ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გურულები მოგების შემთხვევაში ექვსეულში მოხვედრას პრაქტიკულად ინაღდებდნენ. რაც შეეხება ,,ზესტაფონს’’, ექვსეულში დასამკვიდრებლად გამარჯვება მათაც ჰაერივით სჭირდებოდათ.
მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. ჭანკოტაძე მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთმა კარის მარჯვენა ძელს ახლოს ჩაუქროლა. სამი წუთის შემდეგ ისევ ჭანკოტაძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა მიზანი ვერც ამჯერად გაისწორა.
პირველი სახიფათო მომენტი გურულებმა მე-7 წუთზე შექმნეს. ზესტაფონელთა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო ჩიკვილაძემ შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ,,ცოცხალმა კედელმა’’ აისხლიტა. ლანჩხუთელები თვლიდნენ, რომ ბურთი ერთ-ერთ ზესტაფონელს ხელზე შეეხო და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა ხარიტონაშვილმა სხვაგვარად განსაჯა. მან თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც გურული ფეხბურთელები გაანაწყენა.
მე-17 წუთზე ზესტაფონლებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მიეცათ. შარიქაძემ მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შეჭრილ ჭანტურიშვილისკენ ზუსტი გადაცემა განახორციელა. ჭანტურიშვილი თანაგუნდელის პასს ადგილზე დაუხვდა და მეკარის ბაქნიდან ბურთი ლანჩხუთელთა კარისკენ გადაგზავნა. ბობღიაშვილი მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა. მან მომხვდურს ახლო კუთხე დაუფარა და საკმაოდ ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია.
თითქმის მაშინვე გურულთა საპასუხო შეტევისას კოშკაძე რამდენიმე მეტოქეს შორის გაძვრა და საჯარიმოს წინა ხაზთან მისი შეჩერება კაჭკაჭიშვილმა მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. საჯარიმო თავად გურულთა კაპიტანმა შეასრულა, მაგრამ კვასხვაძეც უნაკლოდ გაისარჯა, მან სწორი პოზიცია შეარჩია და ხიფათი განმუხტა.
25-ე წუთზე ზესტაფონლებს შეეძლოთ ანგარიში გაეხსნათ. ,,მასპინძლები’’ ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთებისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა ჭანკოტაძემ და ზუსტი გადაცემით ადამია მეკარეს პირისპირ შეატოვა. სტუმართა ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან რატომღაც ჭანტურიშვილისკენ პასის გაკეთება ამჯობინა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ლანჩხუთელთა კარის ბადეში მოათავსა... თუმცა ასისტენტ ფიფიას უკვე თამაშგარე დაეფიქსირებინა.
სამ წუთში ზესტაფონლებმა მაინც გაიტანეს. ამ დღეს ყველასგან გამორჩეული ჭანკოტაძე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეიჭრა. მისთვის ხელის შეშლას ჯიშკარიანი ვარდნაში ცდილობდა, რის შედეგადაც ბურთი ხელზე გამოედო. არბიტრმა უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტის შესრულება ადამიამ ითავა და ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ გურულები აირივნენ და თითქმის მაშინვე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ბობღიაშვილმა მეტოქის შეტევის ჩაშლა განიზრახა. მან საჯარიმო მოედნის ფარგლები დასტოვა და ბურთის დაუფლებას მოედნის ცენტრში შეეცადა. ბურთი ჭანტურიშვილს მიუვიდა, რომელმაც შორეული დარტყმით ცარიელი კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა.
44-ე წუთზე გურულებს შეეძლოთ ანგარიში გაექვითათ, როცა შალამბერიძე მარჯვენა ფრთიდან ჩუენსუს გამჭოლ გადაცემას მეკარის ბაქნიდან გამოეხმაურა, თუმცა ლანჩხუთელთა ნახევარმცველმა ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა. პირველი ტაიმისა და საერთოდ მატჩის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდიც შალამბერიძეს უკავშირდება. ტაიმის უკანასკნელი წუთი იწურებოდა, როცა ზესტაფონლები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. ,,მასპინძლებმა” სტანდარტული სწრაფად გაითამაშეს და შალამბერიძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, რომელიც ერთ-ერთ მცველთან ბურთისთვის ბრძოლაში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. ლანჩხუთლები პენალტს ითხოვდნენ. არბიტრმა თამაში არ გააჩერა, რითაც გურულთა საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივრები განარისხა. ამასობაში ხარიტონაშვილმა პირველი ტაიმის დამთავრების ნიშანი მისცა, რამაც გურულთა ქომაგები წყობილებიდან საბოლოოდ გამოიყვანა. თემიდის მსახურებს მოედნის დატოვება და შესვენებაზე გასვლა გინების კორიანტელსა და ბოთლების წვიმის ქვეშ მოუხდათ.
გულშემატკივრებს შორის ვნებათა ღელვა შესვენების დროსაც გაგრძელდა, ამიტომ მეორე ტაიმის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა. შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა სახიფათო მომენტებით ერთობ მწირი აღმოჩნდა.
