ფეხბურთი

20:58 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"გურიას" ამბები: ბობღიაშვილმა ქომაგები და გუნდური ატმოსფერო გამოარჩია

სეზონის წინ, ლანჩხუთის "გურიას" ბევრნი ღრმა აუტსაიდერობობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სხვაგვარად ხდება: გუნდი მართლაც აუტსაიდერია გასვლით მატჩებში, თუმცა შინ 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 9 შესაძლებლიდან 9 ქულა. თანაც, ლანჩხუთელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში ატარებენ.

რას უნდა ველოდოთ "გურიასგან", როგორია ახლანდელი მდგომარეობა კლუბში – ამის შესახებ, "მსოფლიო სპორტი" გუნდის გამოცდილ მეკარე მინდია ბობღიაშვილს ესაუბრა:

- გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. რა სიახლე შემოიტანა უკრაინელმა რომან პოკორამ?

- ვარჯიშები დიდად არა, მაგრამ ოდნავ განსხვავებულია. პოკორამ იცის, რომ "გურია" სეზონის წინ თითქმის არ მომზადებულა, ამიტომაც, ზედმეტ დატვირთვებს არ იძლევა.

- მანამდე დავით მახარაძე გწვრთნიდათ, რომელმაც კლუბში არსებული მდგომარეობის კვალობაზე, მშვენიერი შედეგი აჩვენა.

- მართლაც ნაყოფიერად იმუშავა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ 3 მატჩი მოვიგეთ. მახარაძე ახლა პოკორას თანაშემწეა, ერთად მუშაობენ. განსაკუთრებით კი, გულშემატკივართა სასწაულ მხარდაჭერას აღვნიშნავდი. სხვა რომ არაფერი, მარტო მათი გულისთვის უნდა ითამაშო.

- “გურია” ლანჩხუთში როდის ითამაშებს? რას ამბობენ ამ საკითხზე?

- მინდორი კარგია, მაგრამ უსაფრთხოების ზომებია დასაცავი და ტრიბუნები მოსაწესრიგებელი. როგორც ამბობენ, ნოემბრიდან ლანჩხუთში ვითამაშებთ, მანამდე კი ნომინალურ მასპინძლებად ვითვლებით. წარმომიდგენია, ქომაგებისგან ლანჩხუთში როგორი მხარდაჭერა გვექნება.

- ფინანსური სიტუაცია სტაბილური გახდა?

- დავალიანება კიდევ არის, მაგრამ მჯერა, რომ გაგვისტუმრებენ. ხელმძღვანელობა მონდომებული მუშაობს.

- "დინამოსთან" მოგებაზე (2:1) ცალკე ვთქვათ. რის ხარჯზე მოახერხეთ?

- სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირდა, ისე კარგად ვთამაშობდით. მატჩის შემხედვარე ვერავინ იტყვის, რომ შემთხვევით გავიმარჯვეთ. მეგობრული გუნდი ვართ, ელემენტარული კონფლიქტი არ გვქონია. მეგობრული ატმოსფერო ბევრს ნიშნავს.

- მსაჯობაზე, "გურიას" სხვა მატჩების შემდეგაც ჰქონდა პრეტენზია...

- ვერ ვიტყვი, რომ განგებ აკეთებენ. ჩემი აზრით, მოუმზადებლობის გამო უშვებენ შეცდომებს. ჩემი თქმა რად უნდა, რომ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ჩემპიონატში და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ გავუმჯობესდეთ: მსაჯებმა, ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა. მე სულაც არ მწყინს, როცა კრიტიკას ვკითხულობ ჩემი მისამართით. პირიქით, ეს სასიამოვნოა, შეცდომებს უფრო ვაანალიზებ, მაგრამ ზოგჯერ ყოფილა, აბსურდული რამ მომისმენია, ან წამიკითხავს.  

- გასაგებია. მთლიანად მიმდინარე სეზონის დონეზე რას იტყვით? რა შეიცვალა წინა სეზონთან შედარებით?

- დადებითი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ გუნდების დონე გათანაბრებულია. ჩვენთვის ჯერ არავის უჯობნია თამაშით, წაგებულ მატჩებშიც კი ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. "დინამო" რომ "დინამოა", ვერ ვიტყვი, რომ სხვა გუნდებს ორი თავით სჯობს. ისე, "ტორპედო" მომეწონა, ახალგაზრდა ბიჭებისგან, ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი.


0.11675