კალათბურთი

1:21 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანმა და შერმადინმა პლეი-ოფი გაინაღდეს

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-13 ტურის მატჩში რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” მიუნხენში “ბაიერნი” 94:92 დაამარცხა და გერმანული გუნდი პლეი-ოფისთვის ბრძოლას ჩამოაშორა, თავად კი მეოთხედფინალის საგზური ოფიციალურად გაფორმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თელ ავიველთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:50 წუთი გაატარა.

აღნიშნულ დროში რიკის მონაგარი 13 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი იყო. ჰიკმანმა 7-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი ტირის რაისი იყო 18 ქულით, 14-14 ქულა ჩააგდეს დავიდ ბლუმ და ალექს ტიუსმა, ამ უკანასკნელმა კი მონაგარს 9 მოხსნაც წაამატა. “ბაიერნის” რიგებში საუკეთესო მალკოლმ დილეინი იყო, რომელმაც სამმაგ დუბლს შეუტია – 17 ქულა, 7 მოხსნა და 10 პასი. ამასთან “მაკაბის” კალათბურთელები ამერიკელზე 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ, შედეგად კი, დილეინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია.

აღნიშნული წარმატების წყალობით, თელ ავიველებმა 5 მარცხის წილ 8 გამარჯვება მოაგროვეს და F ჯგუფში მე-3 ადგილი გაიმყარეს. ამ ჯგუფში ტურის დარჩენილი მატჩები დღეს გაიმართება: ლიდერი მოსკოვის ცსკა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” მიიღებს, მადრიდის “რეალი” ყუბანის “ლოკომოტივს” დაუხვდება, ხოლო სერბული პარტიზანი უმოტივაციო მატჩში კაუნასის “ჟალგირისს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფიდან პლეი-ოფის ბოლო მე-4 საგზურისთვის “გალათასარაი” და “ლოკომოტივი” იბრძვიან.

უკვე 3 მატჩი ჩატარდა E ჯგუფში. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტურის საწყის შეხვედრაში იტალიურმა “ემპორიო არმანიმ” ესპანური “ბარსელონა” 91:63 გაანადგურა, გუშინ კი ბერძნულმა “პანათინაიკოსმა” მალაგის “უნიკახას” 69:60 მოუგო, ხოლო კიდევ ერთმა ესპანურმა კლუბმა “ლაბორალ კუტხამ” სტამბულის “ფენერბაჰჩე” 95:73 დაამარცხა.

დღეს გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ბოლო ადგილზე მყოფ თურქულ “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “პანათინაიკოსს” გაუტოლდება. ცნობისთვის, ათენელთა მიერ “უნიკახას” ძლევის შემდეგ, პლეი-ოფში თამაში ორივე ბერძნულმა გრანდმა გაინაღდა.

0.13519