ფეხბურთი

14:46 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესმა დანაშაული აღიარა: “გადასახადებს ვმალავდი”

 

ორშაბათს, მიუნხენში სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თავისი დანაშაული აღიარა. მისი თქმით, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ის გადასახადებს არ იხდიდა და სახელმწიფოს დაახლოებით 18.5 მილიონი ევრო დაუმალა.

“გადასახადების გადახდას ნამდვილად გავურბოდი. მესმის, რომ აღიარება ბევრს არაფერს ცვლის. იმედი მქონდა, რომ სამართლებრივ დევნას გავექცეოდი. დღეს, ყველაფერი გამჭვირვალეა და ფაქტებიც სახეზეა. ჩემს საქციელს ვნანობ და მინდა, ამ რთულ საქმეს წერტილი მალე დაესვას”, - განაცხადა 62 წლის გერმანელმა.

ჰიონესის საქმეს მიუნხენის ეკონომიკური დანაშაულების პალატა იძიებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, “ბაიერნის” პრეზიდენტს 10-წლიანი პატიმრობა მიესჯება.

მიუნხენის პროკურატურამ ჰიონესზე ეჭვი გასული წლის გაზაფხულზე მიიტანა. აღმოჩნდა, რომ გერმანელს გადასახადების გადახდის ფარული სქემა ჰქონდა. ის ფულს შვეიცარიის ბანკში რიცხავდა, სადაც მისი თანხა წლიური პროცენტის საშუალებით იზრდებოდა. ამის შესახებ გერმანიაში არაფერი იცოდნენ.

“ბაიერნის” ქომაგები ჰიონესის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მაგრამ დირექტორთა საბჭომ გერმანელს თანამდებობა შეუნარჩუნა. დიდი ალბათობით, ჰიონესს “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტის პოსტზე დიდი დრო არ დარჩენია, რადგან სასწაული უნდა მოხდეს, ციხეს რომ გადაურჩეს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესი “ბაიერნის” ხელმძღვანელობაში 1979 წლიდან მუშაობს. იქამდე, 10 წლის განმავლობაში, გერმანელი მიუნხენელთა შემადგენლობაში თამაშობდა. 2012 წელს, ჰიონესი “ბაიერნის” პრეზიდენტად აირჩიეს.

0.121062