გიორგი ილურიძე სპლიტის “ჰაიდუკში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ამის შესახებ ხორვატული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
29 აგვისტოს საღამოს, ილურიძემ გორის “დილას” შემადგენლობაში ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში თბილისში ვენის “რაპიდის” (0:3) წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო 30 აგვისტოს სპლიტში ჩაფრინდა და “ჰაიდუკს” შეუერთდა. ხორვატებთან მან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. სხვათა შორის, ხორვატების ინფორმაციით, ილურიძეს სპლიტელებთან ხელშეკრულების პირობები “რაპიდთან” მატჩამდე შეათანხმა.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ხორვატებს თავი ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილა” –“ჰაიდუკის” დაპირისპირების დროს მოაწონა. გორელთა მიერ სპლიტში მოგებულ (1:0) მატჩში, ერთადერთი გოლი ილურიძემ გაიტანა.
“ჰაიდუკის” ვებგვერდის ცნობით, ილურიძეს კლუბი ოფიციალურად ორშაბათს წარადგენს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს.