35 წლის ვეტერანი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი განაგრძობს ჩოგბურთის მოყვარულთა გაკვირვებას. საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში მან 5-სეტიან, დრამატულ ბრძოლაში მოახერხა 28 წლის ამერიკელის - ჯონ ისნერის დამარცხება 7:5, 7:6, 4:6, 6:7, 10:8 და შემდგომი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
პირველი სეტი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მე-11 გეიმში ჰაასმა მეტოქის შეცდომების შედეგად ორმაგი ბრეიკპოინტი მიიღო, რაც მშვენივრად გამოიყენა და შემდგომშიც წარმატებით ჩააწოდა - 7:5.
მეორე პარტიაც ანალოგიური სცენარით წარიმართა, თუმცა განსხვავებით პირველისა, ისნერმა მოახერხა 5 ბრეიკპოინტის მოგერიება და დაინიშნა საჩოგბურთო ლატარეად წოდებული ტაიბრეიკი, რომელზეც გაცილებით იღბლიანი ისევ ტომი გამოდგა და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა - 2:0 (7:5, 7:6).
ისნერს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მანაც გაცილებით უფრო რისკიანი თამაში წამოიწყო. მან მესამე სეტის პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და პარტიის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა ეს უპირატესობა - 1:2 (6:4).
მე-4 სეტის 11 გეიმის განმავლობაში ჩაცხრა ემოციები და მხოლოდ ერთი გამოუყენებელი ბრეიკპოინტი ვიხილეთ (ისნერი), თუმცა მე-12 გეიმში მატჩმა კულმინაციას მიიაღწია, როდესაც ჯონმა საკუთარ ჩაწოდებაზე ერთბაშად 9 მატჩპოინტის მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ ისევ ტაიბრეიკამდე მიიყვანა სეტი, სადაც ამერიკელმა კიდევ სამჯერ მოახერხა მეტოქის მატჩპოინტების განეიტრალება და დაუჯერებლად ძნელი პარტია საბოლოოდ მაინც თავისთვის დაიტოვა - 7:6 (12:10).
12 მოგერიებული მატჩბოლის შემდეგ ისნერმა უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო, რაც მე-5, გადამწყვეტი სეტის სტარტზე მშვენივრად გამოიყენა, მოიგო რა ზედიზედ 3 გეიმი და დიდი განაცხადი გააკეთა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაზე. თუმცა ტომიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა გერმანული, მებრძოლი ხასიათი და მერვე გეიმში წონასწორობა აღადგინა - 4:4. ჯონმა მეტოქის ჩაწოდებაზე განაგრძო სახიფათო თამაშის ჩვენება და მე-10 გეიმში მატპოინტიც მიიღო, თუმცა ჰაასმა ცივსისხლიანად მოიგერია ეს საშიშროება.
საბოლოოდ მაინც ამერიკელი გატყდა, რომელმაც საკუთარი ჩაწოდება კიდევ ერთხელ წააგო მე-17 გეიმში და შემდეგ უკვე მატჩიც დათმო.
მატჩი 4 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ჰაასმა 15 ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯონმა კი ერთბაშად 27 ეისი “უთავაზა” ტომის.
როლან გაროსის მეოთხე წრეში 35 წლის გერმანელი ჩოგბურთელი რუს მიხაილ იუჟნის დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშა სერბი იანკო ტიპსარევიჩი.