ლანჩხუთის “გურიამ” წლეულს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ხელვაჩაურის “მაჭახელას” 1:0 სძლია. შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, “ჩელე არენაზე”. ცნობისთვის, “მაჭახელა” პირველი ლიგის A ზონაში მესამე ადგილზეა.
მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გავიდა - გასინჯვაზე მყოფმა ცენტრალურმა მცველმა ბექა ბელექანიამ სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანა. ბელექანია პირველ ეტაპზე ვანის “სულორში” თამაშობდა.
“გურიას” შემადგენლობა პირველ ტაიმში: გოგუაძე, ჩუენსუ, ნიკა კილაძე, ბერიანიძე, ვალტერ ხორგუაშვილი, ბენჟამინი, ჭეიშვილი, გაგნიძე, კუკულაძე, კვერენჩხილაძე, პავლე ხორგუაშვილი.
მეორე ტაიმში: ბობღიაშვილი, ინგოროყვა, ვანო კილაძე, ბელექანია, ძამსაშვილი, გაჩეჩილაძე, შენგელია, ნარიაშვილი, ჟღენტი, ისიანი, ბაატაშვილი.
როგორც “გურიას” მწვრთნელმა დავით მახარაძემ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, ხვალ მორიგი ამხანაგური მატჩი ელით, 12:00 საათზე ბათუმში “ადელს” შეხვდებიან. რაც შეეხება “გურიას” დღევანდელ მდგომარეობას:
მახარაძე: - რასაც ველოდი, იმაზე უკეთესად ითამაშა გუნდმა. რაც უნდა იყოს, პირველი მატჩი ჩავატარეთ. სულ 5-6 დღეა, რაც ვვარჯიშობთ.
... ურეკში ვვარჯიშობთ და 11 თებერვლამდე უეჭველად აქ დავრჩებით. სურვილი მაქვს, შემდგომშიც ურეკში გავაგრძელოთ მზადება, რადგან ნორმალური პირობებია. უმაღლესი ლიგის გუნდების დიდი ნაწილი უცხოეთშია, ან მალე გაემგზავრება. ამიტომაც, პირველლიგელებთან თუ ჩავატარებთ სპარინგ-მატჩებს.
... შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი მოვიწვიოთ. გაძლიერება გვჭირდება. კონკრეტულად რგოლებს არ დავყოფ, მაგრამ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, მხოლოდ 5 მცველი გვყავს. არადა, კონკურენციისთვის 8 მცველია საჭირო”.