ჭადრაკი

1:16 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოანგი დაწინაურდა და დღეს მელიასთან პარტია ელის

ქალთა შორის ევროპის XIV ინდივიდალური ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა უნგრეთის სახელით მოთამაშე ტრანგ ჰოანგი (2467), რომელმაც მე-8 ტურში შავი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინას (2507) სძლია და თავი 7.0 ქულას მოუყარა.

ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩებიან სალომე მელია (2428) და რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი (2489). ქართველმა მოჭადრაკემ ამჯერად თანამემამულე ნანა ძაგნიძეს (2558) სძლია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი 5.5 ქულით მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

მე-8 ტურში კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგა, რომელშიც ბელა ხოტენაშვილი (2512) და მერი არაბიძე (2320) დაზავდნენ. აღნიშნულის წყალობით, არაბიძემ 6.0 ქულით მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ხოტენაშვილი 5.5 ქულით მეთექვსმეტეა.

დასანანი მარცხი შეემთხვა ნინო ხურციძეს, რომელიც ორიოდ ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ. მან თეთრი ფიგურებით ზედიზედ მე-2 წაგება იგემა (ამჯერად, ხსენებულ კოსტენიუკთან) და 5.5 ქულით მე-12 ადგილზე აღმოჩნდა.

ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 15. მაია ლომინეიშვილი (2351) – 5.5; 20. სოფიკო გურამიშვილი (2421) – 5.5; 39. ლელა ჯავახიშვილი (2465) – 5.0; 42. სოფიო გვეტაძე (2341) – 5.0; 49. მაკა ფურცელაძე (2349) – 4.5; 78. ნინო ბაციაშვილი (2405) – 4.0; 91. მირანდა მიქაძე (2314) – 4.0; 98. ანა გავაშელი (2170) – 4.0; 99. სოფიო ნიკოლაძე (2163) – 4.0; 133. მადონა ბოკუჩავა (2109) – 3.0;

მე-9 ტურში რამდენიმე პარტიას გამოვარჩევთ: ჰოანგი-მელია, კოსტენიუკი-მუზიჩუკი (სლოვენია, 2594, 6.0 ქულა), სოცკო (პოლონეთი, 2435, 6.0)-გუნინა (6.0), ჩმილიტე (ლიტვა, 2497, 6.0)-კოვალევსკაია (რუსეთი, 2407, 6.0), პოგონინა (რუსეთი, 2478, 6.0)-არაბიძე, ძაგნიძე-გორიაჩკინა (რუსეთი, 2401), კრამლინგი (შვედეთი, 2523, 5.5)-გურამიშვილი, გაპონენკო (უკრაინა, 2393, 5.5)-ხოტენაშვილი, კოვანოვა (რუსეთი, 2371, 5.5)-ხურციძე, სტეფანოვა (ბულგარეთი, 2497, 5.5)-ლომინეიშვილი.

ევროპის ქალთა XIV ინდივიდუალური ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 3 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.

0.161142