწონს. მახარებს მისი პასუხისმგებლობაც. ზოგჯერ ძნელია ისეთი ფეხბურთელების გაერთიანება, რომლებიც კლუბებში მოწინააღდეგეები არიან.
- ინგლისის ნაკრებში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. რა შეცვალეთ მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ?
- მართალი გითხრათ, არც ვიცი. უბრალოდ, ვცდილობდი ისე მემუშავა ფეხბურთელებთან, როგორც მჩვევია. საწვრთნელ პროცესთან ერთად, დიდ ყურადღებას ვუთმობ ტაქტიკურ ნიუანსებს.
- ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრმა ჩამოწერა ინგლისის ნაკრები. გჯერათ, რომ ამ ტურნირზე ბრიტანელებს წარმატებით გამოსვლა შეუძლიათ?
- საკუთარი შანსისა ყოველთვის უნდა გჯეროდეს. როცა ბოლომდე იხარჯები და ცოტა იღბალიც გწყალობს, სასწაულების მოხდენა შეიძლება. გაიხსენეთ 1992 წლის დანია, ან 2004 წლის საბერძნეთი. ანუ, პრეცედენტები არსებობს. რატომ არ შეგვიძლია წლეულს იგივე გავიმეოროთ? ამავდროულად, რეალისტები ვართ. კარგად ვიცით, რომ იტალიასთან ისეთივე დონის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, როგორსაც ჯგუფურ ეტაპზე ვთამაშობდით. თუ რაღაცებს გავაუმჯობესებთ კიდეც, ეს ხომ მთლად საუცხოო იქნება.

 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

0.12673