ფეხბურთი – უმაღლესი ლიგასატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების შეხვედრა საინტერესო უნდა გამოსულიყო. წარმატების შემთხვევაში, გამარჯვებული გუნდი სახიფათო ზონას შორდებოდა. ლანჩხუთელებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთთან” პაექრობაში გაუგეს პირველად გამარჯვებას გემო მიმდინარე ჩემპონატში, ხოლო მარტვილელებს, ერთადერთი გამარჯვება, სანაკრებო პაუზამდე, მხოლოდ ქუთასის “ტორპედოსთან” ჰქონდათ მოპოვებული. შესაბამისად, ყველანი დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინში იყვნენ. ფეხბურთის ქომაგთა სასიხარულოდ, წვიმამაც გადაიღო და ფეხბურთელებს ნორმალურ გარემოში მოუწიათ ასპარეზობა.
მატჩი მასპინძლების აქტიურობით კი დაიწყო, მაგრამ საერთოდ, პირველ ტაიმში სტუმრების უპირატესობით წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე სიტუაციების მხრივ, საწყისს 45 წუთში სიმწირე იყო. სახიფათო მომენტების მხრივ მარტვილელებს აშკარა უპირატესობა გააჩნდათ. სადებიუტო წუთების გასვლის შემდეგ, გოლის გატანა ციცხვაიას მართებდა, რომელიც მასპინძელთა კარის დარაჯ ზუხბაიასთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გურულთა კიპერმა ფორვარდს გატანის საშუალება არ მისცა. ცოტა ხანში, ზედიზედ ორჯერ მოხდა “გურიას” კარის მიმართულებით შორიდან დარტყმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, მერანელთა მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
32-ე წუთზე, ისევ სტუმრებს ჰქონდათ გატანის მშვენიერი შანს, როდესაც დავით ბოლქვაძემ ითამაშა ოსტატურად და ცრუ მოძრაობით ორი მეურვე სახტად დატოვა. ამის შემდეგ, გამოცდილმა ნახევარმცველმა ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ფონიავას გადააწოდა, რომელსაც დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა და შესაბამისად, ხიფათიც განიმუხტა. სულ მალე, “გურიას” კიპერი შეცდა და ბურთი უნებლიედ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ჩააბარა, მაგრამ ზუხბაიამ თავად გამოასწორა თავისივე შეცდომა. ტაიმის მიწურულს, შეცდომა “მერანის” კარის დარაჯმა ზურაბ მამალაძემაც დაუშვა, მაგრამ ამას არანაირი გართულება არ მოჰყოლია.
მეორე ნახევარი ისევ სტუმრების იერიშებით დაიწყო. თავდაპირველად, საკამათო სიტუაცია შეიქმნა მასპინძელთა კართან, როდესაც შულაია მეტოქის საჯარიმოში მეკარესთან და მცველთან ბრძოლაში ისე წაიქცა, რომ შესაცვლელი გახდა, თუმცა არბიტრს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, პენალტიც არ დანიშნულა. სულ მალე, კიკნაველიძემ დაარტყა საშუალო მანძილიდან ძლიერად, მაგრამ ზუხბაიამ ბურთის უკუგდება ნახტომში მოახერხა.
პირველად, რეალური სახიფათო მომენტი გურულებმა 59-ე წუთზე შექმნეს, როდესაც აქტიურად მოთამაშე მიქაბერიძე ხელსაყრელი მდგომარეობიდან ურტყამდა, მაგრამ უშედეგოდ. თითქმის მაშინვე, ლევან ინგოროყვას იდეალური გადაცემის შემდეგ, კობა შალამბერიძე ცარიელ კარში გზავნიდა ბურთს, მაგრამ გურულთა ნახევარმცველის მცდელობას მარტვილელთა მცველი ორბელაძე გადაეღობა, არადა, კობას ოდნავ უკეთ რომ დაერტყა, ანგარიში უცილობლად გაიხსნებოდა.
შეხვედრაში გადამწყვეტი, 70-ე წუთი გამოდგა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. შეტევაში ჩართულმა გიგა ჟვანიამ შორიდან ძლიერად დაარტყა, რომელიც მამალაძემ მოიგერია, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა. დამატებაზე საბა ლომია ცდილობდა გატანას, მაგრამ ფორვარდი მცველებთან ჭიდილში წაიქცა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა. გიგა ჟვანიამ ბოძებული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 1:0. ისე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპენალტე სიტუაციაში ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის დროზე, მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავდნენ.
დარჩენილ დროში, სტუმრები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა რეალურად არაფერი გამოუვიდათ. ლანჩხუთლებმა, რომლებმაც დაწინაურების შემდეგ დაცვაში სიფრთხილეს უმატეს, მოწინააღმდეგეს ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცეს. ორჯერ შეეძლოთ მარტვილელებს სახიფათო მომენტი შეექმნათ, მაგრამ მათი ეს მცდელობა ჯერ ერეკლე კილაძემ ჩაშალა, ხოლო მეორედ, გიგა ჟვანიამ. დანარჩენ შემთხვევბში ვერ ვიტყვით იმას, რომ მასპინძელთა კართან რაიმე სერიოზულ მცდელობას ჰქონდა ადგილი, რამაც შესაბამისად, “გურიას”, ზედიზედ მეორე მატჩში, გამარჯვების საშუალება მისცა.
გურია – მერანი 1:0 (0:0)
21 სექტემბერი. ლანჩხუთი. ”ევგრაფი შევარდნაძე”. 800 მაყურებელი
გურია: ზუხბაია, ჭეიშვილი, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, კილაძე, შალამბერიძე, ჯოჯუა (ინგოროყვა, 48), მიქაბერიძე, კოშკაძე (90. წილოსანი, 90), ლომია (ჯიშკარიანი, 87)
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია
მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, გეგეჭკორი, შულაია (ჩიმაკაძე, 56), ფონიავა (ჟღამაია, 79), ციცხვაია (მარგველაშვილი, 72), ბოლქვაძე, წყაროზია.
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გოლი: 1:0 ჟვანია (71, პენალტით).
გაფრთხილება: ფონიავა (34), გეგეჭკორი (47), წყაროზია (58), ლომაშვილი (70), ჭეიშვილი (78).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (თბილისი)
გიორგი წურწუმია ლანჩხუთიდან