რიკი ჰიკმანი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, ევროლიგის ჩემპიონი გახდა. “ოთხთა ფინალის” გადამწყვეტ შეხვედრაში, ჰიკმანის “მაკაბი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და მართალია, აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა, ოვერტაიმში მეტოქეს 98:86 სძლია.
საინტერესოა, რომ ებრაულ კლუბს ყველაზე შედეგიან მეოთხედში 20 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, დამატებით ხუთწუთეულში კი 25 ქულა (!) მიითვალა, რაც იშვიათი მოვლენაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სროლა გაუცუდდა, ჰიკმანი ფინალში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა 37:09 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ჰიკმანმა 13-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ერთბაშად 6-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაკაბელთა რიგებში შედეგიანად ითამაშეს დუეინ სმიტმა (15 ქულა, 7 მოხსნა), დევიდ ბლუმ (14 ქულა) და ალექს ტიუსმა (12 ქულა, 11 მოხსნა), ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი თელ ავიველთა კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელი ტაირის რაისი გახდა, რომელმაც 29:59 წუთში 26 ქულა ჩააგდო და აქედან 14 (!) ოვერტაიმზე მოდის.
“რეალის” მხრიდან ყველაზე უკეთ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სერხიო როდრიგესი გაისარჯა 21 ქულით, რუდი ფერნანდესმა 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფელიპე რეიესმა, ნიკოლა მიროტიჩმა და იოანის ბურუსისმა კი 12-12 ქულა მიითვალეს.
მე-3 ადგილისთვის მატჩში ესპანურმა “ბარსელონამ” რუსული ცსკა 93:78 დაამარცხა. კატალონიელთა ლიდერმა ხუან კარლოს ნავარომ 20 ქულა მოაგროვა, ხოლო პოლონელი მაჩიეი ლამპეს აქტივში 17 ქულა გახლდათ.
http://www.youtube.com/watch?v=V4wf_9fvgV4