ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზედიზედ ორი საშინაო ამხანაგური მატჩის წაგებისა (ჩილესთან 0:2 და გერმანიასთან 0:1), 2013 წელი უარყოფითად მაინც არ უნდა შეფასდეს.
“კრიტიკას შეჩვეული ვარ. ადამიანები წერენ იმას, რაც უნდათ რომ დაწერონ. ამბობენ იმას, რისი თქმაც უნდათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რასაც ვაკეთებთ. ვიცით, რომ წინ მივდივართ. მართალია, ამ წაგებებით მეც და ფეხბურთელებიც გაწბილებულები ვართ, მაგრამ რა იქნება ივნისში? ოქტომბრის საკვალიფიკაციო შეხვედრების შემდეგ ალბათ ზედმეტ ეიფორიაში ჩავვარდით. მაგრამ 2013-ს წარუმატებელს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ამ ამხანაგურ მატჩებში ორი პირველხარისხოვანი ნაკრები დაგვიპირისპირდა, ჩვენ კი ექსპერიმენტებს მივმართავდით. იმიტომაც ტარდება ამხანაგურები, რომ სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებზე ვიმუშავოთ. ამიტომ, ნუ გამოიტანთ დასკვნებს მხოლოდ ამ ორი შეხვედრის მიხედვით,” – უთხრა ჰოჯსონმა Sky Sports-ს.