კალათბურთი

13:32 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიბერტმა შუა ოკეანიდან გამოცურა

ინდიანა პეისერზის” ცენტრმა როი ჰიბერტმა, რომელსაც მიმდინარე პლეი ოფის საწყის 8 მატჩში მხოლოდ 37 ქულა (!) ჰქონდა ჩაგდებული, დღეს დილით, “ვაშინგტონთან” მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში 28 ქულა მიითვალა და მასპინძლებს 86:82 მოაგებინა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელებთან პირველ მატჩში ჰიბერტმა 17:43 წუთის განმავლობაში ვერცერთი ქულა და მოხსნა მიითვალა და 2 “მშრალი” თამაში ჰქონდა “ატლანტა ჰოუქსთან” პირველი რაუნდის სერიაშიც, 28 ქულა კი, მისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ცხადია, როი ასეთი შედეგით ძალიან კმაყოფილი გახლდათ და აღნიშნა, რომ საყოველთაო კრიტიკის ფონზე, საკუთარ თავში საჭირო ძალების გამონახვა მოახერხა. “დევიდ უესტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შუა ოკეანეში აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. არავინ იყო გვერდზე, ვინც თოკს გადმომიგდება და მიშველიდა. ასე რომ, მე ეს, თავად შევძელი”.

ახლა, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია ვაშინგტონში გადადის და 9 და 11 მაისს “უიზარდსი” “პეისერზს” “ვერიზონ სენთერში” უმასპინძლებს.

საყაიმო ანგარიშია დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშიც, რომელშიც სასტარტო მარცხის შემდეგ, “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” მობილიზება მოახერხა და “ლოს ანჟელეს კლიპერსი” 112:101 დაამარცხა.

მასპინელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი რასელ უესტბრუკმა და კევინ დიურანტმა დაიდეს. პირველმა სამმაგი დუბლი შეასრულა, მეორეს კი ანალოგიურ შედეგამდე ერთადერთი პასი დააკლდა.

უესტბრუკმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა და საგულისხმოა, რომ უკანასკნელ ხუთ საპლეიფო შეხვედრაში, ეს, რასელის მე-3 ტრიბლ-დაბლი იყო. თავის მხრივ, 32 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი ჰქონდა აქტივში დიურანტს, რომელმაც თამაშის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა.

“გვინდოდა, მოედანზე დავბრუნებულიყავით და ჩვენი სიტყვა გვეთქვა. ვფიქრობ, გამარჯვებამდე სწორედ ამან მიგვიყვანა. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაქსიმუმი გავიღეთ და სამაგიეროდ, სასურველი შედეგი მივიღეთ”.

9 და 11 მაისს, მომდევნო ორ მატჩს კალიფორნიული “სტეიპლს სენთერი” მიიღებს.

 

ინდიანა – ვაშინგტონი 86:82 (23:23, 20:22, 25:19, 18:18)

ინდიანა: ჰიბერტი (28 ქ. 9 მ.), ჰილი (14), სტივენსონი (12 ქ. 7 მ.), ჯორჯი (11 ქ.), უესტი (9 ქ.); მაინმი (6 ქ.), უოტსონი (5 ქ.), სკოლა (1 ქ.), ტერნერი, კოუპლენდი.

ვაშინგტონი: გორტატი (21 ქ. 11 მ.), ბილი (17 ქ. 7 პ.), ნენე (14 ქ.), უოლი (6 ქ. 8 პ.), არიზა (6 ქ. 8 მ.); მილერი (6 ქ.), უებსტერი (5 ქ.), გუდენი (5 ქ.), ბუკერი (2 ქ.), ტემპლი.

სერიაში ანგარიშია 1:1

 

ოკლაჰომა სიტი – კლიპერსი 112:101 (37:28, 24:28, 33:21, 18:24)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (32 ქ. 12 მ. 9 პ.), უესტბრუკი (31 ქ. 10 მ. 10 პ.), სეფოლოშა (14 ქ.), იბაკა (14 ქ. 7 მ.), პერკინსი (8 ქ. 9 მ.); ადამსი (6 ქ.), ჯეკსონი (4 ქ.), ბატლერი (3 ქ.), ფიშერი, ლემბი, კოლისონი.

კლიპერსი: რედიკი (18 ქ.), პოლი (17 ქ. 11 პ.), გრიფინი (15 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ჯორდანი (7 ქ. 8 მ.); კოლისონი (13 ქ.), დევისი (10 ქ.), კროუფორდი (7 ქ.), გრინი (3 ქ.), დადლი, გრეინჯერი.

სერიაში ანგარიშია 1:1

0.135783