კალათბურთი

23:15 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი ჯანმრთელად ყოფილა...

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ გუნდს თითქოსდა მძიმე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, თავს ჩინებულად გრძნობს და თავისი ახალი კლუბის – სტამბულის “ფენერბაჰჩეს” სასტარტო ხუთეულშიც ირჯება.

საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიკის კარიერა საფრთხის ქვეშ იყო და ექიმებმა მას რამდენიმე თვე საერთოდ თამაშიც აუკრძალეს, თუმცა, როგორც სჩანს, ამ თვეებმა აჩქარებულ ტემპში გაირბინა...

ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში, მრისხანე ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა 3 მატჩი ჩაატარა და სამივეში იმარჯვა, ჰიკმანი კი მოედანზე სამნომრიანი მაისურით გადიოდა.

თავდაპირველად, “ფენერბაჰჩემ” თურქულ “ედირნე ბასკეტს” 98:68 სძლია და ამერიკელმა უკანახაზელმა 15 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ხორვატულ “ზადართან” მოგებულ მატჩში (78:69) რიკის მონაგარი 20 წუთში – 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო, ხოლო თურქულსავე “დარუშაფაკასთან” (80:67) მან 23 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ცნობისთვის, თურქეთის ჩემპიონატი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს, ამას გარდა კი, “ფენერბაჰჩე” ევროლიგაშიც ითამაშებს, სადაც მეტოქეებად გერმანული “ბაიერნი”, იტალიური “არმანი ჯინსი”, ესპანური “ბარსელონა”, ბერძნული “პანათინაიკოსი” და პოლონური “ტუროვი” ეყოლება.

ისიც ვთქვათ, რომ სტამბოლურ კლუბში ჰიკმანის გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილი კალათბურთელი ირიცხება: პრელჯიჩი, ზორიჩი, გუდელოკი, ბიელიცა, ბოგდანოვიჩი, ვესელი, ერდენი...

0.118119