ინტერვიუები

10:19 | 10.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

გუტი: “ვიცით, რა იარაღი უნდა გამოვიყენოთ კატალონიელთა წინააღმდეგ”

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი გუტი, რომლის გუნდსაც შაბათს “ბარსელონასთან” "ელ კლასიკო" ელოდება, იმედოვნებს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე", "სამეფო კლუბი" მეტოქეს გაანადგურებს და ამით, გასულ წელს განცდილი სირცხვილისთვის შურს იძიებს. 33 წლის გუტის, "ბარსას" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია, მაგრამ თვლის, რომ ეს, ყველაზე რთული დაპირისპირება იქნება. ის, მეტოქის ძლიერ მხარედ მთელს ნახევარდაცვას მიიჩნევს, მაგრამ საფრთხეს არა მხოლოდ ერთი მოთამაშისგან, არამედ მთელი გუნდისგან ელის.  

- ესპანეთის ორი უძლიერესი კლუბის დაპირისპირება მუდამ ღირშესანიშნავი მოვლენაა. "ელ კლასიკო" თქვენთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა?
- "რეალი" და "ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები არიან. ორივე გუნდი მსოფლიო დონის თამაშს აჩვენებს და ორივეს შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მეტოქეებმა დაწვრილებით იციან ერთურთის შესაძლებლობები. ჩვენ ვიცით რა იარაღი უნდა გამოვიყენოთ კატალონიელთა წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.
- რამდენად რთული იქნება ეს "ელ კლასიკო" ორივე კლუბისათვის?
- თუკი, გუნდების ამჟამინდელ დონეს გავითვალისწინებთ, გეტყვით, რომ ეს უნდა იყოს ყველაზე რთული დაპირისპირება, რომელშიც კი მონაწილეობა მიმიღია. ვერ ვიხსენებ, რომ ადრე ამ სტადიაზე ჩვენ ერთნაირი ქულები გვქონოდეს, ურთიერთშეხვედრებში კი, ერთი გუნდი მეორეს მხოლოდ ერთი ბურთით სჯობდეს. ეს "ელ კლასიკო" განსაკუთრებულად რთული იმიტომაცაა, რომ ახლა ბევრი რამ წყდება. გამარჯვება ჩვენს საბრძოლო განწყობას იმდენად აამაღლებს, რომ ის, სეზონის ბოლომდე გაგვყვება.
- გამარჯვებული, საბრძოლო სულის გარდა, კიდევ რას მიიღებს?
- თამაში ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება, რადგანაც მეტოქესთან გატანილი გოლებით გათანაბრების საშუალება გვექნება. გასული წლის სირცხვილი უკვე დავივიწყე (გასულ ჩემპიონატში "ბარსელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა) და ახლა ახალი ბრძოლისთვის ვემზადები. მოგება ურთულესი იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცით როგორ მოვიქცეთ "ბარსელონასთან". ვიმედოვნებ, გულშემატკივართა მხარდაჭერა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.
- ასეთ რთულ შეხვედრაში, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეტოქის პატივისცემა?
- "ბარსელონა" სწორედ ის მოწინააღმდეგეა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, ისინი ხომ პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის გამარჯვებულები და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები არიან. მიუხედავად ამისა, მათ უპირატესობას არ ვგრძნობთ და რეალურად საქმე ასე სულაც არაა. ჩვენ თანაბარი ოდენობის ქულები გვაქვს, საკუთარ მოედანზე კი, "რეალი" ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია.
- მაინც რა არის "ბარსელონას" უპირატესობა და რითი უნდა მოახერხოთ კატალონიელების დამარცხება?
- ახლა "ბარსელონა" ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. ისინი დიდხანს აკონტროლებენ ბურთს და თუ ამისი აუცილებლობა შეიქმნა, იციან როდის და როგორ დააგდონ ტემპი. შაბათს მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს და უნდა შევეცადოთ, რომ ადრეული გოლი გავიტანოთ. შესაძლოა, მეტოქე მოედნის შუაგულში გვჯობნის, მაგრამ მათ წინააღმდეგ საკუთარი ილეთები დამუშავებული გვაქვს.
- მოწინააღმდეგის რომელ ფეხბურთელს უნდა უფრთხოდეთ ყველაზე მეტად?
- ჩვენს ადგილას, რომელიმე ერთის გამოყოფა უაზრობა იქნება. აუცილებელია, რომ ყოველი მოთამაშის მოქმედებას მუდამ თვალყური ადევნო. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს, მთელი თამაში კრიშტიანუ რონალდუს ჩაკეტვაზე რომ გეზრუნათ და საბოლოოდ გოლი რაულს გაეტანა. იმისათვის, რომ მესის შესაძლებლობებში დარწმუნდე, აუცილებელი არაა ოთხი გოლი გაუშვა. მესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გვარდიოლაც იგივეს იტყოდა კრიშტიანუ რონალდუზე, მაგრამ კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის აყვანაზე ზრუნვა მაინც არ ღირს.
- ფრე თქვენთვის მისაღები შედეგი იქნება?
- ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ბარსელონა" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ მისი არ გვეშინია და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. მოტივაცია არ გვაკლია, რადგანაც ამ თამაშის მნიშვნელობა ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. პირველ ტურში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ერთი ბურთის სხვაობით დავმარცხდით, ხოლო ახლა დადგა დრო, რომ "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გავანადგუროთ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.108746