კალათბურთი

1:24 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი ებრაულ პლეი ოფშიც საუკეთესოა

ევროლიგაში სენსაციური გამარჯვების შემდეგ, რიკი ჰიკმანის “მაკაბი” შინაურ ასპარეზზე გადაერთო და ნახევარფინალურ სერიაში პირველი მოგება მიითვალა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი კი ამ შემთხვევაშიც გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

ეილატის “ჰაპოელთან” საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, თელ ავიველები მხოლოდ 1 ქულის სხვაობით იგებდნენ, მე-2 ნახევარში კი ყველაფერის თავის ადგილას დადგა და ფავორიტმა 90:72 იმარჯვა.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. რიკიმ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ასეთი სტატისტიკის ფონზე, გასაკვირი არ ყოფილა, საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია, რითაც იგი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

26 მაისს “მაკაბი” და “ჰაპოელი” უკვე ეილატში ითამაშებენ და გამარჯვების შემთხვევაში, თელ ავიველები ფინალის საგზურს სტუმრადვე გაინაღდებენ, თუ არადა, გადამწყვეტი შეხვედრა 29 მაისს “მაკაბის” სარბიელზე შედგება.

ცნობისთვის, მე-2 ნახევარფინალის საწყის მატჩში ჰაიფას “მაკაბიმ” იერუსალიმში “ჰაპოელი” მოულოდნელად – 107:79 გაანადგურა.

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ათენის “პანათინაიკოსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსი” 59:56 დაამარცხა. ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი სტუმართა 12-კაციანი განაცხადიდან ერთადერთი გახლდათ, ვინც მოედანზე არ გამოჩენილა.

0.118454