ჭიდაობა

16:03 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის დღე - ჭედილა და “მერსედესი”

 

11-საათიანი საჭიდაო დღე პაატა ღვინიაშვილის ტრიუმფით დაგვირგვინდა. ქარელელმა მოჭიდავემ საქართველოს 2013 წლის ფალავნის ტიტული მოიპოვა და ამ გამარჯვებისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდოს – “მერსედესის” მარკის ავტომობილის გასაღებიც ჩაიბარა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენს ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაზე არაერთი ტურნირი მოუგია და დიდი ხნის წინათ დაიგდო ძლიერი ფალავნის სახელი, მაგრამ ამ რანგის შეჯიბრებაზე მისგან უმაღლეს ტიტულს ბევრი არ ელოდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართული ჭიდაობა ცირკს დაუბრუნდა, ოღონდ ეგ არის, არენაზე ნახერხის დაყრა ვერ მოხერხდა და ტურნირი ტატამზე ჩატარდა. ორგანიზატორებმა ლეიბები პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ამაღლებულ სცენაზე დააგეს და იაპონური დოჰიოს მაგვარი საჭიდაო წრე მივიღეთ. პროფესიულ სუმოში ეს ტრადიციაა და დოჰიოდან სუმოისტის გაყვანა და ძირს გადაგდებაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გაცილებით დინამიური და ილეთებით დახუნძლული ქართული ჭიდაობისთვის ზედმეტად ექსტრემალური აღმოჩნდა. წრის კიდეზე მისული მოჭიდავეები გდების შესრულებას აღარ რისკავდნენ, მეტოქე დარბაზში რომ არ გადაეგდოთ. იყო შემთხვევები, ამ სიფრთხილის გამო კონტრ ილეთზეც რომ მოყვნენ და დამარცხდნენ. რამდენიმეჯერ კი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლიდან მონაწილეთა ჩამოვარდნას და ტრავმებს მაინც ვერ ავცდით. მთლად უსაფრთხო არც ტატამის უშუალოდ საჭიდაო მონაკვეთი აღმოჩნდა. ლეიბების სცენაზე მყარად დაფიქსირება რატომღაც ვერ მოხერხდა და შეხვედრიდან შეხვედრამდე მათ შორის ნაპრალები ჩნდებოდა, რომლებშიც მოჭიდავეებს ხან ფეხი უვარდებოდათ, ხანაც პირდაპირ იატაკზე ენარცხებოდნენ.

ამ წუნის მიუხედავად, 2013 წლის ფალავნობა საორგანიზაციო თუ წმინდა სპორტული კუთხით გასული წლების ანალოგიურ შეჯიბრებებს აშკარად სჯობდა. ყველაზე სასიამოვნო ამ ტრადიციული სახეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერაა. ქართული ჭიდაობის განვითარება და უფრო მეტად პოპულარიზაცია რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამის შესახებ მინისტრმა ლევან ყიფიანმა ჯერ კიდევ წინასაშეჯიბრო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ფალავნობის გახსნის ცერემონიალზეც გაიმეორა. ტურნირს შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. თბილისელმა თუ რეგიონებიდან ჩამოსულმა მაყურებლებმა კი ცირკის ტრიბუნები თითქმის ბოლომდე შეავსეს. მაყურებელთა შორის იყო შარშანდელი ფალავანი ადამ ოქრუაშვილიც, რომელმაც ამჯერად ჩოხის მორგება ხელის ტრავმის გამო ვერ შეძლო.

დებულების თანახმად, უმთავრესი შეჯიბრის დაწყებამდე 16 მონაწილე უნდა გამოვლენილიყო. ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ფალავანის ტიტულისთვის ბრძოლის უფლება კი ამ ოთხი წონის ოთხ-ოთხმა საუკეთესომ მიიღო.

80 კილოგრამში ყველას ხაშურელმა ზურაბ ნოზაძემ აჯობა. ფინალში მან გორელ გიორგი პაპუნაშვილს დაძაბულ შეხვედრაში 4:3 მოუგო. 90 კილოგრამის გადამწყვეტ ბრძოლაში გორელმა ბექა ღვინიაშვილმა ქარელელ პაატა ღვინიაშვილს სძლია. 100-ში ხაშურელი გიორგი ნოზაძისა და გარდაბნელი დავით ლორიაშვილის ფინალი 1:1 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის უპირატესობით ჩემპიონი ნოზაძე გახდა. მძიმე წონაში კი საგარეჯოელმა ლევან მატიაშვილმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. ფინალში საჩხერელი ონისე ბუღაძე დაამარცხა. ფინალისტების გარდა ფალავნობისთვის ბრძოლაზე გადაერთნენ: მცხეთელი გიორგი მახარაშვილი, ქარელელი ზვიად კაპანაძე (ორივე 80 კგ), გორელები დავით კარბელაშვილი და ჯუმბერ გიგაური (ორივე 90 კგ), ქარელელი იოსებ მსხალაძე, სამაჩაბლოელი თორნიკე ოთინაშვილი (ორივე 100 კგ), ქუთაისელი როსტომ ხახალეიშვილი და გორელი გიგა გელაშვილი (ორივე +100 კგ).

