ინტერვიუები

10:00 | 20.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ჭანტურიას მალე შეხვედრა აღუთქვა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ბოლივიის ჩემპიონ “ბოლივართან” მოგებული (4:1) ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, 16 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია შეაქო და მალე შეხვედრა აღუთქვა.
“გვარდიოლამ მითხრა კმაყოფილი ვარ და მალე შევხვდებითო”, - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერმა, რომელმაც “ბარსელონას” ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ითამაშა და მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა გოლიც გაიტანა.
- “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაში შენთვის, ალბათ, მოულოდნელი იყო?
- მატჩის წინა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ბოლივიის ჩემპიონთან “ამხანაგურს” ატარებდნენ, რომელშიც “ბარსას” ძირითადი და სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, თამაში მეც მომიწევდა. ამას ნამდვილად არ ველოდი. მითუმეტეს, მანამდე არც ჩემს ყოფილ გუნდში - “ჟუვენილ B”-ში გამიკეთებია რაიმე სასწაული.
- ვიდრე მოედანზე გახვიდოდი, გვარდიოლამ რა მითითება მოგცა?
- გვარდიოლამ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე დამაყენა და მითხრა, რომ მეტოქესთან ერთი-ერთზე დარჩენის შემთხვევაში მისთვის გვერდის ავლა მეცადა, ხოლო ბურთი რომ დაიკარგებოდა, უკან ჩამოვსულიყავი. მაღალი ტემპი იყო და თავიდან ცოტა დავიღალე, მაგრამ მერე წამივიდა თამაში.
- გოლი როგორ ვითარებაში გაიტანე?
- ბურთი ცენტრში მივიღე და ორ მეტოქეს გავცდი, საჯარიმოში შესული კი, მესამემ უკნიდან “მომჩეხა” და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თავიდან პენალტის დარტყმა ბოიან კრკიჩს სურდა, მაგრამ არ დავანებე, თან “ბარსელონა B”-ს ფეხბურთელმაც უთხრა –დაარტყმევინეო და აღარ შემცილებია. სხვათა შორის, ბოიანის გარდა, ბოლივიელების წინააღმდეგ პირველი გუნდიდან - გაბრიელ მილიტომ, რაფაელ მარკესმა, მაქსველმა, პედრიტომ, ჯეფრენმა და პინტომ ითამაშეს.
- “ჟუვენილ A”-ში როდის ჩაატარებ პირველ მატჩს?
- კვირას “ლეიდას” ვხვდებით და პირველ თამაშსაც ვითამაშებ.

ლაშა თაბაგარი



 

0.112525