ლანჩხუთის "გურიას" ჯერაც არ დაუწყია მზადება. დავით მახარაძის გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი წავიდა და მათ შესახებ "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა: კობა შალამბერიძე, ალექსანდრე კოშკაძე და ნიკა ჯიშკარიანი გორის "დილაში", ვლადიმერ ჯოჯუა და ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანში".
სავარაუდო ახალწვეულებზე დავწერთ, თუმცა მანმადე ვთქვათ დაფინანსების საკითხზე. როგორც იცით, დავალიანება 15 იანვარს უნდა გასტუმრებულიყო, თუმცა გადაიდო. "გურიას" მწვრთნელმა დავით მახარაძემ "მსოფლიო სპორტთან" საუბარში თქვა, რომ ვალის გასტუმრებას დღე-დღეზე ელიან და ამის შემდეგ შეიკრიბება გუნდი. სავარაუდოდ, მზადება 22 იანვარს დაიწყება.
მახარაძემ სავარაუდო ახალწვეულებზეც გვითხრა. მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, კონტრაქტი კი, ბუნებრივია, ჯერ არაა გაფორმებული. ესენი არიან: გიგა კვერენჩხილაძე ბათუმის "დინამოდან", გიორგი რეხვიაშვილი "სასკოდან", ლევან წურწუმია "ზუგდიდიდან", ნუგზარ კვირტია (საკმაო ხანს აზერბაიჯანულ გუნდებში იყო) და შოთა ჯიქია (სომხეთში იყო ჯერ "ულისესში", ბოლოს "განძასარში").
შეხსენებისთვის, კვერენჩხილაძე "გურიას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მისი დიდი დამსახურებაა, რომ გუნდი პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავიდა – ეს 2012/2013 წლების სეზონში.