თამაშგარე

13:59 | 15.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰამფრისსა და კარდაშიანს ქორწილი დაუწუნეს

სომხური ფესვების მქონე ამერიკელი მოდელის, კიმ კარდაშიანის და ცნობილი კალათბურთელის, კრის ჰამფრისის ცოტა ხნის წინათ გამართული ქორწილი მთელი ამერიკული საზოგადოების განსჯის საგნად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ საქორწილო ღონისძიებებსა და სუფრაზე ათ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ქორწილში მიწვეული სტუმრების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ასე უთავბოლოდ წარმართული ქორწილი იშვიათად უნახავთ.
კარდაშიანისა და ჰამფრისის ქორწილზე მიწვეული ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ამერიკულ ბულვარულ პრესასაც წარმოადგენს, ამბობს, რომ მთელი ჯვრისწერის განმავლობაში, ეკლესიის გარშემო შვეულმფრენები საშინელი ხმაურით დაჰქროდნენ და ამ ხმაურს ყურთასმენა ჰქონდა წაღებული. გასაგებია, რომ ეს შვეულმფრენები ქორწილის უსაფრთხოების მიზნით იყო დაქირავებული, მაგრამ სტუმრებისათვის ელემენტარული კომფორტის შექმნაზე, როგორც ჩანს, არავინ იზრუნა.
ხსენებულ ვარსკვლავურ ქორწილში, სტუმრებს გაშლილი სუფრაც და კვების რაციონიც არ მოსწონებიათ. როგორც აღმოჩნდა, მთელი სუფრა ძვირადღირებული  თევზეულით იყო გადაძეძგილი და ორგანიზატორებს არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ ქალების უმეტესობა დიეტურ, ანუ მსუბუქ სალათებს ანიჭებს უპირატესობას. ამჟამად, კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე საფრანგეთის ფეშენებელურ კურორტზე ნებივრობენ და მათ ქორწილში მიწვეული სტუმრების წუწუნი, ალბათ, დიდად არ ადარდებთ, თუმცა, “ყვითელ პრესას“ კარგა ხნის სალაპარაკო რომ მისცეს, ესეც ფაქტია.

0.152781