50-ე წუთზე ისიანის გადაცემის შემდეგ შალამბერიძე მარცხენა ფრთაზე თავის ვიზავის დაუსხლტდა და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. კვასხვაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და სიტუაცია განმუხტა. 65-ე წუთზე სტუმართა საპასუხო შეტევისას გურულმა მარჯვენა ფრთაზე გაილაღა. მან რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუქცია და გამიზნული გადაცემით ჭანკოტაძე საგოლე პოზიციაში გაიყვანა. მართალია ჭანკოტაძეს დარტყმა არ დაუხანებია, მაგრამ ბობღიაშვილიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა. ხუთ წუთში მოედანზე შეცვლაზე შესულ ლომიასაც მართებდა თავის გამოჩენა, მაგრამ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მისი თავური დარტყმა ოდნავ გადასცდა ხარიხას.
ამის შემდეგ გურულთა უპირატესობა გამოიკვეთა. 75-ე წუთზე კოშკაძე თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. კვასხვაძე ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
... და მაინც შეხვედრის ბოლოს მასპინძლებს შეეძლოთ ქულა გადაერჩინათ. 88-ე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ მოედანზე სულ რამდენიმე წუთის შესული მახარაძე ურტყამდა თავით, მაგრამ ბურთმა ხარიხას ზევიდან გადაუფრინა.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა. გურულთა ქომაგების რისხვა ამჯერად თავს ,,ზესტაფონის’’ სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დაატყდათ. მათაც გულშემატკივრებს ,,ხურდა’’ დაუბრუნეს, რამაც ისინი მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანა და მოედანზე ბოთლების ცვენა განმეორდა.
არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედნიდან მსაჯებისა და ზესტაფონელთა გუნდის ხელმძღვანელობის გაყვანა მხოლოდ პოლიციის საშუალებით მოხერხდა.
თამაშის დასრულების შემდეგ ,,გურიას’’ კლუბის ადმინისტრაციას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება ჰქონდათ დაგეგმილი. გურულთა გულშემატკივრების და სხვადასხვა სპორტული გამოცემების გამოკითხვის შედეგად ქომაგთა რჩეულნი გახდნენ: კობა შალამბერიძე, ალექსანდრე კოშკაძე და მინდია ბობღიაშვილი, ხოლო მანდილოსნებმა თავიანთი არჩევანი თენგიზ ჩიკვილაძეზე შეაჩერეს. ზემოთ ნახსენები მოვლენებისა და დაძაბული სიტუაციის გამო საზეიმო დაჯილდოება აღარ მოხერხდა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა.
რომან პოკორა (,,გურია’’): ,,იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით კიდევ გასაკვირია, რომ მე-3 ადგილზე ვართ. რაც საქართველოში ვარ ასეთი მსაჯობა სულ ორჯერ ვნახე და ორივეჯერ ,,ზესტაფონის’’ წინააღმდეგ. ეხლა ბიჭები შვებულებაში მიდიან და ზუსტად არ ვიცი ვინ დაგვიბრუნდება და ჩვენთან ასპარეზობას ვინ გააგრძელებს.’’
გურამ ასპინძელაშვილი (,,ზესტაფონი”): ,,ძალიან ძნელი თამაში გვქონდა. ,,გურია” საშინაო მატჩებს განსაკუთრებით კარგად ატარებს. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 1:0 მყარი ანგარიში არ არის და მის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.’’
,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) 0:1 (0:1)
18 დეკემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 14:00 სთ. 500 მაყურებელი.
,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, ჩაგელიშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ძამსაშვილი (გაჩეჩილაძე 48), ჯოჯუა (მახარაძე 86), კოშკაძე (კ), შენგელია, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე 64);
მთ. მწვრთნელი: რომან პოკორა;
,,ზესტაფონი ”: რ. კვასხვაძე (კ), თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ფერეირა, გაგოშიძე, აჯურუ, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ს. გურული (ენდელაძე 86), ჭანკოტაძე (სარდალიშვილი 66), ადამია (ს. ლომია 54);
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე;
გოლი: 0:1 ადამია (28, პენ);
გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (18), ისიანი (21), ჯიშკარიანი (27), ჭანკოტაძე (45), ჭანტურიშვილი (52), ს. ლომია (65);
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი;
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)
19 დეკემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 2:2
მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი)
19 დეკემბერი. სამტრედია. ცენტრალური. 14:00
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 2:4
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)
19 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:4
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი)
19 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:3
1 | დინამო | 17 | 12 | 3 | 2 | 40:13 | 39 |
2 | ჩიხურა | 17 | 10 | 4 | 3 | 34:21 | 34 |
3 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
4 | დილა | 17 | 7 | 6 | 4 | 23:15 | 27 |
5 | სიონი | 17 | 7 | 5 | 5 | 21:18 | 26 |
6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
8 | ტორპედო | 17 | 6 | 4 | 7 | 19:19 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 17 | 6 | 4 | 7 | 20:23 | 22 |
10 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
11 | სპარტაკი | 16 | 4 | 1 | 11 | 13:24 | 13 |
12 | მერანი | 17 | 4 | 1 | 12 | 14:34 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)