ბელარუსის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში, სოლიგორსკის “შახტიორმა”, რომლის ღირსებასაც სანდო გურული იცავს, შინ მინსკის “დინამოს” ვერ მოუგო – 0:0.
ქართველ განაპირა ნახევარმცველს, რომელმაც პირველ ტურში ტრავმა მიიღო, კვლავ არ უთამაშია. “შახტიორს” 7 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-2 ადგილზეა.
მოგილიოვის “დნეპრი” თავის მოედანზე ჟოდინოს “ტორპედოს” დაუზავდა – 0:0. ნიკა მნათობიშვილმა მასპინძლებში სრულად ითამაშა, ხოლო ლევან არველაძე სამატჩო განაცხადში არ იყო. “დნეპრი” 2 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, ფერღანის “ნეფთჩიმ” გასვლაზე “ნასაფთან” 1:2 წააგო. ლევან გვაზავას ფერღანელებში კვლავ არ უთამაშია. 33 წლის ნახევარმცველმა უზბეკურ კლუბში გადასვლის მერე მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. “ნეფთჩი” 14 გუნდში 2 ქულით მეთერთმეტეა.
საფრანგეთის ლიგა ნაციონალის (მე-3 ლიგა) 28-ე ტურში, “ლუზენაკმა” სტუმრად “ლუსიონი” 2:0 დაამარცხა. ამირან სანაიამ გამარჯვებულებში 90 წუთი ითამაშა. “ლუზენაკი” 18-გუნდიან გათამაშებას 56 ქულით ლიდერობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს.