კალათბურთი

2:10 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი ნახევარფინალშია, შერმადინს შანსი შერჩა

ესპანური “ბარსელონას” შემდეგ, ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მე-2 მონაწილე თელ ავივის “მაკაბი” გახდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იცავს.

მილანის “ემპორიო არმანისთან” საშინაო შეხვედრაში ებრაული გუნდი უმეტესი დროის განმავლობაში მარცხდებოდა და დასკვით მეოთხედს ორქულიანი ჩამორჩენით (54:56) შეხვდა, თუმცა, ბოლო ათწუთეული 32:10 (!) მოიგო, მატჩში 86:66 იმარჯვა და სერია 3:1 დაასრულა.

ჰიკმანმა ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტხანს – 38:12 წუთს ითამაშა და ამჯერადაც ძალიან სარგებლიანი იყო. რიკიმ ალექს ტიუსის მსგავსად 16 ქულა ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში უმეტესი მაჩვენებელი იყო.

ქართული პასპორტის მქონე უკანახაზელის აქტივში 5 პასი და 2 ჩაჭრაც გახლდათ. მან 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მილანელთაგან საუკეტესო კიტ ლენგფორდი იყო, რომელმაც ამ დღეებში თურქეთის მოქალაქეობა მიიღო. მან 32:23 წუთში 28 ქულა მოაგროვა.

უკვე ცნობილია, რომ “მაკაბი” ნახევარფინალურ მატჩს 16 მაისს ჩაატარებს, თელა ავიველთა მეტოქის ვინაობა კი ათენის “პანათინაიკოსის” და მოსკოვის ცსკა-ს დაპირისპირებაში ირკვევა.

ბერძნულმა კლუბმა რუსულს ორივე საშინაო შეხვედრა მოუგო (მე-2 ოვერტაიმში – 73:72) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, გადამწყვეტ თამაშს კი 25 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს.

აგრეთვე 2:2 გახლავთ დაფიქსირებული პირეოსის “ოლიმპიაკოსის” და მადრიდის “რეალის” პაექრობაშიც, რომელშიც ნახევარფინალში “ბარსელონას” მეტოქე ირკვევა.

გიორგი შერმადინის გუნდმა ესპანელებს ამჯერად 71:62 სძლია, ქართველმა ცენტრმა კი, რომელმაც გასული მატჩი გამოტოვა, ამჯერად მოედანზე 07:20 წუთი გაატარა და 2 ქულა მიითვალა. გიორგის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ და მან 2 საჯარიმო ჩააგდო.

პირეოსელთა რიგებში საუკეთესო ამჯერადაც ბრაიანტ დანსტონი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა: 13 ქულა, 9 მოხსნა. “რეალს” 18 ქულით და 8 მოხსნით რუდი ფერნანდესმა ულიდერა.

ამ სერიაში გადამწყვეტ მატჩს 25 აპრილს მადრიდი უმასპინძლებს.

0.116684