გადამწყვეტი ტურნირზე მონაწილეები განთესვის გარეშე, ბრმა კენჭისყრით დაწყვილდნენ. ვიდრე ისინი საქმეში ჩაერთვებოდნენ, მაყურებლების განწყობის ამაღლებაზე გასული საუკუნის 90-იანი წლების იუმორისტული გადაცემა “პა სეანსის” მსახიობებმა იზრუნეს. მათვე, მობილური ტელეფონები და შამპანიურები გაათამაშეს.

შეჯიბრება მერვედფინალით დაიწყო, საწყის ეტაპზევე რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი შეხვედრა შედგა. მათგან გამოსარჩევი პაპუნაშვილის მიერ თავისზე ბევრით მძიმე ხახალეიშვილის წმინდად ძლევა იყო. პაატა და ბექა ღვინიაშვილებმაც თავისზე მძიმეწონიანი მეტოქეები ჩამოიშორეს. პაატა დამაჯერებლად უგებდა ონისე ბუღაძეს, როდესაც ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ხოლო ბექამ მსხალაძეს სძლია – 5:3. ლორიაშვილმა პირველი ეტაპი ზურაბ ნოზაძისთვის შესრულებული წმინდა გდებით გაიარა, გიორგი ნოზაძეს მეტოქე ოთინაშვილი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა, კარბელაშვილმა კაპანაძეს აჯობა, გელაშვილმა – მახარაშვილს, ხოლო მატიაშვილმა – გიგაურს.

მეოთხედფინალში მთელი დღის ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გაიმართა. ბექა ღვინიაშვილმა თავისზე ლამის ორჯერ დიდ გიგა გელაშვილს რამდენიმეჯერ ეფექტური კისრული შეუსრულა და საბოლოოდ აშკარა უპირატესობით მოუგო. გიორგი ნოზაძემ კარბელაშვილს დაასრულებინა ფალავნობაზე ფიქრი, მატიაშვილმა – ლორიაშვილს, პაატა ღვინიაშვილმა კი პაპუაშვილს.

ფალავანის ტიტულისა და “მერსედესის” გასაღებისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატიღა შემორჩა და მოლოდინისამებრ, სიტუაციაც დაიძაბა. ნახევარფინალებმა კი ქართული ჭიდაობისთვის კარგად ნაცნობ კამათსა და ხმაურში, მაგრამ აბსოლუტურად უცნობ ვიდეოგანხილვებში ჩაიარა. გიორგი ნოზაძისა და ბექა ღვინიაშვილის დაჭიდებისას ბევრის აზრით, ნოზაძე პასიურობის გამო კიდევ ერთ გაფრთხილებას იმსახურებდა, რაც ფინალს მიღმა დატოვებდა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს და თავიანთი ვერდიქტი პროტესტებისა და ვიდეოჩანაწერის დატრიალების შემდეგაც ძალაში დატოვეს. ღვინიაშვილმა ერთი ქულით წააგო და ალბათ მესამე ადგილისთვისაც აღარ იჭიდავებდა, საქმეში გამოცდილი ხალხი რომ არ ჩარეულიყო.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა მაინც არ ჩატარდა, რადგან ჩოხის ჩაცმა ლევან მატიაშვილმა იუარა. მისი გამწარების მიზეზიც მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანმა  პაატა ღვინიაშვილთან დამატებით დროში დაკარგული ქულით წააგო.

ფინალი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა და ისიც რამდენიმეჯერ შეწყდა. ბოლო პაუზა საფინალო სირენამდე ორიოდ წამით ადრე დაფიქსირდა, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო და ნოზაძის მხარდამჭერები პასიური ღვინიაშვილის გაფრთხილებას ითხოვდნენ. საკამათო ეპიზოდების ჩანაწერის მრავალგზის ნახვის შემდეგ მსაჯთა მაგიდამ მთავარ მსაჯ თამაზ თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ჭიდაობის პირველ ილეთამდე გაგრძენების გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით ხუთწუთიანი ჯაჯგურის შემდეგ გდება ღვინიაშვილმა შეასრულა.

ფალავანს “მერსედესის” გასაღებთან ერთად ტრადიციული ჯილდო ჭედილაც გადაეცა. მეორე ადგილზე გასულს 3 ათასი ლარი ერგო, მესამეადგილოსანს – 2 ათასი. წონითი კატეგორიების საპრიზო სამეულში შესულ მოჭიდავეებს კი წარმატება 100, 700 და 400 ლარით დაუფასდათ.

 

 

80 კგ

1 ზურაბ ნოზაძე (ხაშური)

2 გიორგი პაპუნაშვილი (გორი)

3 გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (გორი)

2 პაატა ღვინიაშვილი (ქარელი)

3 დავით კარბელაშვილი (გორი)

 

100 კგ

1 გიორგი ნოზაძე (ხაშური)

2 დავით ლორიაშვილი (გარდაბანი)

3 იოსებ მსხალაძე (ქარელი)

 

+100 კგ

1 ლევან მატიაშვილი (საგარეჯო)

2 ონისე ბუღაძე (საჩხერე)

3 როსტომ ხახალეიშვილი (ქუთაისი)

 

ფალავნობა

1 პაატა ღვინიაშვილი

2 გიორგი ნოზაძე

3 ბექა ღვინიაშვილი

0.158443