სხვა

15:36 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუმაფუჯის მეექვსე ტრიუმფი

გაგამარუს დააწინაურებენ, ტოჩინოშინი მე-3 ლიგაში დაქვეითდება


როგორც უკვე ვიუწყებოდით, მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ “იმპერატორის თასის” მოპოვება კარიერაში მეექვსედ მოახერხა. 29 წლის დავაანიამ ბიამბადორჯმა 2013 წლის ბოლო სუპერტურნირი მოიგო, რომელსაც კუნძულ კიუშიუზე მდებარე იაპონიის ქალაქი ფუკუოკა მასპინძლობდა.

ბოლო პერიოდში 135-კილოგრამიან “მზიურ ცხენს” ტრავმები აწუხებდა, თუმცა, მან საოცარი მებრძოლი სული კიდევ ერთხელ გამოავლინა. გასულ ოთხ ტურნირზე ჰარუმაფუჯიმ 20 მარცხი (!) განიცადა, რის გამოც მის შედეგებს იოკოძუნას დონისთვის შეუფერებლად მოიხსენიებდნენ. თვით იოკოძუნას აღმზრდელ ოიაკატა ისეგაჰამასაც არ სჯეროდა, რომ ჰარუმაფუჯი კიუშიუ ბაშოზე წარმატებას მიაღწევდა...

მიუხედავად ამისა, “მზიურნა ცხენმა” 15-დან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა დათმო, გადამწყვეტ წარმატებას კი ტურნირის ბოლო დღეს (სენსიურაკე) მიაღწია, როდესაც უმთავრეს კონკურენტს – 69-ე იოკოძუნას, თანამემამულე ჰაკუჰოს აჯობა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა კიუშიუზე “იმპერატორის თასის” მოპოვება უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოახერხა.

ჰაკუჰოს დარად, 13 გამარჯვება მიითვალა ოძეკი კისენოსატომ. საინტერესო კი ისაა, რომ უძლიერესმა იაპონელმა სუმოისტმა ორივე იოკოძუნას დამარცხება მოახერხა. იანვარში “იშვიათი ტალანტი” ცუნატორის არაოფიციალურ სტატუსს მიიღებს ანუ უმაღლესი წოდების პრეტენდენტი გახდება.

იაპონიის სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის ოიაკატა კიტანოუმის აზრით, კისენოსატო იოკოძუნობის ღირსი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ჰაცუ ბაშოს მოგებას მოახერხებს და თანაც მინიმუმ ცამეტ შერკინებაში იმარჯვებს.

ჰარუმაფუჯისთვის, ჰაკუჰოსთვის და კისენოსატოსთვის კონკურენციის გაწევა ვერ შესძლო ოძეკი კაკურიუმ. “წერო-დრაკონმა” 6 მარცხი განიცადა.

წლის მიწურული ძალიან მძიმე გამოდგა ძალიან ძლიერი სკოლის – სადოგატაკეს წარმომადგენლებისთვის. ზედიზედ დაშავდნენ ოძეკები კოტოშოგიკუ და კოტოოშუ და დასავლეთის მე-10 მაეგაშირა კოტოიუკი.

ფუკუოკას პრეფექტურის ბინადარმა კოტოშოგიკუმ “მშობლიურ კედლებში” მკერდის დიდი კუნთი გაიწყვიტა, ორმეტრიანმა ბულგარელმა კოტოოშუმ მხარი დაიზიანა, ხოლო 22 წლის კოტოიუკიმ მუხლის მყესები გაიწყვიტა.

გადაწყვეტილია, რომ კოტოოშუ, რომელიც მანამდე აკი ბაშოდანაც მოიხსნა, ოძეკობიდან სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდება. 30 წლის კალოიან მახლანოვი მე-2 იერარქიულ ტიტულს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუკი 2014 წლის პირველ ბაშოზე მინიმუმ ათ ბრძოლას მოიგებს.

თავის მხრივ, ახალ ბანძუკეში (რეიტინგი) კადობანში იქნება ჩაყენებული კოტოშოგიკუ. ამგვარად, 29 წლის იაპონელს იანვარში მინიმუმ 8 გამარჯვება მართებს, რათა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს.

კიუშიუ ბაშო მინიმალური დადებითი ბალანსით (8 მოგება, 7 მარცხი) დაასრულა გოეიდომ, რომელმაც სეკივაკეს რანგში მიჯრით მე-10 ტურნირი ჩაატარა. რვაჯერ წააგო ტოჩიოძანმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეკივაკეს ტიტულიდან კომუსუბობამდე დაქვეითდება.

სანიაკუდან ჰირამაკუში გადავლენ (უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის რიგით მაეგაშირები გახდებიან) შოჰოძანი და ოკინოუმი, რომელთაც ფუკუოკაში, შესაბამისად, 11 და 8 მარცხი განიცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, მე-2 კომუსუბის ტიტულს მიოგირიუ მიიღებს.

ჩიოტაირიუ და იკიოი, რომელთაც კიუშიუზე 11-11 გამარჯვება მიითვალეს, საპატიო ჯილდოებით პირველად წაახალისეს.

ჩიოტაირიუმ, რომელმაც შემოდგომაზე გლაუკომას მოცილებისთვის რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, ტექნიკური ასპარეზობისთვის გინო-შო მიიღო, ხოლო იკიოის კანტო-შო გადაეცა, რაც მებრძოლის სულის გამოვლინებისთვისაა დაწესებული.

გასულ სუპერტურნირზე წარმატებულად იასპარეზა ბულგარელმა გიგანტმა აოიამამ. დანიელ ივანოვმა 10 შერკინება მოიგო, თანაც ოძეკი კაკურიუს კარიერაში პირველად აჯობა.

კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმაც. გაგამარუმ 8-ჯერ იმარჯვა და მცირე წინსვლა ელის. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბაშოზე იგი დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა.

მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) პირველად დაუფიქსირდათ 23 წელის ენდოს, რომელსაც პროფესიულ სუმოში დებიუტი 8 თვის წინ ჰქონდა და 21 წლის ეგვიპტელ ოსუნაარასის, რომელიც რიკიში გასული წლის მარტში გახდა.

მოყვარულთა შორის იაპონიის ჩემპიონმა და პირველმა აფრიკელმა სუმოისტმა სათანადო შედეგები კოჭების ტრავმების გამო ვერ აჩვენეს. ენდომ 9 მარცხი განიცადა, ოსუნაარასიმ კი – 8. მიუხედავად ამისა, სუმოს ამომავალ ვარსკვლავებს რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითება არ ემუქრებათ.

სამაგიეროდ, მაკუუჩიში ადგილებს დაკარგავენ ტენკაიჰო, ძიოკორიუ და ტამაასუკა, ელიტაში კი მონღოლები – კაგამიო და ტაკანოივა, 21 წლის ჩიოოტორი და ძურიოს ჩემპიონი, 32 წლის სატოიამა შეაბიჯებენ.

სამწუხარო პროგნოზია 26 წლის ქართველ ტოჩინოშინთან დაკავშირებით. ლევან გორგოძემ აგვისტოში მუხლის ოპერაცია გადაიტანა და სექტემბრის და ნოემბრის ტურნირები გამოტოვა. შედეგად, ტოჩინოშინი სკეიტორის ელიტარულ სტატუსს დაკარგავს და მე-3 ლიგა – მაკუშიტაში იქნება გადაყვანილი.

დასასრულ მოგახსენებთ, რომ იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ ბანძუკეს 24 დეკემბერს გამოაქვეყნებს, მომავალი ბაშო კი 2014 წლის 12-26 იანვარს ტოკიოში ჩატარდება.

0.167006